ავტორი:

"მამა მკვლელობის შემდეგ არსად გაქცეულა, მოკლული მამას მეგობარი იყო... მამა მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე" - ინტერვიუ ბრალდებულის შვილთან

"მამა მკვლელობის შემდეგ არსად გაქცეულა, მოკლული მამას მეგობარი იყო... მამა მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე" - ინტერვიუ ბრალდებულის შვილთან

თელავის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 43 წლის ზურა ზურაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულს მეგობრის, თემურ (დემურ) ღვედაშვილის მკვლელობა და ყოფილი ცოლის ნათია კანდელაკიშვილის დაჭრაში ედება ბრალი. მკვლელობა 29 ოქტომბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში მოხდა. კაცმა ყოფილ ცოლსა და მის მეგობარ მამაკაცს სანადირო თოფიდან ესროლა. 47 წლის კაცი, თემურ (დემურ) ღვედაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ქალი, ნათია კანდელაკიშვილი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია მოთავსებული.

ცნობილია ისიც, რომ მოკლულს ამ ოჯახთან ნათელმირონობაც აკავშირებდათ. მოკლული ღვედაშვილი ციხიდან რამდენიმე დღის გამოსული იყო. არავინ მალავს იმასაც, რომ ბრალდებულის ყოფილ ცოლს და მოკლულს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ. ამის შესახებ იცოდა ოჯახის წევრებმაც. ამას გვიდასტურებს ბრალდებული მამაკაცის და დაჭრილი ქალის ქალიშვილი, ანა ზურაშვილი. მას ძალიან გაუჭირდა მომხდარზე საუბარი, თუმცა დეტალურად ისაუბრა, თუ რატომ მივიდა საქმე აქამდე. ის ამბობს, რომ მამის მხარესაა.

- ანა, ალბათ რთულია თქვენთვის ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ დღეს თქვენი მამა ციხეში ზის, დედა დაჭრილი კლინიკაში იმყოფება, მოკლულია კიდევ ერთი ადამიანი, გვიამბეთ საქმე აქამდე რატომ მივიდა?

- მე დღეს ვესწრებოდი სასამართლო პროცესს, სადაც განსასჯელის სკამზე მამაჩემი იჯდა. მან აღიარა დანაშაული და თქვა, რომ მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე. რადგან ითქვა, რომ მამა გაიქცა მკვლელობის შემდეგ, პირველ რიგში გეტყვით, რომ ამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამა არსად გაქცეულა, ის წავიდა სახლში, დაურეკა თავის ნაცნობ პოლიციელს, უთხრა, რომ კაცი ჰყავდა მოკლული და სახლში ელოდებოდა პოლიციის მისვლას, ჩაბარდა.

ანა ზურაშვილი მამასთან ერთად

- თქვენი მშობლები ოფიციალურად დაშორებულები იყვნენ? რატომ მივიდა საქმე განქორწინებამდე?

- ჩემი მშობლები 2023 წელს დაშორდნენ. ერთი ორი წელია, რაც დაშორებულები არიან. დაშორების ინიციატორი დედა იყო. მამა სთხოვდა დედას შერიგებას. ისინი ძალიან პატარები დაქორწინდნენ, ფაქტობრივად ერთად გაიზარდნენ, 25 წელი იყვნენ ცოლ-ქმარი. მამას უყვარდა და შერიგება სურდა. თუმცა დედა იყო წინააღმდეგი, მათი დაშორების მიზეზიც უბრალოდ ერთი კონკრეტული მიზეზი არ იყო. მე 24 წლის ვარ და მე პირადად არასოდეს შევსწრებივარ ფიზიკურ შეხებას და ძალადობას სახლში. ჩვენთან პოლიცია ამ თემაზე, ოჯახურ ძალადობაზე, არასოდეს მოსულა ჩვენთან. თუმცა დედ-მამას ზოგჯერ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ზოგჯერ დაძაბული. უნდოდათ გაშორება, უფრო დედას უნდოდა გაშორება, დედას სხვა უყვარდა, ის კაცი, რომელიც მამამ მოკლა და ამიტომ დაშორდა.

- ეს მიზეზი უთქვამს თქვენს დედას ხმამაღლა?

- მე ვხვდებოდი ამას ისედაც და ვკითხე კიდეც, დამიდასტურა ინფორმაცია. მითხრა რომ ის კაცი უყვარდა.

- მოკლული მამაკაცი მართლა თქვენი მამის მეგობარი იყო?

- პატარა სოფელია ძველი ანაგა, აქ ყველა ერთმანეთს იცნობს. ეს ამბავი მთელმა სოფელმა იცის. დიახ, მოკლული მამას მეგობარი იყო, შემდეგ უკვე ჩემი ძმის ნათლია. ძალიან ახლო ურთიერთობა იყო ოჯახებს შორის. შეიძლება ითქვას მამასთან ურთიერთობის პარალელურად დედაჩემს გრძნობები გაუჩნდა მის მიმართ. ეს დიდხანს გრძელდებოდა თუ არა რა ვიცი. მამა ვერ ხვდებოდა ამას, იმდენად ენდობოდა ცოლს მამას მხრიდან ეჭვიანობა არ ყოფილა. თვითონ არ არის ასეთი ადამიანი, რომ ასეთი რამე ეკადრებინა მამას და შესაბამისად ვერც წარმოიდგენდა, ცოლის ღალატს მითუმეტეს ძმაკაცთან. ეჭვიანობას გამოვრიცხავ, დედა რომ წავიდა სახლიდან მამამ მაშინ არ იცოდა ამის მიზეზი. დედის სურვილი იყო და წავიდა. ოფიციალურად დაშორებულები არასოდეს ყოფილან, მამას ხელი განქორწინების საბუთისთვის არ მოუწერია, ახლა ამ ამბის შემდეგ, ორი დღის წინ გავიგე, თურმე იმ კაცთან დედაჩემს ხელი აქვს მოწერილი. ეს როგორ მოხდა, ამის შესახებ არაფერი ვიცი, როგორც ჩანს, ადვოკატი აიყვანეს და მამის ჩარევის გარეშე მოხდა ეს. მამამ არ იცოდა, მეც არ ვიცოდი და ახლახან გავიგე.

ერთ სოფელში ცხოვრობდა ყველა, პატარა სოფელია და აქ ყველა ყველას იცნობს და თითქმის ყველა ერთმანეთის მეგობარია. იმ კაცსაც ჰყავს ოჯახი, მეუღლე და შვილები, ისიც დაშორდა ცოლ შვილს და გაყარა ისინი სახლიდან დედაჩემის გამო. მოკლედ ორი წლის წინ დედა წავიდა სახლიდან და წავიდა მშობლების სახლში, მაგრამ იქ რომ გაიგეს მიზეზი, გარდაცვლილთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, დედა გააგდეს სახლიდან, არ მიიღეს, ამიტომ წავიდა დედაჩემი თავის ნათესავთან. მერე იმ კაცმაც გააგდო სახლიდან ცოლი და სამი შვილი, რადგან ეს შეუყვარდა, იმანაც დაანგრია ოჯახი. დედაჩემის სახლიდან წასვლის შემდეგ მალევე ეს კაცი დააკავეს და ციხეში იჯდა. ცხოვრების დიდი ნაწილი ციხეში აქვს გატარებული სხვადასხვა დანაშაულებისთვის. ამ მკვლელობამდე დაახლოებით სამი-ოთხი დღის გამოსული იყო ციხიდან, სადღაც ორი წელი იჯდა, ანუ დედა მამას რომ დაშორდა, მალევე დაიჭირეს, სანამ დაიჭერდნენ, მანამდეც ემუქრებოდა მამას, მესენჯერის საშუალებით უგზავნიდა ვოისებს, უბრალოდ მამას მაშინ ის იმის ღირსადაც არ ჩაუთვლია, რომ პასუხი გაეცა. დღემდე არის შენახული ეს ხმოვანი ჩანაწერები და პოლიციას აქვს უკვე ეს ინფორმაცია, ამოღებულია, მერე ციხიდანაც ურეკავდა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რომ არ გაახარებდა, არ აცოცხლებდა, მის ოჯახს შავებს ჩააცმევდა.

- რატომ ემუქრებოდა, რა მიზეზით თუ თქვენი დედა უკვე წასული იყო სახლიდან?

- იმიტომ რომ მამას დედასთან შერიგება უნდოდა, რადგან ეს ინფორმაცია არ იცოდა მამამ. შემდეგ როცა გაიგო ყველაფერი ამის მიუხედავად მაინც ცდილობდა შერიგებას, იმ დონემდე უყვარდა დედაჩემი. ის კაცი რომ დაიჭირეს, ციხეში რომ იყო, მაშინაც კი შერიგებაზე თანახმა იყო მამა, მაგრამ დედამ უარი უთხრა.

- რა მოხდა მკვლელობის დღეს? თქვენმა მამამ ვისგან გაიგო, რომ ცოლი ღალატობდა?

- ყველა ყველაფერს ეუბნებოდა სოფელში, სად დაინახეს, როდის დაინახეს, უბრალოდ იმ დღით, კონკრეტულად ვინ რა უთხრა, არ ვიცი, მე მამასთან ვერ ვისაუბრე ჯერჯერობით, არ ვიცი რატომ მოხდა ეს. მიიყვანეს მამაჩემი ამ მდგომარეობამდე. მე გამაგებინეს, დამირეკეს რომ ის კაცი მოკლეს და შენ რამე ხომ არ იციო. მე მაშინვე დავრეკე მამასთან და ვიკითხე, მას არ დაუმალავს რომ მოკლა. მამა ამ ყველაფრის შემდეგ, არსად გაქცეულა, საკუთარ სახლში წავიდა, პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელი ახლობელია, მას დაურეკა, უთხრა, ეს გავაკეთე, მოდი და წამიყვანეო, არც სანადირო თოფი გადაუმალია, არც თვითონ გაქცეულა, ითანამშრომლა და დღემდე თანამშრომლობს გამოძიებასთან. მინდა ეს აუცილებლად ახსენოთ, იმიტომ რომ ასე ამბობენ, თითქოს გაიქცა და მიიმალა, ის არსად არ გაქცეულა. როგორც ჩანს, დედაჩემიც იქ იყო, ერთად იყვნენ გამოდის და დედა დაჭრილია, წევს კლინიკაში. ისინი წესით ელოდებოდნენ ამ ყველაფერს, რადგან აქეთ ემუქრებოდა მამაჩემს და ფაქტობრივად იმდენად შეშალეს, აიძულეს და მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე. მერე მამას მე არ შევხვედრილვარ და მეტი არაფერი ვიცი მომხდარზე.

- თქვენი დედა კლინიკაშია, ხომ არ მოინახულეთ საავადმყოფოში და რას ამბობს ის?

- ის სტაბილურად არის, თუმცა მძიმე მდგომარეობაა. მუცლის არეში აქვს ჭრილობები. ნახვის საშუალება მქონდა, გონზე ზოგჯერ არის, ზოგჯერ არა, ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია, არაფერი არ მოუყოლია, უბრალოდ დამინახა და დავინახე, არც მქონდა მეტის უფლება, რომ დავრჩენილიყავი და მეკითხა მისთვის რამე. მძიმე მდგომარეობაში ვართ, რაც არ უნდა იყოს, ორივე მშობელია, ძალიან რთულია ეს ყველაფერი. მამამ ეს ყველაფერი მუქარის გამო გააკეთა, კიდევ აქეთ ემუქრებოდა, რომ აქეთ მოკლავდა და ჩვენ ოჯახს, მის ოჯახს არ გაახარებდა, მარტო მუქარას ვერ ვიტყვი, ვფიქრობ მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე იმ შეურაცხყოფებით.

- მამათქვენიც ნასამართლევია?

- ამას ამბობენ, რომ მამაჩემი არის წარსულში ნასამართლევი, მინდა დაიწეროს, რატომ არის ნასამართლევი, მას არც კაცი მოუკლავს და არც დანაშაული ჩაუდენია. 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა, პირველ ხაზზე იბრძოდა. ომიდან ჩამოტანილი ხუთი ტყვია უპოვეს სახლში. არც კი ახსოვდა, რომ ჰქონდა, წარმოგიდგენიათ, როგორი დაბრუნდებოდა იმ ომიდან, საკუთარი პატარა შვილიც არ ახსოვდა და შესაბამისად ის ხუთი ტყვია მითუმეტეს არ ემახსოვრებოდა. იატაკის ქვეშ იყო გადავარდნილი და იქ იპოვეს, ამის გამო იყო დაკავებული, თუმცა მალევე გამოუშვეს გირაოს სანაცვლოდ. ციხეში არც მჯდარა. მოკლული მამაკაცი რამდენჯერმე ნასამართლევია. მე მირჩევნია მამაჩემი ცოცხალი იყოს და ციხეში, ეს რომ არ მომხდარიყო შეიძლება მამაჩემი მოეკლათ. რა თქმა უნდა, დედის გამო მე ვწუხვარ, დედა მიყვარს, ის დედაჩემია, დედაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ის ადამიანი მამას ემუქრებოდა.