საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ვივამედიდან" ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც ის 2003 წლის შემდეგ საქართველოში ინგლისური ენის გავრცელების ხელშეწყობისკენ მიმართულ საკუთარ ინიციატივებსა და მათ შემდგომ ბედზე საუბრობს. ექსპრეზიდენტი დეტალურად აღწერს, როგორ ცდილობდა სკანდინავიური მოდელის დანერგვას - უცხოური ფილმების მხოლოდ სუბტიტრებით გაშვებას, ათასობით ამერიკელი მასწავლებლის ჩამოყვანასა და დიპლომის ინგლისურად დაცვის გეგმას.
პოლიტიკოსი ღიად აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ეს პროექტები შეჩერდა, რადგან, მისი აზრით, ხელისუფლებას არ აწყობდა ხალხის ინფორმირება ინგლისურენოვანი წყაროებიდან. თუმცა, ფიქრობს, რომ რაც თავად ვერ დაასრულა, ის სოციალურმა ქსელებმა მოახერხეს.
სტატუსში სააკაშვილი საკუთარი შვილების - ნიკუშასა და ალისას მაგალითზე მსჯელობს. ექსპრეზიდენტი ფიქრობს, რომ მისი შვილები ალისა და ნიკუშა ლინგვისტური რევოლუციის კლასიკური მაგალითები არიან
"2003 წლის შემდეგ მე საქართველოში ვცდილობდი ლინგვისტური რევოლუციის მოხდენას, რაც სკანდინავიაში და ჰოლანდიაში გააკეთეს 70-იან წლებში.
შემოვიღეთ წესი რომ ტელევიზიებით ყველა უცხოური ფილმი უნდა გასულიყო არა დადებული ხმით, არამედ ორიგინალის ენით და ქართული სუბტიტრებით. ამ წესის აღსრულება მკაცრად კონტროლდებოდა შესაბამისი თანამშრომლების მიერ.
ამ მიდგომის შედეგად სკანდინავები და ჰოლანდიელები თავისუფლად ლაპარაკობენ ინგლისურად განსხვავებით დანარჩენი ევროპისგან, სადაც ფილმები გადიოდა დადებული ხმით.
შემდეგ, ჩამომყავდა წელიწადში 2 ათასი ამერიკელი მასწავლებელი. ვემზადებოდით ახალი კანონის მისაღებად, რომლებიც სამედიცინო საინჟინრო, არქიტექტორული ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს დაავალდებულებდა დიპლომის ინგლისურად დაცვას.
ივანიშვილმა დახურა ამერიკული მასწავლებლების პროგრამა და გააუქმა ტელევიზიების ვალდებულებები ინგლისური ენის მხარდაჭერის, მას არაფერში სჭირდება, რომ ხალხმა ინფორმაცია მიიღოს ინგლისურ ენოვანი წყაროებიდან, თუმცა ამასობაში წამოგვეწია ტექნოლოგიური რევოლუცია. სოციალურმა ქსელებმა გააკეთა ის, რაც მე ვერ დავასრულე.
ხალხი, განსაკუთრებით ბავშვები და ახალგაზრდები მაქსიმალურად ალაპარაკდნენ ინგლისურად. ამას მე ვატყობ ჩემი შვილების, ნიკუშას და ალისას მაგალითზე - ორივესთვის ბავშვობიდან ინგლისური მეორე მშობლიური ენაა. ამის პარალელურად ნიკუშამ ისწავლა იაპონური და ჰინდი, ხოლო ალისამ რუსული და ახლა ფრანგულს სწავლობს.
ისინი სახლში კი საუბრობენ ქართულად, მაგრამ განზოგადებულ თემებზე არჩევენ ინგლისურს. კარგია ეს თუ ცუდი? ერთის მხრივ ძალიან კარგი - თუ გვინდა რომ კონკურენტუნარიანი ვიყოთ მსოფლიოში, მაგრამ ამავე დროს არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ ქართული, რომელიც ჩვენი უმთავრესი იდენტობაა, ზუსტად იგივე პროცესი მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში და ჩვენ ამ კონტექსტში ვჯდებით".
წაიკითხეთ ასევე: