ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის საქართველოში, წლევანდელი ანგარიშის წარდგენა ადვილი არ არის. სამწუხაროდ, ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირებული უკუსვლის საერთო დონე და აქ მე უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისარ კოსის სიტყვების ციტირებას ვახდენ, უპრეცედენტოა. ბოლო 12 თვის განმავლობაში, გაფართოების ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით, ასევე კომისიის რეკომენდაციაში გაწერილ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით სერიოზული უკუსვლა დაფიქსირდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვები. ინსტიტუტები პარტიული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული“, - აღნიშნა ელჩმა.
"საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებული მტრული ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა, დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები მიზნად ისახავს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ძირის გამოთხრას. წამყვანი ოპოზიციური ფიგურების დაპატიმრება, მმართველი პარტიის მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ განცხადებასთან ერთად, წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად პრინციპზე, დემოკრატიულ პლურალიზმზე. დღევანდელ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გასული წლის შემდეგ საქართველოს პროგრესი ევროკავშირის სტანდარტების ტექნიკურ ნაწილებში მნიშვნელოვნად შენელდა“, - აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, საქართველო ამაყობდა ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკითხში ლიდერობით, რაც სამწუხაროდ, ასე აღარ არის.
„ევროკავშირში გაწევრიანება ტრანსფორმაციული პროცესია და ასეც დარჩება, თითოეული ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული. ყველას მოვუწოდებ, ყურადღებით წაიკითხოს ეს ანგარიში, რომელიც 80-ზე მეტ გვერდს მოიცავს. მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირიდან გასვლა აირჩია, სხვა კანდიდატებმა წინ წაიწიეს რეფორმებსა და გაწევრიანების პროცესში“, - აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიერ არჩეული ტრაექტორიის გამო, ქართველი ხალხი და ქართული ბიზნეს კომპანიები ქვეყნის მოდერნიზაციისთვის საჭირო სახსრებს, როუმინგის ნულოვან საფასურს, საბანკო ხარჯების შემცირებას, საბაჟო შემოწმებების შემცირებას და ბევრ, ბევრ სხვა სარგებელს კარგავენ.
"როგორც ახლახან მოისმინეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასისგან და გაფართოების საკითხებში პასუხისმგებელ კომისრისგან, მარტა კოსისგან, კომისია დღეს საქართველოს სიცოცხლისუნარიან კანდიდატ ქვეყნად არ მიიჩნევს. კანდიდატი ქვეყანა ქაღალდზე თუ კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით. ეს ორივე კომისრის სიტყვები იყო. ჩემთვის ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია“, - აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, "ეს გაფართოების ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს“.
"თუ თქვენ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ სერიოზულად ხართ განწყობილი, მაშინ კურსი უნდა შეცვალოთ. ევროკავშირში გაწევრიანების ტრაექტორიაზე უნდა დაბრუნდეთ. ამის შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში ნათლად არის ნათქვამი და ეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას წარმოადგენს. ჩვენ აქ ვართ, არსად არ მივდივართ, გელოდებით, ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ, თავისი ხელისუფლებით, უნდა გაიაროს. ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება. ეს ძალიან მკაცრი, გამანადგურებელი ანგარიში გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს. გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს.
გაფართოების ანგარიში სრულიად ნათელია. საქართველო არ იმყოფება იმ გზაზე, რომ ევროკავშირის წევრი 2030 წელს ან უფრო მოგვიანებით გახდეს. დემოკრატიულ უკუსვლით, ანტიევროპული დეზინფორმაციით, რომელსაც ხელისუფლების უმაღლესი პირები იმეორებენ, ფუნდამენტური თავისუფლებების ეროზიით, რომლებზეც ევროკავშირია აშენებული, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება“, - აცხადებს ელჩი.
წაიკითხეთ ასევე: