ავტორი:

ასიათასობით ულტრა ორთოდოქსი იუდეველი იერუსალიმის ქუჩებში ორთოდოქსი მამაკაცების არმიაში გაწვევის წინააღმდეგ გამოვიდა: დემონსტრაციას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია

ასიათასობით ულტრა ორთოდოქსი იუდეველი იერუსალიმის ქუჩებში ორთოდოქსი მამაკაცების არმიაში გაწვევის წინააღმდეგ გამოვიდა: დემონსტრაციას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია

ხუთშაბათს იერუსალიმში მასშტაბურ ლოცვა-პროტესტზე ასიათასობით ულტრა ორთოდოქს იუდეველი შეიკრიბა, პროტესტის დროს, რომელიც ორთოდოქსი მამაკაცების ისრაელის თავდაცვის ძალებში (ცახალში) გაწვევის წინააღმდეგ იყო მიმართული, დემონსტრანტებმა ქალაქის მთავარი შესასვლელები გადაკეტეს.

დემონსტრაციისას დაიღუპა 15 წლის მოზარდი, რომელიც სხვა დემონსტრანტებთან ერთად დაუმთავრებელ შენობაზე ავიდა, სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

ორგანიზატორებმა აქციის დასრულებისას მონაწილეებს მოუწოდეს მშვიდობიანად დაშლილიყვნენ, თუმცა ასობით ახალგაზრდა ულტრა ორთოდოქსი პოლიციას მაინც დაუპირისპირდა.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასობრივი პროტესტი მხარი იმ ულტრაორთოდოქსულმა პარტიებმა დაუჭირეს, რომლებიც ქნესეთში არიან წარმოდგენილნი.

ისრაელში 18 წელს მიღწეული ახალგაზრდებისთვის სამხედრო სამსახური სავალდებულოა, მაგრამ ორთოდოქსები ყოველთვის თავისუფლდებოდნენ ამ ვალდებულებისგან და ეს საკითხი დიდი ხანია მწვავე დავის საგანია ქვეყნის სეკულარული და რელიგიურ მსოფლმხედველობის მქონე პოლიტიკოსებს შორის.

გასული წლის ივნისში ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ იეშივას (ულტრაორთოდოქსული სასწავლებლების) სტუდენტები სამხედრო სამსახურში სხვების მსგავსად უნდა იქნენ გაწვეულნი და მთავრობას შესაბამისი კანონპროექტის მომზადება დაავალა.

ამ დრომდე კანონპროექტი ქნესეთში განხილვის ეტაპამდეც კი არ მისულა. თუმცა ცოტა ხნის წინ პარლამენტში შევიდა ახალი წინადადება - სანქციები დაწესდეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც სამხედრო სამსახურს თავს არიდებენ და სწორედ ეს გახდა მიმდინარე მასობრივი პროტესტების მიზეზი.

ისრაელის ჟურნალისტთა კავშირმა განაცხადა, რომ ადგილზე მყოფი რეპორტიორები და ოპერატორები დღის განმავლობაში არაერთხელ გახდნენ აგრესიის მსხვერპლი, თვითმხილველების თქმით, დემონსტრანტები შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეძახდნენ ქალებსაც, რომელთა ჩაცმულობას მათ შეხედულებებთან შეუთავსებლად მიიჩნევდნენ.

მომხდარით აღშფოთება გამოხატეს მძევალთა და გაუჩინარებულთა ოჯახის წევრებმაც. მათი თქმით, ულტრა ორთოდოქსები სულ უფრო ხშირად იყენებენ მძევლების გათავისუფლების კამპანიის სიმბოლიკას თავისი მოთხოვნების დემონსტრირების დროს. გარდა ამისა მოგვიანებით აქციებზე გაჩნდა პლაკატები წარწერებით “რუსეთი აქ არის“ და “სტალინი აქ არის“, რაც დემონსტრანტების ჩანაფიქრით “ტოტალიტარული რეჟიმების მსგავს იძულების მეთოდებს უსვამდა ხაზს“

მასობრივ პროტესტი გააკრიტიკეს როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

"როგორც ადრე იყო, ასე აღარ იქნება - ყველა იმსახურებს, ყველა იმუშავებს, ყველა მივა გაწვევის პუნქტში და ყველა დაიცავს ქვეყანას" - განაცხადა პარტია “ეშ-ატიდის“ ლიდერმა იაირ ლაპიდმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ეს მისთვის მტკივნეული მომენტია, თავად ის სეკულარული ადამიანია, თუმცა მისი მმართველი კოალიცია იმ რელიგიურ პარტიებთან ალიანსზე არის დამოკიდებული, რომლებიც ორთოდოქსთა სავალდებულო გაწვევას ეწინააღმდეგებიან.

ჯერ უცნობია, რა შედეგები მოჰყვება იერუსალიმის მასობრივ პროტესტს მთავრობის შიგნით, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში პარტნიორები ნეთანიაჰუს არაერთხელ დაემუქრნენ კოალიციის დაშლით მსგავს საკითხებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში.

  • “ჰასმონეელთა ბრიგადა“

პროტესტების ფონზე გავრცელდა ისრაელის არმიის ხელმძღვანელობის განცხადება რომელშიც ნათქვამია რომ “ ორთოდოქსთა ინტეგრაციისთვის ჩატარდა "მასშტაბური მომზადება“ და ცახალის ისტორიაში პირველად შეიქმნა სრულიად რელიგიური სამხედრო დანაყოფი - “ჰასმონეელთა ბრიგადა“.

წლის დასაწყისისთვის აღნიშნულ ბრიგადაში დაახლოებით 150 ჯარისკაცი მსახურობდა. მოცემული სამხედრო დანაყოფი განსაკუთრებული წესებით გამოირჩევა. დანაყოფის წევრებს უფლება აქვთ შაბათობით, თუ ისინი მორიგეობაზე არ არიან, სამხედრო ფორმის ნაცვლად ტრადიციული შაბათის ტანსაცმელი ატარონ. მათთვის ლოცვისთვის დიდი დრო არის გამოყოფილი, ასევე სავალდებულოა ყოველდღიურად თორის ერთსაათიანი შესწავლა.

“ჰასმონეელთა ბრიგადის“ ჯარისკაცებს შეუძლიათ მხოლოდ სპეციალური შეზღუდული ფუნქციების მქონე ტელეფონების გამოყენება, სადაც არ არის სოციალური ქსელები და აპლიკაციების უმეტესობა.

ცახალის წარმომადგენელთა თქმით, “ჰასმონეელთა ბრიგადის“ რეჟიმში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ორთოდოქსთა მოთხოვნები და ეს პასუხია ულტრა ორთოდოქსების იმ განცხადებებზე, რომლის თანახმად არმიაში სამსახურ მათ რელიგიურ ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება.