თამარ იაკობიძე გურჯაანის ღვინის ფესტივალზე გავიცანი. იქ თავისი საოცარი ნამუშევრებით იყო წარმოდგენილი. განსაკუთრებული ყურადღება მისმა ხელნაკეთმა საპნებმა მიიქცია. დამაინტერესა, რაიმე სპეციალური განათლება ხომ არ ჰქონდა ამ კუთხით მიღებული, რომ ასეთ საოცარი საპნები ჰქონდა შექმნილი.
„თავის დროზე კავშირგაბმულობა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი მაქვს ტექნიკურ უნივერსიტეტში დამთავრებული, ვარ ბუღალტერიც და უკვე ბევრი წელია, ტაძარში ვმსახურობ,“ - მითხრა თამარმა.
ის ნაძალადევში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის მსახურია, მედავითნე და აღნიშნული ეკლესიის ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ადამიანი.
ვიდრე ორიგინალური საპნების დამზადებას დაიწყებდა და ეს საქმე ასე გაიტაცებდა, ოქრომკედით ქარგავდა, კერავდა.
„ამჟამადაც ვკერავ და ეს ნაწილობრივ ჩემი ოჯახის შემოსვლის წყაროა. საერთოდ, თუ არის რაიმე საინტერესო საქმე, სულ ვცდილობ, ვისწავლო და მერე ცხოვრებაში გამოვიყენო... მედავითნეობა და ქარგვა ფერიცვალების დედათა მონასტერში ვისწავლე. იქ დავდიოდით და დედა ნინო დიდიძემ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ეს ყველაფერი ვისწავლე. მასთან ერთად ვქარგავდი ხოლმე. მონაწილეობა მაქვს მიღებული სამების ტაძრის გარდამოხსნის შექმნაში, ასევე ამა თუ იმ მონასტრის გარდამოხსნაში, რამდენიმე ადამიანი ერთდროულად ვქარგავდით. შექმნილი მაქვს დაფარნები და მოძღვრების შესამოსელი,“ - გვიყვება თამარი იაკობიძე.
- როგორ მიხვედით ორიგინალური საპნების შექმნამდე?
- რაღაც ეტაპზე, ოჯახური მდგომარეობის გამო, სახლში მომიწია ყოფნამ, დედას მარტო ვერ ვტოვებდი. იმ უმოქმედობამ ცოტა დამთრგუნა, თან ამის პარალელურად ნაყიდმა საპონმა ალერგია რამდენჯერმე მომცა. მერე დავინტერესდი, რა შემადგენლობა ჰქონდა ასეთი საპონს, ჩემს ალერგიას რომ ამწვავებდა. დავიწყე კვლევა, ინტერნეტში ძებნა. ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თვითონ საპნის დამზადების ტექნოლოგია, პროცესი. მერე ვიფიქრე, ჩემით რატომ ვერ უნდა გავაკეთო საპონი-მეთქი?!. და გავაკეთე. პროცესი კიდევ უფრო მომეწონა. ნელ-ნელა მივყევი და ვნახე, რომ ეს არის ნულიდან გაკეთება.
- რას გულისხმობთ?
- როდესაც თავიდან ბოლომდე აკეთებ ზეთებით დაწყებული, თვითონ არჩევ შესაბამისი ცხიმიანი შემადგენლობის ნივთიერებას და ეს არის შიის კარაქი, ზეითუნის ზეთი, - რამდენიმე შემადგენელი ნაწილია, არის ცხოველური და ასევე მცენარეული კომპონენტები. სხვანაირი სტრუქტურა აქვს და მას დრო სჭირდება, რომ დაამუშაო. დამუშავების შემდეგ თვე-თვე-ნახევარი უნდა კლიმატიდან გამომდინარე, რომ „დამწიფდეს“. დროა საჭირო, რომ ეს ნივთიერებები ერთმანეთში „დამეგობრდნენ“ და ეფექტი ჰქონდეს. ასევე გამოიმუშაოს გლიცერინი, რაც ბუნებრივად ამ ცხიმების შეერთებით მუშავდება... ამასთან არის კაუსტიკური სოდაც, რომელიც თუ სწორად არ გამოიყენე, ძალიან საშიშია. თავიდან ეს სოდა სერიოზულად არ ჩავთვალე, ყველაფერი შიშველი ხელებით და პირბადის გარეშე გავაკეთე და საავადმყოფოში მოვხვდი... ამან კიდევ მეტი სტიმული მომცა. როგორ ვერ უნდა მივიდე სასურველ შედეგამდე-მეთქი?! სიღრმეში მეტად ჩავედი.
მოკლედ, საქმემ შემიყოლია და კარგი პროდუქტი მივიღე. ჩემ გარშემო ადამიანებს რომ მოეწონა, ესეც მესიამოვნა...
არის ასეთი გამზადებული ბაზა, რომლის ყიდვაც შესაძლებელია და მუშაობა იმით დავიწყე. იმ გამზადებულ საპონს ამატებ ვიტამინებს - A, E, C, რაც კანისთვის სასარგებლოა, სურნელოვან ზეთებს არომატისთვის, ფერებს და დეკორატიულად ქმნი. ეს შედარებით მარტივია… გამზადებული მასალა უნდა დაადნო და მას ის შემადგენლობა დაუმატო, რაც გჭირდება. ზოგს მშრალი კანი აქვს, ზოგს ცხიმიანი და ზოგიერთში თაფლს ვამატებ. ვცდილობ, რომ სასარგებლო რაღაცები დავამატო, მაგალითად, ნალექიანი ყავა და დამატენიანებელი ერთად ძალიან ეფექტიანია.
