ავტორი:

განაჩენი გამოიტანეს ხანძრის საქმეზე, რომელსაც 78 ადამიანი ემსხვერპლა - რა დაადგინა თურქეთის სასამართლომ

განაჩენი გამოიტანეს ხანძრის საქმეზე, რომელსაც 78 ადამიანი ემსხვერპლა - რა დაადგინა თურქეთის სასამართლომ

თურქეთის სასამართლომ სამთო-სათხილამურო კურორტის სასტუმროს მფლობელს და კიდევ 10 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ბოლუს პროვინციაში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე, 12-სართულიან სასტუმრო „გრანდ კარტალში“ ხანძარი 21 იანვარს, ზამთრის არდადეგების დროს გაჩნდა, რის შედეგადაც 78 ადამიანი დაიღუპა და 133 დაშავდა. დაღუპულთა შორის 34 ბავშვი იყო.

სასამართლომ სასტუმროს მფლობელი ჰალიტ ერგული, მისი მეუღლე, ორი ქალიშვილი, სასტუმროს მენეჯერები, მერის მოადგილე და სახანძრო სამსახურის უფროსის მოადგილე დამნაშავედ ცნო. ბრალდებულები დანაშაულს უარყოფენ და, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. დაღუპულთა ოჯახის წევრებმა კი განაჩენი დადებითად შეაფასეს.

ხანძარი 12-სართულიანი ხის სასტუმროს რესტორანში დილის სამ საათზე გაჩნდა. სასტუმროში ამ დროს 237 ადამიანი ცხოვრობდა, პანიკაში ჩავარდნილი ადამიანების ნაწილი ფანჯრებიდან გადმოხტომით ცდილობდა თავის შველას. შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა ათობით სახანძრო და 38 სასწრაფო დახმარების მანქანა. სასტუმრო მდებარეობს მთის ფერდობზე, რამაც გაართულა სამაშველო ოპერაციები. მეხანძრეებმა მხოლოდ 10 საათის შემდეგ შეძლეს ხანძრის ჩაქრობა.

არასაკმარისი უსაფრთხოების ზომების გამო, მათ შორის კვამლის გამწოვი სისტემის არარსებობის, გაუმართავი სიგნალიზაციის, პერსონალის არასაკმარისი მომზადებისა და სარწყავი სისტემების არარსებობის გამო, ხანძარი სწრაფად გავრცელდა. ხოლო საავარიო განათების, ნიშნებისა და ალტერნატიული გასასვლელების არარსებობამ ხელი შეუშალა სასტუმროს 238 სტუმრის უსაფრთხო ევაკუაციას.

სასტუმრო პირველად 1999 წელს გაიხსნა და 2007 წლიდან მას ერგულის კომპანია მართავს.

წყარო