როგორია საქართველოში ცხოვრება 60 წლის ასაკის შემდეგ? - ამ კითხვაზე პასუხად ალბათ გაგახსენდათ ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც ძირითად დროს სახლში ატარებენ და მხოლოდ შვილიშვილების მოვლითა და საოჯახო საქმეებით არიან დაკავებულები, გარეთ იშვიათად გამოდიან და ფაქტობრივად, გამოთიშულები არიან საზოგადოებრივი ცხოვრებისგან. ასევე, გაგახსენდებოდათ მძიმე სოციალური ფონიც, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში დაბერება საბაზისო საჭიროებებზე უარის თქმასაც კი ნიშნავს.
აღნიშნული გამოწვევების პარალელურად, საქართველოში მოსახლეობა ბერდება - საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წელს შობადობა მკვეთრად შემცირდა და 2014 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მოსახლეობა ბერდება, რაც სამომავლოდ გამოიწვევს ეკონომიკური განვითარების ტემპის შენელებას, დამატებითი წნეხი გახდება ჯანდაცვის სისტემისთვის და გაართულებს სერვისების შენარჩუნებას.
დემოგრაფიული პრობლემების წინაშე არიან დასავლეთ ევროპის წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც, თუმცა მაგალითად, გერმანიასა და იტალიაში ხანდაზმულებისთვის სოციალური პროგრამები ჯერ კიდევ ორი ათწლეულის წინ შეიქმნა და მუდმივად ვითარდება, რომ არაფერი ვთქვათ პენსიასა და ჯანდაცვის სერვისებზე.
საქართველოში 60+ ასაკის ადამიანებისთვის აქტიური და ჯანსაღი დაბერების საკითხებზე საუბარი მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით დაიწყო და თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით შეიქმნა მუნიციპალური სერვისები „60+ კლუბები ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“, რომელიც უკვე 300 წევრზე მეტს აერთიანებს. კლუბი მოიცავს საგანმანათლებლო, სახელოვნებო და ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ აქტივობებს - ფიზიკურ ვარჯიშებს, ცეკვას, სიმღერას, სახელოვნებო წრეებს და სხვა.
UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიამ ბანძელაძე საუბრობს იმ სირთულეებზე, რომელიც საქართველოში ასაკოვან ადამიანებს აქვთ და რომლის საპასუხოდაც უნდა შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც მათ აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას მოემსახურება:
„საქართველოში ძალიან ბევრი ასაკოვანი გვყავს და მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება წლების განმავლობაში. ეს, ერთი მხრივ, გამოწვევაა, რადგან სოციალური სისტემები უნდა იყოს შესაბამისად მორგებული და აწყობილი იმისთვის, რომ ჯეროვნად ვუპასუხოთ მათ საჭიროებებს, მაგრამ ამავდროულად არის საკმაოდ დიდი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ, უფროსი ასაკის ადამიანები უკან ჩავრთოთ შრომის ბაზარზე, დოვლათის დაგროვებაში… საქართველოში ასაკოვნების ძალიან დიდი რაოდენობა, დაახლოებით 52 პროცენტი განიცდის ემოციურ მარტოობას[1]. ეს ნიშნავს, რომ ისინი განიცდიან ახლო ურთიერთობებისა და ემოციური კავშირის ნაკლებობას, რასაც თან ახლავს სიცარიელის, მიტოვებულობისა და უარყოფილობის განცდა, მეგობრებისა და სოციალური კონტაქტების დეფიციტი, მიუხედავად იმისა რომ ისინი ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებში. 60+ კლუბების კონცეფცია ზუსტად ამას ემსახურება - ეს არის შეკრების ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ როგორც საკუთარი უნარების განვითარებას - იქნება ეს ხატვა, სიმღერა, თუ სპორტული აქტივობები, ასევე სოციალიზაციას - ემოციების ერთმანეთთან გაზიარებითა და თანატოლებთან გარკვეული კავშირის დამყარებით“, - განმარტა მარიამ ბანძელაძემ.
ამჟამად დედაქალაქში მოქმედი ორი კლუბი ყოველდღიურად მასპინძლობს საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს, რომლებიც როგორც თავად გვიამბობენ, აქ გაახალგაზრდავდნენ, აისრულეს ოცნებები, შეიძინეს ახალი მეგობრები და უბრალოდ თავიდან დაიწყეს ცხოვრება.
თბილისის კლუბების კურატორი, სოფო სიხარულიძე გვიამბობს, რომ პროექტის მიმართ ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა - პირველ კლუბს ინფორმაციის გავრცელებიდან მოკლე დროში 130 წევრი შეუერთდა. როგორც ის აღნიშნავს, დასწრება, ჩართულობა, ინიციატივები ნათლად აჩვენებს, რომ ამგვარ სოციალური სივრცეების მიმართ ინტერესი მზარდია:
[1] ი.კაჭკაჭიშვილი.ა. აპიაშვილი „მარტოობა ხანდაზმულებში“. კვლევის ანალიტიკური ანგარიში საქართველო - 2021წ; https://georgia.unfpa.org/en/publications/loneliness-among-older-people-research-analyses-georgia-2021
„ამის ინდიკატორები არიან ადამიანები, რომლებიც კვირაში რამდენჯერმე, ხან კი ყოველდღიურად სტუმრობენ კლუბს. რეალურად, ეს სულაც არ არის პატარა წვლილი, რომელიც კლუბების სახით მოსახლეობის ჯანსაღ და აქტიურ დაბერებაში შეგვაქვს.
რამდენიმე წელიწადში ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი იქნება ხანდაზმული[1] (2050 წლისთვის ყოველი მეოთხე ადამიანი (ანუ 25%) იქნება 65 წლის და ზემოთ) და ამისთვის მომზადებაა საჭირო. პროექტში ჩართულობა გვიჩვენებს, რომ ბევრ ადამიანს აქვს სულიერი მოთხოვნილება, იყოს სოციალურად აქტიური და გააგრძელოს ქვეყნის განვითარებაში თავისი წვლილის შეტანა. კლუბების არსებობა მათთვის პირდაპირი გაგებით არის სიცოცხლის გახანგრძლივების შესაძლებლობა, რადგან საერთო ენას პოულობენ, ახდენენ რეალიზებასა და სოციალიზაციას, თავს გრძნობენ სრულფასოვან ადამიანებად, რომლებიც ასაკის გამო კი არ გამოეთიშნენ საზოგადოებას, არამედ მისი აქტიური წევრები არიან. დამერწმუნეთ, როდესაც კლუბის აქტივობებს ერთხელ მაინც იხილავთ, მიხვდებით, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია“, - აღნიშნა სოფო სიხარულიძემ.
60+ კლუბის მენეჯერი იხსენებს თავის ვიზიტს ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციაში, რომელიც ასევე დემოგრაფიული გამოწვევების წინაშეა. მისი თქმით, საპილოტე პროექტმა ქვეყანაში სწრაფად მოიტანა დადებითი შედეგი ხანდაზმული ადამიანების სოციალიზაციის კუთხით. ამასთან, ახალგაზრდებში ბიძგი მისცა მოხალისეობრივ საქმიანობას, გამხდარიყვნენ კლუბის სხვადასხვა აქტივობის ნაწილი. თავის მხრივ, ეს თაობებს შორის კავშირების გაჩენას, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლას უწყობს ხელს. სოფო სიხარულიძე აღნიშნავს, რომ სასიამოვნო იქნებოდა, თუ მსგავს ინიციატივას საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებიც გამოიჩენდნენ, - „რადგან ჩვენი კლუბის წევრებს ძალიან უნდათ მაგალითად, ინგლისური ენის შესწავლა და ამაში ისინი თავიანთ წვლილს შეიტანდნენ“, - აღნიშნა მან.
[1] ბრუნი, ბ. დ., ჭითანავა, მ. (2017): მოსახლეობის დაბერება და ხანდაზმულები საქართველოში (2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა). https://georgia.unfpa.org/en/publications/ageing-and-older-persons-georgia-overview-based-2014-general-population-census-data

ფოტო: მიკა ძიძიგური
„მე მიმაჩნია, რომ ეს არის მაშველი რგოლი და თავისუფლების კუნძული, ასეთი კუნძულები უნდა გამრავლდეს და ალბათ საზოგადოებაც უფრო მშვიდობიანი იქნება. ყველას მოგვიწევს ეს ასაკი“, -
ასე იწყებს ჩვენთან საუბარს პაატა შუბითიძე, კლუბის წევრი და სიმღერის წრის დამფუძნებელი. პროფესიით ეკოლოგია და როგორც გვიამბო, ფოლკლორი მისი ჰობია, რომელიც „არ ასვენებს“ და მუდმივად ძიებაში ამყოფებს. სწორედ ფოლკლორის სიყვარულმა უბიძგა, კლუბში მოსვლიდან მალევე შეექმნა სიმღერის წრე. მისი თქმით, კლუბები ახალგაზრდებისთვისაც მისაბაძი იქნება, გაიზრდება მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი და ხანში შესულ ადამიანებს მეტი სტიმული მიეცემათ, აქტიურები გახდნენ:
„60+ და კითხვის ნიშანი შეგვიძლია დავსვათ - ამის შემდეგ კიდევ რამდენი აქვს მოცემული? ცხოვრების ხარისხი იზრდება, ამიტომ მე მივესალმები UNFPA-სა და თბილისის მერიისა და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ერთობლივ პროექტს, რომ დაგვეხმარა და სტიმული მოგვცა. ჩვენ შეგვიძლია შემოქმედებითად ქართული სამოსი ჩავაცვათ ამ ურთიერთობებს და უფრო საინტერესოდ ვიცხოვროთ. ჩვენ აქ ერთმანეთზე ვზრუნავთ, დადებით ემოციებს, სასიამოვნო განწყობებს ვუზიარებთ. თუ რაღაც განწყობას გიუმჯობესებს, ჩათვალე, რომ ბედნიერი ხარ, თუ რაღაც თრგუნავს ადამიანს, უკვე დეპრესიაში ვარდება“.