- ძალიან შთამბეჭდავია თქვენ მიერ შექმნილი საპონი - ყურძნის მტევანი...
- ეს დეკორატიული საპონია.
რაც შეეხება ყურძნის ფორმას, მარცვლებს, სპეციალური ფორმებია, რომელსაც სხვადასხვა საიტზე ვყიდულობ. განსხვავებული ზომის მარცვალია და მერე ფერებს ვარჩევ... ყურძენი იმის გამო შევქმენი, რომ ღვინის ფესტივალზე უნდა წავსულიყავი. ეს იმითაა კარგი, რომ შეგიძლია, ონკანზე ჩამოკიდო. თან ასე ჩამოკიდებული საპონი, მალე შრება. სასაპნეში რომ დევს, ლბება და სასაპნე ამის გამო მუდმივად გასარეცხია... საერთოდ, როდესაც პატარა ფიგურებია დასამზადებელი, ამას მეტი დრო სჭირდება... დეკორატიულია ასევე ყავის ჭიქა, ნამცხვარი, ყველის ნაჭერი, პურზე წასმული ხიზილალა... თუ შეკვეთაა, კონკრეტული ადამიანის სურვილებზე ვაწყობ, თუ არადა, ვაწყობ იმაზე, რომ ცოტა სახალისო იყოს. ფერადი საპნები მოსწონთ. ვცდილობ ასევე იმას, რომ შემადგენლობითაც სასარგებლო იყოს. ძირითადად ყველა დამატენიანებელია.
მინდა ნამუშევრებში ბავშვებზე მეტი აქცენტი გავაკეთო, რადგან ამ საპნებს რომ უყურებენ, უხარიათ, ბედნიერები არიან. არის სპილო, დათვი, ფერადი მანქანები...
- და ალბათ კიდევ უფრო ხშირად გაუჩნდებათ ხელის დაბანის სურვილიც და არ დაიზარებენ...
- დიახ და ბავშვებს, რომლებსაც არ უყვართ წყალი, დაბანა, მათთვის იყოს მიმზიდველი და სახალისო, დაბანაც მოუნდეთ. ეს იდეა იქიდან წამოვიდა, როცა მეგობრის ბავშვს, რომელსაც არ უყვარს დაბანა, სპილო და დათვი ვაჩუქე. ბავშვი გადაირია, აღტაცებული დარბოდა. ეს რომ დავინახე, სტიმული მომეცა.
- „იადე“ დაარქვით თქვენს საპნებს. რატომ?
- ძველი სიტყვაა - სისუფთავეს ნიშნავს. მერე ჩემი და არის ადამიანი, რომელიც ამ საქმეში ყველანაირად გვერდით მიდგას, მათ შორის, ფინანსურად, რადგან ამ ყველაფერს ფინანსურად საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება.
ამიტომ, მინდოდა, რომ მასთან ამ სახელშიც ყოფილიყო ბმა. იაკობიძეები ვართ და თან - დები და ასე გავაერთიანეთ - იაკობიძეების და დების პირველი მარცვალები. ეს კი ჩემი მისადმი მადლიერების გამოხატვაა.
მოკლედ, კმაყოფილი ვარ, რადგან ბევრი ადამიანი გავახარე, მოსწონთ, მოთხოვნა არის, ფინანსურად ჯერჯერობით ისე არ არის, რომ ამაზე ვიყო დამოკიდებული, მაგრამ მაქვს გეგმაში, რომ ჩემი ნახელავი მეტად საინტერესო გავხადო, სასაჩუქრე „ბოქსები“ შევქმნა, რომელიც კონკრეტულ ადამიანზე იქნება აწყობილი. ყველა პროფესიის ადამიანზეც ნაფიქრი მაქვს და საპნები მათი პროფესიული ელემენტებით იქნება გამოხატული. მინდა, ბავშვების ხაზი, მამაკაცების, ქალების, ოჯახის და ა.შ.
ეს ისეთივე ყოველდღიური შრომაა, როგორიც ყველა სხვა საქმეს ახლავს. იმასაც გააჩნია, რომელ საპონს აკეთებ - მაგალითად, ერთია, რომელსაც ზღვა დავარქვი. ზღვის ფერია, გამჭვირვალე და შიგნით მარგალიტის იმიტაცია ყრია, ასევე ნიჟარები, მოლუსკები, რვაფეხა... ჯერ ამ ფორმებს ვამზადებ და მერე ხდება აწყობა. ფორმის მიხედვით მრავალკომპონენტიანია, თორემ შემადგენლობა ყველას ერთი აქვს.
ვიმეორებ, ამ ყველაფერს ძალიან დადებითი ემოციები ახლავს. მინდა, რომ ადამიანებს დღე გავუფერადო, ბავშვებმა დაიბანონ, ვიღაცებმა გაიღიმონ, იყოს პრაქტიკული და სასარგებლოც.