მექსიკის დასავლეთით, მიჩოაკანის შტატში, ურუაპანის მერი ათასობით ადამიანის თვალწინ, ქალაქის მთავარ მოედანზე იმ დროს მოკლეს, როცა ხალხი მიცვალებულთა დღის აღსანიშნავად იყო შეკრებილი.
მექსიკის ფედერალური უსაფრთხოების მდივანმა ომარ გარსია ჰარფუჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მერს თავს დაესხა უცნობი პირი, რომელმაც მას შვიდჯერ ესროლა. მისივე თქმით, ეს თავდასხმა რეგიონში მოქმედ ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის შეიარაღებულ შეტაკებას უკავშირდებოდა.
ბოლო თვეების განმავლობაში ურუაპანის მერმა სოციალურ ქსელში საჯაროდ ითხოვა დახმარება ამ კრიმინალურ ჯგუფებთან ბრძოლისთვის. მანვე შტატის გუბერნატორი, ალფრედო რამირეს ბედოლა და ასევე შტატის პოლიცია კორუფციაში დაადანაშაულა.