ავტორი:

390 ათასამდე ევაკუირებული, დანგრეული სახლები და დამტვრეული მანქანები - უმძიმესი შედეგი მოჰყვა ქარიშხალს, რომელიც ფილიპინებს დაატყდა თავს

390 ათასამდე ევაკუირებული, დანგრეული სახლები და დამტვრეული მანქანები - უმძიმესი შედეგი მოჰყვა ქარიშხალს, რომელიც ფილიპინებს დაატყდა თავს

ძლიერი ქარიშხალი, რომელიც ორშაბათს, შუაღამეს დაატყდა ქვეყანას, გახდა მიზეზი, რომ ასიათასობით ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა. "კალმაეგი" უკვე მეოცე ტროპიკული ციკლონია, რომელიც წელს ფილიპინებს უტევს.

ქარიშხალს უკვე ემსხვერპლა ორი ადამიანი.

"სახურავებზე გამოკეტილი ადამიანები დახმარებას ითხოვენ" - განუცხადა მედიას სებუს საინფორმაციო ოფიცერმა რონ რამოსმა და დასძინა, რომ წყალი ევაკუაციის ცენტრებშიც კი მივარდა, რის გამოც იმ ასობით ადამიანის ხელმეორე ევაკუაცია გახდა საჭირო, რომლებიც იქ კუნძულზე მომხდარი 6.9 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ იმყოფებოდნენ.

სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მოადგილემ რაფაელიტო ალეხანდრომ ადგილობრივ რადიოს განუცხადა, რომ ქარიშხლის მიზეზით ჯამში 387,000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მეტეოროლოგების თქმით, სამშაბათს ქარიშხალი რომელიც 25 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, სავარაუდოდ, ოთხშაბათ დილისთვის დასავლეთით მდებარე რეგიონებს დატოვებს და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გადაინაცვლებს.

მეცნიერები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ადამიანების მიერ გამოწვეული კლიმატური ცვლილების გამო ქარიშხლები უფრო ხშირი და ძლიერი მოვლენა გახდება.

წყარო