ბოლო დღეებია, სოციალური ქსელების მომხმარებლები ჩეჩნეთში გამართული ქორწილის ვიდეოს განიხილავენ, სადაც მთავარი გმირი სიძე და პატარძალი არ არიან. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ლიმდა იბრაგიმოვა – ნეფის ამჟამინდელი მეუღლე, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მეორე შვილი გააჩინა და ქმრის მეორე ქორწილში ცეკვავდა.

ლიმდამ, რომელმაც ქმრის მეორე ქორწილის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე შეიტყო, ცერემონიაზე დასწრებაზე უარი არ თქვა. მისი მეგობრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას ქმრის ყურადღება ესაჭიროებოდა, რადგან მეორე ქალიშვილი სულ რაღაც სამი კვირის წინ გააჩინა, გადაწყვიტა, წვეულება არავისთვის გაეფუჭებინა და, ტრადიციის დაცვით, ქმრის ახალი ცოლის წინაშე იცეკვა.
რამდენიმე დღეში ლიმდამ სოციალურ ქსელში ასობით ათასი გამომწერი დააგროვა. მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ეს მისთვის უდიდესი მორალური ტვირთი იყო, მისი ცეკვა ნამდვილ ჰიტად იქცა და საზოგადოების მხარდაჭერის უზარმაზარი ტალღა გამოიწვია.

ლიმდას გზავნილი
მოულოდნელმა პოპულარობამ ლიმდა აიძულა, საზოგადოებისთვის მიემართა. მან აღიარა, რომ სულაც არ იყო მზად ასეთი ყურადღებისთვის და არც იმისთვის, რომ ემოციების ზღვარზე შესრულებული ერთი ცეკვა ასეთი განხილვის საგანი გახდებოდა. მან ჩუმად ყოფნა არაეთიკურად მიიჩნია და გადაწყვიტა, გულწრფელად ესაუბრა საკუთარ გრძნობებზე.
"უპირველეს ყოვლისა, მადლობა. მადლობა ყველას, ვინც მომწერა, მხარი დამიჭირა, უბრალოდ, კეთილი სიტყვები გამომიგზავნა. არც დიდებისკენ და არც პოპულარობისკენ არ მივისწრაფოდი, მაგრამ ვაღიარებ, რომ ძალიან მესიამოვნა თქვენი ქალური სოლიდარობა. გულწრფელად მჯერა, რომ თქვენ ხართ ჯილდო ყოვლისშემძლისგან ჩემი განსაცდელისთვის. მესმის, რომ ეს პოპულარობაც ჩემი გამოცდაა და ვთხოვ ღმერთს, დამეხმაროს ღირსეულად გავიარო ეს გზა", - დაწერა ლიმდამ საკუთარ ბლოგზე.
საზოგადოებას სთხოვა, არ გაეკრიტიკებინათ მისი ქმარი, რომელთან ერთადაც 8 წელი იცხოვრა და ორი შვილი შეეძინა. ის მიანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, მას დაშორდება, მაგრამ ხაზს უსვამს: "არ ვაპირებ საკუთარი ტკივილი საზოგადო განხილვის ნაწილად ვაქციო. ჩემი ოჯახური ცხოვრება არ არის კონტენტი... ეს არის ადამიანი, რომელთან ერთადაც დიდი გზა გავიარე და რომელიც რჩება ჩემი შვილების მამად. მათ გამო გთხოვთ, ნუ დაწყევლით მას. როგორც მამა, ის მნიშვნელოვანი და საჭიროა“.
პირველი ცოლი, რომელიც ცეკვის დროს ფულით დაასაჩუქრეს, ამბობს, რომ ახალ ცხოვრებას იწყებს და არ აპირებს სხვის განსჯას.
"არ განვიხილავ სხვის საქციელს – არ მინდა სხვისი ცოდვები საკუთარ თავზე ავიღო. ყველას თავისი არჩევანი აქვს და მასზე პასუხს მხოლოდ თავად აგებს. იმიტომ, რომ ჩემი ღირებულება სხვის ერთგულებაში კი არ არის, არამედ იმაში, თუ როგორ გავდივარ განსაცდელს მე თვითონ. ახლა ჩემი არჩევანის დრო დადგა. და მე ვირჩევ კეთილდღეობას“, – ამბობს ლიმდა. მისი თქმით, ქმრის არჩევანს (მეორე ქორწინება) შეიძლებოდა ის დაემცირებინა ან გაენადგურებინა, მაგრამ რწმენის წყალობით, მან შეძლო ამ სიტუაციაზე მაღლა დამდგარიყო და გამარჯვებული გამოსულიყო.

ათასობით ქალის მხარდაჭერა
ლიმდას ისტორია ათასობით ქალმა გაიზიარა. მისი ცეკვის ვიდეო და ის განცდა, რომელმაც ის ასე პოპულარული გახადა, გახდა ქალთა სოლიდარობისა და უდიდესი შინაგანი ძალის სიმბოლო.
ლიმდა აღიარებს, რომ ახლა თავს ბევრად უფრო ძლიერად და დამოუკიდებლად გრძნობს, ვიდრე ერთი კვირის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ იცის, საიდან დაიწყოს ცხოვრების ახალი თავი.
მისმა ისტორიამ, რომელიც დაიწყო კივილით და დასრულდა მილიონობით ადამიანის სიყვარულით, დაამტკიცა, რომ ყველაზე დიდი გამოცდა შეიძლება იქცეს უდიდესი აღიარებისა და ახალი ცხოვრების დასაწყისად.