ისრაელი "ჰეზბოლას" წინააღმდეგ თავდასხმის გაძლიერებით იმუქრება მას შემდეგ, რაც ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
2024 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელს სამხრეთ ლიბანის ხუთ რაიონში კვლავ ჰყავს ჯარები განლაგებული და რეგულარულ დარტყმებს ახორციელებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, ჰეზბოლას დაშლის მცდელობების გაჭიანურებაში ლიბანის მთავრობა დაადანაშაულა.
"ცეცხლს ეთამაშება "ჰეზბოლა", ლიბანის პრეზიდენტი კი ფეხს ითრევს",- განაცხადა ისრაელ კაცმა. "ლიბანის მთავრობის ვალდებულება, რომ განაიარაღოს "ჰეზბოლა" და გაიყვანოს ის სამხრეთ ლიბანიდან, უნდა განხორციელდეს. ჩრდილოეთის მაცხოვრებლების საფრთხეში ჩაგდებას არ დავუშვებთ, მაქსიმალურად გავაძლიერებთ თავდასხმებს".

ისრაელ კაცის მუქარა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ ღამით სამხრეთ ლიბანში საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რომლის შედეგადაც, მათი თქმით, დაჯგუფების ელიტური დანაყოფის, "რადვანის" ოთხი წევრი დაიღუპა.
ლიბანში ოდესღაც დომინანტური პოლიტიკური და სამხედრო ძალა, "ჰეზბოლა", გასულ წელს ისრაელის ომმა მნიშვნელოვნად დაასუსტა, რომლის დროსაც მისი ათასობით მებრძოლი და ნასრალა დაიღუპა. კონფლიქტის შედეგად ასევე დაიღუპა 1100-ზე მეტი ქალი და ბავშვი და განადგურდა სამხრეთ და აღმოსავლეთ ლიბანის დიდი ნაწილი.
მას შემდეგ "ჰეზბოლამ" საჯაროდ აიღო ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება, განაცხადა, რომ ისრაელს თავს აღარ დაესხმებოდა და სამხრეთში უპილოტო იარაღების სამალავების ჩამორთმევასაც დათანხმდა. თუმცა, ახლა დაჯგუფება ამტკიცებს, რომ განიარაღების პუნქტი მხოლოდ სამხრეთ ლიბანს ეხება და მიანიშნებს, რომ კონფლიქტის განახლება შესაძლებელია, თუ ისრაელი უფრო ფართო ჭრილში იმოქმედებს მათ წინააღმდეგ.
წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა