უწყვეტი პროტესტი კვლავ გრძელდება. მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 20:00 საათიდან იკრიბებიან, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირის გადაკეტვა მოახერხეს - მათ მიერ რუსთაველის გამზირის რამდენიმე წუთით გადაკეტვის შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

პოლიციამ მას შემდეგ, რაც მოქალაქეებს მოუწოდა, გადასულიყვნენ გზის სავალი ნაწილიდან, მომიტინგეები ტროტუარზე გადაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ პროტესტის პარალელურად, პარლამენტთან, სადაც კარვებია გაშლილი, ამ დროისთვის ხუთი პირი, მათ შორის ოპოზიციონერი გედევან ფოფხაძე შიმშილობს.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.
არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე პოლიციამ გზის გადაკეტვის გამო რამდენიმე პირი დააკავა. გავრცელებული ცნობით, დაკავებულია ყოფილი დიპლომატი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენელი გიორგი წიქარიშვილი. წიქარიშვილის დაკავების კადრებს "პუბლიკა" ავრცელებს.
ასევე, ქაშვეთის მიმდებარედ დააკავეს აქციების კიდევ ერთი მონაწილე ზურაბ მენთეშაშვილი.