ფოტო: მიკა ძიძიგური
დარეჯან სიდიანი, კლუბის კიდევ ერთი გამორჩეული წევრი გვიამბობს, რომ პროფესიით ბავშვების მეთოდისტია. გარკვეული პერიოდი მხოლოდ საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული და როგორც თავად აღნიშნავს, კლუბმა და სოციალიზაციამ მასზე სუფთა ჰაერივით იმოქმედა:

დარეჯან სიდიანი
„ჩვენ ყველა ენერგიულები ვართ, ბევრი რამ შეგვიძლია და სახლში ჯდომას მხოლოდ ავადმყოფობისკენ მივყავართ. მე პირადად ვერც ვიოცნებებდი, არ მეგონა ასეთი რამ თუ იქნებოდა ჩვენთანაც, როგორც უცხოეთის განვითარებულ ქვეყნებშია. უცხოეთში მაქვს ნანახი, ასაკიანი ადამიანები გოლფსაც კი როგორ თამაშობდნენ და მიფიქრია, ნეტავ მეც ასეთი სიბერე მქონდეს მეთქი. ასე რომ, ასეთი სივრცე ნამდვილად ძალიან საჭიროა ჩვენი ასაკის ადამიანებისთვის და ვისურვებდი, ყველა რეგიონში კიდევ ხუთი და მეტი გახსნილიყოს.
ბავშვობაში ძალით დავყავდი მშობლებს ცეკვაზე და ბოლოს მივატოვე კიდეც. წლები რომ მომემატა, ვნანობდი და შემდეგ ოცნებად მქონდა გადაქცეული. დიდებულია, რომ აქ ამის შესაძლებლობა მომეცა. აქ ყველა დადებითადაა განწყობილი, მათგან მოზღვავებული ემოცია მოდის, ბედნიერები არიან. ვიკითხე კიდეც - „სახლშიც ასე ხართ?“, - შეუძლებელია, რომ სულ ასეთი პოზიტიური იყო, რადგან ათასი საქმე გაქვს. აქ რომ მოდიხარ, ხვდები შენს თანამოაზრეებს, უკვე მეგობრებს, რაც შესანიშნავია“.

ფოტო: მიკა ძიძიგური
ცისანა მიქაბერიძეც კლუბის ერთ-ერთი აქტიური წევრია. როგორც გვიამბო, წლების წინ თავად იყო გაეროს თანამშრომელი, იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც საკუთარი თვალით აქვს ნანახი ასეთი სოციალური სივრცეები. მოხარულია, რომ დღეს საკუთარ ქვეყანაში აქვს შესაძლებლობა, 69 წლის ასაკში აქტიური ცხოვრება ჰქონდეს:
„ოჯახში რომ ვთქვი, რომ უნდა გავწევრიანებულიყავი კლუბში, სადაც ცეკვის წრეებიც იყო, მითხრეს, შეხედე, თუ შეძლებ რატომაც არაო. ერთ-ერთი მეგობრის რჩევით მოვხვდი აქ. დღეს დავდივარ ქართულ და ევროპულ ცეკვებზე, გაწევრიანებული ვარ სამ ონლაინ ჩატში, სულ ვეკონტაქტებით ერთმანეთს, სულ რაღაც ხდება - აორგანიზებენ ექსკურსიებს, ვიკრიბებით თემქისა და საბურთალოს კლუბებში, სადაც ია შუღლიაშვილი გვიტარებს სიმღერის გაკვეთილებს.
ყველა ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს, უკვე მეგობრები ვართ. მიკვირს, რომ ჩემს ასაკში შემეძლო ვიღაცები გამეცნო და შემყვარებოდა. სიყვარული და პოზიტივი გადამდებია და რამდენადაც მხიარული ხარ ადამიანი, შენი პოზიტივი და მხიარულება გადადის სხვებზეც. მე ძალიან მიხარია აქ მოსვლა, ყველაფერს ვასწრებ, არც მახსოვს, თუ რამე მაწუხებს. ყოველდღე რომ ვიღვიძებ, ვამბობ, რომ ვარ კარგად, სულ არ მეტყობა წლები და მინდა, რომ ასე გავაგრძელო“.
ინტერვიუმდე კლუბის წევრებს სულ რამდენიმე წუთის დასრულებული ჰქონდათ შეხვედრა თბილისის ზღვის უბნის მედიათეკაში, სადაც კვირაში რამდენჯერმე იკრიბებიან. სურვილი გამოთქვეს, რომ კიდევ გახსნილიყო სივრცეები, სადაც ხელოვნებისა და ხელსაქმის წრეებში მეტი ადამიანი ჩაერთვებოდა და თავადაც სიამოვნებით უმასპინძლებდნენ მათ. როგორც თავად ამბობენ, თავიანთ სამეგობროში დაინტერესება საკმაოდ დიდია.

ფოტო: მზია ლეკვეიშვილი
60-65 წელს გადაცილებული ადამიანების სოციალიზაციისა და მათზე ზრუნვისთვის გაეროს მოსახლეობის ფონდი პარტნიორებთან ერთად კვლავ აგრძელებს მუშაობას: 1-ელ ოქტომბერს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA)UNFPA-სთან ერთად თბილისის კლუბებს გადასცა სპორტული და სახელოვნებო აქტივობებისათვის ინვენტარი და მასალები.

ფოტო: მზია ლეკვეიშვილი
ჯამში წელს, TIKA-მ შეიძინა 76,000 ლარის ღირებულების ტექნიკა და სპორტული და სახელოვნებო აქტივობებისათვის საჭირო მასალები, რომელიც განკუთვნილია გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივითა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით გახსნილი ოთხივე ცენტრისთვის თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში.

ფოტო: მიკა ძიძიგური
UNFPA-სა და კლინიკა „კურაციოს“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიაზე კი დაანონსდა საპილოტე თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს სესიებს ჯანსაღ დაბერებასთან დაკავშირებით. თითოეული კლუბის გახსნა და გაძლიერება და საინფორმაციო შეხვედრები ხელს შეუწყობს, მეტი 60 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანი დაუბრუნდეს სოციალურ ცხოვრებას, თუნდაც პროფესიულ საქმიანობას, რის სურვილსაც მათი დიდი ნაწილი გამოთქვამს.
მნიშვნელოვანია, აქტიურ და ჯანსაღ დაბერებასთან დაკავშირებით შემუშავდეს სახელმწიფო პოლიტიკაც, რომელიც მოემსახურება მოსახლეობის კეთილდღეობას და დადებითაც აისახება ეკონომიკურ განვითარებაზე.