2019 წელს, სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ერთმა ფოტომ, რომელზეც სოფელ ქვეშეთის ორი პატარა ბინადარი – ბექა ბუჩუკური და მარიამ ნარიმანიძე იყვნენ აღბეჭდილი, მთელი საქართველო მოიცვა. ფოტოგრაფის, გიორგი ნადირაშვილის მიერ გადაღებულმა ამ სურათმა, რომელზეც ბავშვები ექთნის დამხმარეების ფორმაში, წითელი პიონერული ჩანთით ხელში პოზირებდნენ, ისინი ერთ ღამეში ნამდვილ ინტერნეტ-სენსაციად აქცია.
ქვეშეთელი პატარები მყისიერად გახდნენ პოპულარულები, იწვევდნენ გადაცემებში, ართმევდნენ ინტერვიუებს და მათზე სიუჟეტებს ამზადებდნენ.
ბექა და მარიამი 2019 წელს…
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი აკა მორჩილაძის ნაწარმოების "ტერცო მონდოს" მიხედვით ფილმს იღებდა. "ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა ხათუნა ხუნდაძემ სკოლის ეზოში მოთამაშე მარიამი და ბექა შეამჩნია. ბავშვები სცენარში თავდაპირველად არც იყვნენ გათვალისწინებულნი, თუმცა მათი სიყვარულით, ფუმფულა იერითა და განსაკუთრებული ქარიზმით მოხიბლულმა ბატონმა მერაბმა, სიცილი დაიწყო და მათთვის როლები სპეციალურად შექმნა. ფილმში, რომელიც 90-იანი წლების საქართველოს ეხმიანება, მათ ექთნის თანაშემწეების ეპიზოდური როლები აქვთ.

მარიამს და ბექას საგანგებოდ შეუკერეს ოქტომბრელების ფორმა, ბიჭს ხელში ვინიპუჰის წითელი ჩანთა დააჭერინეს და სწორედ ამ კადრებმა აქცია ისინი სრულიად საქართველოს ფავორიტებად.

6 წელი შემდეგ: გაზრდილი ვარსკვლავები და ახალი ოცნებები
2024 წელს მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის, "ტერცო მონდო"-ს პრემიერა შედგა, რასაც უკვე გაზრდილი ბექა და მარიც დაესწრნენ. ექვსი წლის შემდეგ, ჩვენ დავინტერესდით, როგორ შეიცვალა ქვეშეთელი პატარების ცხოვრება და რა ოცნებები აქვთ მათ დღეს.
გაზრდილი ბექა, უცვლელი მიზნით
როგორც ბექას დედა, ნინო აღნიშნავს, ბიჭი კიდევ უფრო დამრგვალდა და გაიზარდა.
ნინო (ბექას დედა):
"ბექა ახლა ბევრად უფრო პუტკუნაა და ბევრად დიდია. მოსწონს ძველ სტატიებს რომ კითხულობს და სიუჟეტებს უყურებს. დიახ, ძალიან მოსწონს, კიდევ უნდა აქტიურობა. ბევრჯერ ჰქონდა შემოთავაზება, მაგრამ ვერ მოვახერხეთ თბილისში ჩამოსვლა. ძალიან კარგად სწავლობს ბექა, ისევ ქვეშეთის სკოლაში დადის. მარისთან ძველებურად მეგობრობს, ერთ სკოლაში სწავლობენ."

ბექა:
"კარგად ვარ, პოლიციელობა ისევ მინდა. ძალიან მომწონს მაგათი ჩაცმულობა, ფორმა და საქმიანობა. ყოველდღე დავდივარ სკოლაში, ვნახულობ ნარიმანიძე მარის, ხან ერთმანეთს ვაბრაზებთ და გაკვეთილების შემდეგ ისევ ვბრუნდებით. ყველაზე მეტად სკოლის საგნებიდან მათემატიკა და ინგლისური მიყვარს."

მარიამი: ექიმობიდან ბოქსზე გადართული ოცნებები
მარიამის დედა აღიარებს, რომ არავინ ელოდა, რომ ასეთი პოპულარულები გახდებოდნენ ბავშვები.
ანა (მარიამის დედა):
"ძალიან ემოციური იყო ეგ პერიოდი, არავინ ველოდით რომ 6 და 7 წლის ბავშვები ასეთი პოპულარულები გახდებოდნენ... მარიამი ძალიან ნიჭიერი გოგოა, მაგრამ სწავლაზე მეტად სპორტი უყვარს. მართალია, ცეკვაზეც დადის, მაგრამ ბოქსით უფრო არის დაინტერესებული."

მარიამი:
"ყველაფერი კარგად მახსოვს იმ წლებიდან, ახლა რომ ვუყურებ ჩემს ვიდეოებს, ისეთ რაღაცებს ვლაპარაკობ და ვაკეთებ, ახლა უფრო მეცინება. ბოქსი და ძიუდო მაინტერესებს, ჯერ არ მივსულვარ, მაგრამ ვაპირებ. სოფელში ვსწავლობ ისევ. მე და ბექა მეგობრები ვართ და ერთ სკოლაში დავდივართ, როგორც ბავშვობაში ვაკეთებდი, ახლა ისე აღარ ვიქცევი, აღარ ვცემ."



მიუხედავად იმისა, რომ ექვსი წლის შემდეგ საერთო ფოტო აღარ გადაუღიათ, ბექა და მარიამი კვლავ მეგობრობენ, სწავლობენ ერთ სკოლაში და უკვე ახალი ოცნებებით ცხოვრობენ: ერთი – მომავალი პოლიციელია, მეორე – კი სპორტსმენობაზე ფიქრობს. მათი ისტორია კი უცვლელი სითბოთი რჩება საზოგადოების მეხსიერებაში, სოციალურ ქსელში დღემდე პერიოდულად ვრცელდება მათი ფოტო ტექსტით, გახსოვთ, ქვეშეთელი ბავშვები, ნეტა ახლა როგორ გამოიყურებიან?