ავტორი:

"დედამ მამუკას გარდაცვალების შესახებ არ იცის... მამუკას საშინელი ამბავი რომ მოხდა, ამბობდა, სიზმარში ჯანსუღი მოდის და რატომ, ვერ გავიგეო" - თაკო ჩარკვიანი ძმის ცხოვრებასა და ბოლო დღეებზე

"დედამ მამუკას გარდაცვალების შესახებ არ იცის... მამუკას საშინელი ამბავი რომ მოხდა, ამბობდა, სიზმარში ჯანსუღი მოდის და რატომ, ვერ გავიგეო" - თაკო ჩარკვიანი ძმის ცხოვრებასა და ბოლო დღეებზე

ამდენი გულწრფელი ცრემლი და სიყვარული ადამიანებს იშვიათად გაჰყოლიათ. მამუკა ჩარკვიანს ეს ნამდვილად ერგო. ყველანაირი გემოვნების, ასაკის, წარმომავლობის ადამიანისთვის მისაღები აღმოჩნდა მისი შემოქმედება. თითოეული ადამიანის გულამდე მივიდა, საუკეთესო ნამუშევრები შექმნა და დატოვა... ალბათ ისიც იშვიათად ყოფილა, პოეტი მამის შემოქმედება ვინმეს ასე ლამაზად აემღერებინოს... მან ეს შეძლო...

როგორია მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ მისი დის - თაკო ჩარკვიანის ემოციები და როგორ იხსენებს საყვარელ ძმას, ამაზე მასთან AMBEBI.GE-მ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

- არც ვიცი, რა ვთქვა და ეს ყველაფერი როგორ ავხსნა... ურთულესი და უმძიმესია... მას მერე, რაც ჯანსუღი გარდაიცვალა, მე და ჩემი მეუღლე დედაჩემთან გადმოვედით, რადგან მძიმედ არის. ვინც უვლის, არაჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ მისი დატოვება მხოლოდ მომვლელისთვის არ შემიძლია... დედამ მამუკას გარდაცვალების შესახებ არ იცის... უმძიმესი პაციენტია - გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული, კიდევ საოპერაციოა, მაგრამ ასაკის გამო ვერ ვუკეთებთ. აქვს 100%-იანი სიბრმავე, ფეხზე ვერ დგება, მთლიანად მოწყვეტილია. პერიოდულად მეკითხება, როგორ არის მამუკა, რადგან ასე იცის, რომ სახლშია (პარკინსონის გამო ხშირად ვერ ელაპარაკებოდა ხოლმე და ამ შემთხვევაშიც ეს მოვიშველიეთ). ხომ იცი, რომ უჭირს და არ ვაწვალოთ-მეთქი. არა, ოღონდ კარგად იყოს, ნუ დამელაპარაკებაო... ერთი პერიოდი მეუბნებოდა, - თუ კარგადაა, ასე დიდხანს რეანიმაციაში რატომ გყავსო?!

იმ პერიოდში როდესაც მამუკას საშინელი ამბავი მოხდა, ამბობდა, ალბათ ამ ქვეყნიდან მივდივარ, რადგან სამი დღეა, სიზმარში ჯანსუღი მოდის და საწოლთან ზის. რატომ მოდის, ვერ გავიგე?! თავზე ხელს მისვამს და მეფერებაო... მე მჯერა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დიდი და უზარმაზარი კოსმიური ძალა არსებობს და ეს ყველაფერი ამის დამსახურებაა... მოკლედ, მე და დედა ერთად ვართ... ამ სახლიდან ჩანს მამუკას სახლი და მისი აივანიც, რომლის დანახვაც ადვილი არ არის...

"მამუკა ჩემია"

- მისი უახლოესი ძმაკაცი, კლასელი და თანაეზოელი თემურ გაფრინდაშვილი, რომელმაც ბოლომდე ძმობა გაუწია, დამეთანხმება, რომ ბავშვობაში ჩემი პირველი წინადადება იყო - „მამუკა ჩემია“. ამას რომ ვამბობდი, მისი მეგობრები ეზოდან მაბრაზებდნენ და მეუბნებოდნენ, - „არა, ჩემია“. დედისგან ვიცი, სანამ არ აგატირებდნენ, არ ჩერდებოდნენო.

უფროსი იყო მამუკა. ბავშვობაში უფროსი ძმა, ჩემთვის განსაკუთრებული რამ იყო და ასეთივე დამოკიდებულება მქონდა. როცა უკვე წამოვიზარდე, საერთო სამეგობროც გვყავდა. ჩემს დაბადების დღეზე მამუკა თავისი მეგობრებით მოდიოდა და მის დაბადების დღეზე - პირიქითაც ხდებოდა. ჩვენი დამეგობრება და დაძმაკაცება IX-X კლასში რომ ვიყავი, მაშინ მოხდა, მანამდე უფროსი ძმა იყო.

"ისე მოხდა, რომ მასზე ზრუნვა მერე მე უფრო მომიწია"

- ვეხუმრებოდი ხოლმე, - ლამის შვილივით მყავხარ, ვერ გავიგე უფროსი მე ვარ, თუ შენ-თქო. მაგრამ ჩვენი ცხოვრება და მისი წუთისოფელი ისე აეწყო, მე მომიწია მასზე მეტი ზრუნვამ... უთბილესი ადამიანი და ძმა იყო. უზომოდ მიჭირს და მიმძიმს მის გარეშე ყოფნა. საოცარი ურთიერთობა გვქონდა. გაფიქრებული არ მქონდა, უკვე იცოდა, რა უნდა მეთქვა და პირიქით, რომ შემომხედავდა, ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა.

პატარაობაში მის ოთახში მიყვარდა შესვლა და ეს ჩემთვის ბედნიერება იყო. ერთი პატარა უჯრა ჰქონდა, სადაც სურნელოვანი საშლელები ეწყო. ერთადერთი ადამიანი, ვისთვისაც იმ უჯრის გახსნა დაშვებული იყო, მე ვიყავი. მეც, რა თქმა უნდა, ხელუხლებლად ვტოვებდი ყველაფერს.

მამუკა მესამე კურსზე იქნებოდა, რომ მოსკოვში ჩამოსულმა ბერძენმა ვირტუოზმა გიტარისტმა, მისი დაკრული დათო ევგენიძის დაბადების დღეზე ნახა, გაიცნო, მოუსმინა, გაგიჟდა და ოქროს მედიატორი აჩუქა. მოკლედ, ის ოქროს მედიატორიც იმ უჯრაში ინახებოდა...

მამუკას გიტარას რაღაც თავისებური წყობა ჰქონდა და ამ ინსტრუმენტს საოცრად ფლობდა. სულ თავისით ჰქონდა ნასწავლი, მუსიკა პედაგოგთან არასდროს უსწავლია. როგორც ვიცი, დედამ მუსიკაზე რომ მიიყვანა, არ გაჩერდა, ფეხბურთი იზიდავდა. არაჩვეულებრივი სმენა და აბსოლუტური ყური ჰქონდა. ფორტეპიანოზეც უკრავდა.

"ამბობენ, გვიან გამოჩნდა სცენაზეო"

- როცა გამოჩნდა ეს ჩემი და მერაბ სეფაშვილის დამსახურებაა, განსაკუთრებით კი - მერაბის. "მწვანე რტოების" პირველ ხმას სახლში მე მამღერებდა ხოლმე. ჯანსუღის საღამო უნდა ყოფილიყო ოპერაში და მერაბს ჩუმად ვუთხარი, ამ სიმღერას შენ მოგცემს და მამუკაც ამღერე-მეთქი. სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, წავიდა და თავისი კუპლეტები სტუდიაში ნამღერი დაახვედრა, უშენოდ ამას არ ვიმღერებო. მოკლედ, იძულებული გახდა და დიდი სცენაზე ასე ავიდა.

პროფესიონალურ სცენაზე საერთოდ რატომ არ ადიოდა, ამას თავის მიზეზი ჰქონდა. ჩვენთან, მამას სამეგობროდან, ისეთი მომღერლები და მაღალი კლასის მუსიკოსები იკრიბებოდნენ, რომ ეგ სცენა სახლში ჰქონდა. ამ პროფესიონალებში ვგულისხმობ - ბიძინა კვერნაძეს, ჯანსუღ კახიძეს, ზაურ ბოლქვაძეს, მიშიკო შენგელიას, ჯემალ ჭკუასელს, ანზორ ერქომაიშვილს... მათ ფონზე სცენაზე გასვლის სურვილი არ ჰქონია. მე კი სულ მქონდა ხინჯი, მინდოდა, საჯაროდ ემღერა. ოპერაში ის გამოსვლა კი წარმატებული აღმოჩნდა.

მამა-შვილის საოცარი ტანდემი

- კი, ხაზგასასმელია მამა-შვილის საოცარი ტანდემი. ყველა სიმღერა ჰიტია და ყველა ჯანსუღის ლექსზეა დაწერილი. ერთია მხოლოდ დედაჩემის ლექსზე - "სულ ყველაზე ლამაზი". დანარჩენი "ჩამოთოვა,“ „მაღლა და მაღლა,“ „მაგრად დაჰკარი“ და რომელი ერთი დავასახელო... ერთხელ ბიძინა კვერნაძემ მხოლოდ კი არ უთხრა, ინტერვიუშიც თქვა, - ეს ბიჭი გენიოსია... მამუკას თავისი ხელწერა ჰქონდა. „ჩამოთოვა“ ჯანსუღის 1969 წელს დაწერილი ლექსია, რომელზეც 15 წლის მამუკამ სიმღერა შექმნა. იმ ასაკის ბიჭისთვის ასეთი ჰარმონია და დრამატურგია მართლა გასაოცარია. „გაზაფხულია, თეა“ - ეს 16 წლისამ დაწერა. „თავისუფლება ლომთა ხვედრია“, - ამას სხვა ისტორია აქვს. ეს სტრიქონები პოემაში „ჯაჭვის თორანი“ არის შესული, რომელიც 1971 წელსაა მამას მიერ დაწერილი. აფხაზეთი რომ დავკარგეთ, ამის ემოციას მოჰყვა, მაშინ ამოხეთქა და ეს სიმღერა მაშინ შექმნა...

"მეკითხებიან, როდის შემოვიდა მის ცხოვრებაში ალკოჰოლიო"...

- საერთოდ, ემოციური, შემოქმედებითი ადამიანები ცნობილია, რომ ალკოჰოლის მიმართ გულგრილები არ არიან, მაგრამ მართლა არ ვიცი, როდის შემოვიდა მამუკას ცხოვრებაში ალკოჰოლი. მთელმა მისმა სტუდენტობამ ისე გაიარა, ალკოჰოლი ნამდვილად არ ყოფილა. მზექალა შანიძის საყვარელი სტუდენტი იყო. არადა, მოგეხსენებათ, ქალბატონი მზექალა როგორი მკაცრი ლექტორი გახლდათ. მამუკას საპატიო უნივერსიტეტელის წოდება რომ მიანიჭეს ქალბატონი მზექალაც მოიწვიეს... სტუდენტობის შემდეგ უკვე სუფრასა და სუფრას შორის ტრიალებდა და ასე დაუახლოვდა, მაგრამ არ არსებობდა, სცენაზე ნასვამი გასულიყო, ეს გამორიცხული იყო...

"ამ საშინელ ამბავს გადავრჩებოდით, რომ არა ის ოპერაცია"

- 14 წლის წინ, ერთ-ერთ კლინიკაში საოპერაციოდ თავის ფეხით მივიდა. ფეხი კი აწუხებდა, მაგრამ ვიზუალურად არ ეტყობოდა. ექიმმა უთხრა, სახსარს ჩაგიკეტავო. ოპერაცია, კარგმა ქირურგმა კარგად გაუკეთა, მაგრამ ძვალში ბაუმანის ბაქტერია შეიტანეს, რამაც ოსტეომიელიტი გამოიწვა და კიდევ უამრავი რამ. 14 წლის განმავლობაში წამება გამოწერილი ჰქონდა. 4 პატარა და 4 დიდი ოპერაცია გაკეთდა, მაგრამ უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, მაგ პერიოდშიც ბევრი სიმღერა შექმნა...

"შინაგანად ზრდილი კაცი იყო"

- ჩემს პირად საკითხებში არასდროს ერეოდა, არ შეგაწუხებდა. მახსოვს, 22 წლის ვიყავი, ერთხელ მოვიდა, შუბლზე მაკოცა და მითხრა, - ხომ მაგრად ხარ? კი, მაგრად ვარ-მეთქი. ე, ხო იცი, ტო, მე რომ აქა ვარ. ეს იყო მისი ერთგვარი გადამოწმება, რამე ხომ არ გამორჩა... მერე ჩემი მომავალი მეუღლე რომ გავიცანი, რამდენჯერმე მკითხა, - რა ხდებოდა წყნეთში? აი, ვიღაცები გავიცანი-მეთქი, მეგობართან ერთად ვიყავი. მერე ეტყობა, კიდევ ვახსენე, - იცი, ის ბიჭი ცხენზე ისე ლამაზად იჯდა და იპოდრომზეც ვიყავით-თქო. ჰოო, ძალიან ლამაზად? კი, ძალიან ლამაზად, - ვუპასუხე. 3-4 დღეში მითხრა, - ეგ ბიჭი ცხენზე ლამაზად რომ იჯდა, იცი, კარგი ბიჭია და გაიარა. რას გულისხმობ-მეთქი? რას უნდა ვგულისხმობდე, - ვაჟკაცი ბიჭია... ასე მოკლე ფრაზებით, იტყოდა ხოლმე სათქმელს, სულში არ ჩაგიძვრებოდა. საერთოდ მასთან ურთიერთობა ფაქიზად ხდებოდა.

"ჩემი აღარა ხარ მორჩა"...

- მამუკა ცუდ ხასიათზე იყო, ჯანსუღმა ლექსი დაწერა და წინ დაუდო. 80-იანი წლები იყო... ამ ლექსის წაკითხვისას მიხვდები, გეგონება, რომ პოეტმა მამამ მამუკას დარდი ამოიცნო და ის „დარდი“ წინ დაუდოო. იმავე საღამოს ჯანსუღის ლექსზე სიმღერა დაწერა... მერე იყო "მაღლა და მაღლა", "მაგრად დაჰკარი“... სულ მუშაობდა, მამუკა გიტარის გარეშე არც ყოფილა, ასეთი არ მახსოვს. იყო ასეთიც, სახლში შემოვიდოდა, თუ არა, პალტოსაც არ გაიხდიდა და მაშინვე ინსტრუმენტს მიუჯდებოდა. ალბათ იმ მომენტში რაღაც მელოდია აწვალებდა და ინსტრუმენტთან მისვლას აიძულებდა.

"ვიღაცები მეუბნებიან, ჯანსუღი მკაცრი იყოო"

- რა მკაცრი?! ჯანსუღის სიმკაცრე ვინ გაიგო?! ასე რომ ყოფილიყო, შვილებს ასეთი თავისუფლება კი არ გვექნებოდა?! ჯანსუღს მისი ამხელა ნიჭი რაღაც პრობლემისთვის ენანებოდა. მამუკას დალევას საშინლად განიცდიდა, მისთვის ეს ლახვარივით იყო...

ბოლო დღეები

- ერთი წლის წინ, თავის დაბადების დღეზე თქვა, 70 წლის ვერ გავხდებიო. რას ლაპარაკობ-მეთქი... (ისე მოხდა, 70 წელი რომ შეუსრულდა, იმ დღეს დაიკრძალა - ავტ.)... ერთხელ სასწრაფოს მანქანით ოფისში მომადგა და დაბადების დღე მომილოცა. ჯანმრთელობის მორიგი პრობლემის გამო სასწრაფო გამოიძახეს, წაიყვანეს, მოაგვარეს ის პრობლემა და რომ მოდიოდა, - ექიმებს სთხოვა, - აქ გამიჩერეთო. საკაცეზე იჯდა, ხელს მიქნევდა, - გეგონა, დაბადების დღეს არ მოგილოცავდი?! ასეთი ტიპი იყო.

იმის მერე ოთხჯერ მოხვდა საავადმყოფოში. ერთ-ერთი წაყვანისას ჟანგბადის ნიღაბი მოიძრო და მითხრა - უნდა გადამარჩინო?! - იუმორს არ კარგავდა. მისმა ერთ-ერთმა ექიმმა მომიყვა, - მდგომარეობიდან მორიგი გამოყვანის შემდეგ, - ბატონო მამუკა, როგორ ხართო, რომ ვკითხე, ჟანგბადის ნიღაბი მოიძრო და მიპასუხა, - მე კარგად, შენ?! ეს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მოხდა... არადა, თითქოს გამოძვრა, სახლში წამოყვანას ვაპირებდი, მაგრამ ვერაგმა დაავადებამ თავისი გაიტანა... მესამე პარტია ანტიბიტიკოთეარაპია ვეღარ გადაიტანა. თირკმელი და ფილტვი ერთმანეთს ებრძოდა... ასე წავიდა ჩვენი მამუკა და დაგვიტოვა უზომოდ დიდი ტკივილი...