ავტორი:

გამოქვეყნდა ევროკავშირის გაფართოების ანგარიში - რა წერია საქართველოს შესახებ?

გამოქვეყნდა ევროკავშირის გაფართოების ანგარიში - რა წერია საქართველოს შესახებ?

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე 2025 წლის კომუნიკეში, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.

  • ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებების კურსმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს და საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესს დააშორა.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოლოდინებს არ შეესაბამება.

აღინიშნება, რომ მნიშვნელოვანი უკუსვლა იყო საბაზისო საკითხებში, რაც გამოწვეულია რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, სასამართლოს სისტემის პოლიტიკურად გამოყენებით, ოპოზიციონერი ლიდერების დევნით, დემონსტრანტების უკანონო დაკავებებითა და საჯარო სივრცის შეზღუდვით.

“ევროკომისია ქართველი ხალხისადმი თავის ურყევ მხარდაჭერასა და ევროპული მომავლისკენ ქართველების მხარდაჭერის გაგრძელებისთვის თავის მზაობას იმეორებს. საქართველოს მთავრობის ქმედებები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოლოდინებს არ შეესაბამება. მნიშვნელოვანი უკუსვლა იყო მთელი სპექტრის საბაზისო საკითხებში, რაც გამოწვეულია რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს - სასამართლოს სისტემის პოლიტიკურად გამოყენებით, ოპოზიციონერი ლიდერების დევნით, დემონსტრანტების უკანონო დაკავებებითა და საჯარო სივრცის შეზღუდვით. ბალანსისას და დემოკრატიულად გადაწყვეტილების მიღების პრინციპის წაშლამ, ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის არარსებობასთან ერთად, გამოიწვია აღმასრულებელი ძალის გაძლიერება, მათ შორის სახელმწიფო მიტაცება.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებას არ ეძიოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა წინა მთავრობების პოლიტიკისგან, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისგან და ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფის საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ვალდებულებისგან მათი გადახვევა.

პარალელურად, საქართველოს მთავრობამ სისტემატურად გაავრცელა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა და დეზინფორმაცია, და რელევანტური რეფორმების (მაგალითად, 9 ნაბიჯის) აღსრულებისადმი არავითარი პოლიტიკური მზაობა არ გამოხატა, რომლებიც 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიის რეკომენდაციებში არის ასახული და რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის გზაზე ქვეყნის პროგრესისთვის.

საქართველოს მთავრობის ქმედებების კურსმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს და საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესს დააშორა. შედეგად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია. სანამ საქართველოს მთავრობა ქმედებების თავის კურსს არ შეცვლის, ევროკომისიამ, თავის მხრივ, ევროპულ საბჭოსთან ერთად, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტები შეამცირა, შეაჩერა ორმხრივი დახმარება, რომელიც პირდაპირ არგებდა საქართველოს მთავრობას, და ასევე გააძლიერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის ძალისხმევები. 2025 წლის იანვარში, ევროკომისიის წინადადებაზე დაყრდნობით, ევროპულმა საბჭომ ევროკავშირი-საქართველოს სავიზო შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერება გადაწყვიტა, და ქართული დიპლომატიური და სამსახურეობრივი/ოფიციალური პასპორტების მქონეებისთვის სავიზო გამონაკლისები შეაჩერა,” - ნათქვამია განცხადებაში.

ანგარიშის თანახმად, „სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული ხმების წინააღმდეგ დაშინება, მტრული რიტორიკა, მუქარა და ძალადობა უფრო ხშირი ხდება“.

"პარლამენტმა არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში სავალდებულო მონაწილეობა გააუქმა, რითაც სამოქალაქო საზოგადოება მმართველობის პროცესიდან კიდევ უფრო გარიყა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მგრძნობიარე ინფორმაციის მოთხოვნის ბრძანება მიიღო. ხელისუფლების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს ძალადობისა და რეპრესიების არაპროპორციული გამოყენება მოჰყვა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს ხელისუფლებამ თავისი მოქმედების კურსი უნდა შეცვალოს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებსა და ღირებულებებს, ასევე საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს. საქართველომ უნდა გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომელიც ევროპული ინტეგრაციის ძირითად პრინციპებთან თანხვედრაში იქნება. ფუნდამენტური უფლებები და პრინციპები, მათ შორის სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება და პლურალიზმი, დაცული და გარანტირებული უნდა იყოს. უსამართლოდ დაკავებული პირები უნდა გათავისუფლდნენ. ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევისა და ძალადობის ყველა შემთხვევა ეფექტურად და დროულად უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

  • დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ცვლილებები დაჩქარებული პროცედურის მეშვეობით, სათანადო კონსულტაციებისა და სიღრმისეული განხილვის გარეშე მიიღებს.

"ცვლილებები ამძაფრებს სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდების რისკებს და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის მრავალ რეკომენდაციას და ცხრა საფეხურს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადახედილი შემადგენლობისა და არჩევნების წესები, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ შესწორებული რეგულაციები და ინსპექტორის სამსახურის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობაში ინტეგრირება მნიშვნელოვნად ასუსტებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულებას. სასამართლო პროცესების გამჭვირვალობა შეზღუდულია 2025 წლის ივნისის ცვლილებებით, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სასამართლო პროცესებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებას ანიჭებს. ასევე იყო ნეგატიური მოვლენები, მათ შორის 2025 წლის ივნისში ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნა უბრალო უმრავლესობით და წინამორბედის მანდატის დასრულებამდე ოთხი წლით ადრე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნა გაუქმდა და შემდგომში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაინიშნა კონკურენტი. საქართველომ არ გაითვალისწინა ევროკავშირის ცხრა ნაბიჯში გაწერილი რეკომენდაციები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. მომიტინგეებისთვის დაკისრებული მკაცრი და არაპროპორციული სასჯელები აჩვენებს, რომ მმართველი პარტია სასამართლო სისტემას რეპრესიების სისტემის განსახორციელებლად იყენებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველომ არ გაითვალისწინე კომისიის გასული წლის რეკომენდაციები და შესაბამისად, ისინი ძალაში რჩება. გარდა ამისა, ანგარიშში წერია, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები და მიიღოს კანონმდებლობა, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებების შესახებ, რომლებიც ეხება მოსამართლეების გადაყვანას და უზენაესი სასამართლოსთვის შერჩევის პროცესს (მათ შორის ეფექტური სააპელაციო საჩივრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კვალიფიკაცია და ჩიხიდან გამოსვლის საწინააღმდეგო მექანიზმი).

ამასთან, კომისიის რეკომენდაციებით:

„საქართველომ უნდა მიიღოს და განახორციელოს სასამართლო სისტემის უფრო ფართო რეფორმა, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის შეზღუდვების დაწესება მისი წევრების ხელახლა დანიშვნაზე, კერძოდ, ფიქსირებული, არაგანახლებადი ვადებით. გარდა ამისა, უნდა შეიქმნას საგანგებო კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, რომლებსაც გადამწყვეტი როლი ექნებათ პროცესში, სასამართლო სისტემაში, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოსა და საერთო სასამართლოების ხელმძღვანელების კანდიდატებისა და ახლად დანიშნული პირებისთვის;

უნდა მიიღოს კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც მოიცავს გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცედურის შეცვლას პარლამენტში უბრალო უმრავლესობიდან კვალიფიციური უმრავლესობით; უნდა მოხდეს პროკურატურის შესახებ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა ვენეციის კომისიის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის რეკომენდაციების შემდეგ“.

წაიკითხეთ ასევე: