ავტორი:

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი დააკავეს

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მოქალაქე მანანა გიორგობიანი დააკავეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ბრალდებულმა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს - 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს - 1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე ექვსივე პირი. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების ადგილსამყოფელის დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მოცემულ შემთხვევაში ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • გუშინ მანჩო გიორგობიანმა გაავრცელა “ფეისბუქპოსტი", რომელშიც შს მინისტრ გეკა გელაძეს "ჰაერში აწევით" ემუქრებოდა.

“გელკა გელაძე ხარ თუ ვიღაცა, თავში ხომ არ აგივარდა ბიჭო, აგწევთ ჰაერში მთელ შსს-ს და ჩამოგალაბორანტებ მინისტრობიდან!” - წერდა ის.

გიორგობიანი აღნიშნავდა, რომ პოლიციამ მისი ძმა შეაჩერა, რომელსაც მედიკამენტები მოჰქონდა.

“ჭრიჭინას ძერასავით მოგხსნი ჰაერში!!!! ტყვიას ტყვიაში ვაჯენ, ნაბანდიტარი ვერელი ვარ, თან ხილიანსკი! ვახტანგ გომელაურს არც ჩემთან არც სხვასთან კაცობაში და მინისტრობაში არაფერი შეშლია და მსოფლიოში ყველაზე ჰუმანური პოლიცია გადმოგაბარა, ჰოდა კი დავაბრუნებთ ისევ მინისტრად შე თავხედო, რას გვიბედავთ, სააკაშვილის პოლიციას აბრუნებ და რკინის მარწუხებს გვიჭერ?! როგორ გადმოგატრიალეთ, ისე გადაგატრიალებთ!!!!

ნუ დამაბრუნებ ძველ დროში, რესპუბლიკის კრიმპოლის უფროსი რომ მოვახსნევინე ბიძინაჩვენს, ქალაქის კრიმპოლის უფროსი, მისი მოადგილე, ქალაქის სამმართველოს უფროსის მოადგილე ბიჭებს რომ ნარკოტიკს უდებდნენ, პატიმრებთან უსაქციელობისთვის მოვახსნევინე სასჯელაღსრულებოს დეპარტამენტის უფროსი, მაშინ მინისტრზე მეტი უფლებებით იყო და ამ დეკეულს ზედ ქათამივით წავაკალი ბათუმის ციხის უფროსიც, მოვაბოლტინე ყველა!!!! მიფრთხილდით, ახალგაზრდებთან რამე არ შეგეშალოთ, მიუხედავად პოლიტიკური ორიენტაციისა, არ გამომიყვანოთ ქუჩაში, თორემ განახებთ პროტესტი რას ქვია, შტურმით რომ ზვიღებთ მთელ სტრატეგიულ ობიექტებს!!!! გავლენის აგენტი სალომე კი არ ვარ, ტრისტატიშიანი მიტინგები ვშალო, გადაგივლით კატოკივით!!!!

ნე ბუდიტე ვო მნე ზვერია!“ - წერდა გიორგობიანი. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა.

იხილეთ ასევე: