გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა "ქართული ოცნების“ ინიციირებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც მმართველი გუნდი ითხოვს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას.სარჩელს განიხილავს სასამართლოს პირველი კოლეგია, რომლის თავმჯდომარეც არის მოსამართლე ვასილ როინიშვილი. საკონსტიტუციო სასამართლოს საიტზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიული ცნობების თანახმად, ის "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, წლების განმავლობაში პროკურატურაში მუშაობდა:
2004-2006 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; კადრების სამმართველოს უფროსი;
2006-2008 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი;
2008-2009 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;
2009-2020 წლებში - იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
ის 2020 წლის 29 მაისს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დანიშნეს, 25 ივნისს კი - თავმჯდომარის მოადგილედ.
როგორც ირკვევა, ის ასევე იყო თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი პროკურორი იყო.
შავაძის საქმე ერთ-ერთი საფუძველია, რის გამოც "ქართული ოცნება“ "ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვს.
2020 წელს მას მერე, რაც როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა, მას "ბათუმელებმა“ ჰკითხა, გრძნობს თუ არა მინიმუმ უხერხულობას გახმაურებული საქმეების გამო, რომელთა გამოძიებაც მისი პროკურორობის დროს დაიწყო და იმ მომენტამდე სიმართლე დადგენილი არ იყო?
"რა უნდა ქნას, მე ამაზე პასუხი არ მაქვს… მე ძალიან ვწუხვარ და არ მიხარია, რომ ეს გამოძიებული არ არის", - უპასუხა როინიშვილმა იმჟამად.
ისევ "ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელს რომ დავუბრუნდეთ, მასში მოთხოვნილია სამი პარტიის აკრძალვა. (ნახეთ სარჩელი სრულად)
ესენია:
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“; "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; "ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“.
"ქართული ოცნების“ მტკიცებით, ეს პარტიები პოლიტიკურ პროცესებში - "არაკონსტიტუციურ ქმედებებში, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში“ - იყვნენ ჩართული და "წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ“.
როგორც უკვე ვთქვით, სარჩელს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია, რომლის თავმჯდომარეც არის მოსამართლე ვასილ როინიშვილი.
კოლეგიის დანარჩენი წევრები არიან: ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი.
სტრასბურგის სასამართლომ შავაძის საქმეზე 2020 წელს დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის („სიცოცხლის უფლება“) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა.
მხოლოდ 15 წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში, გახდა შესაძლებელი ამ მკვლელობის გამოძიება და შედეგის დადება - როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე 8 ადამიანი დააკავეს.