ავტორი:

ტექ ოლიმპიადების ჰაბი საქართველოს ნაკრებებს მოამზადებს

ტექ ოლიმპიადების ჰაბი საქართველოს ნაკრებებს მოამზადებს

მსოფლიოს წამყვანი ინფორმატიკის ოლიმპიადებისთვის ეროვნული ნაკრებების ფორმირება, ტექნოლოგიურ სფეროში ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა, ნაკრების წევრთა მომზადება და მხარდაჭერა, საუკეთესო საოლიმპიადო შედეგების მისაღწევად - სწორედ ამ მიზნით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი დაფუძნდა.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს ეროვნული ნაკრებების მონაწილეობას და მომზადებას შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიადებზე:

  • ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EJOI);
  • ევროპის გოგონათა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EGOI);
  • ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI);
  • საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (OLYINFO).

აგრეთვე, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის (IOI) ჰაბი უზრუნველყოფს მოსამზადებელი ბანაკების ორგანიზებას და ჩართული იქნება ეროვნული ნაკრების ოლიმპიადაზე ასპარეზობამდე საჭირო პროცესში.

საქართველოს ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბის შექმნის იდეა მიზნად ისახავს მიმართულების პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას, სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისებას და მათთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებასა და გლობალურ ინტეგრაციას.

საქართველო 2000 წლიდან იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ოლიმპიადაში და უკვე აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები საერთაშორისო არენაზე — ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე მოპოვებულია 7 ოქროს, 13 ვერცხლის და 43 ბრინჯაოს მედალი, ასევე 2 საპატიო დიპლომი; ქალების ევროპის ოლიმპიადაზე — 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი; ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე — 2 ოქროს, 4 ვერცხლის, 20 ბრინჯაოს მედალი და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონობის ტიტული.

ოლიმპიადებში მონაწილე და გამარჯვებული ქართველი მოსწავლეები წლების განმავლობაში აღწევენ დიდ წარმატებებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ისინი დღეს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლები ან დამფუძნებლები არიან. მათ შორის არიან MIT-ის, Carnegie Mellon-ის, Vanderbilt-ის, Rice-ის, New York University Abu Dhabi-ის, Singapore National University-ის, Nanyang Technological University-ის და სხვა პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

ოლიმპიადების მონაწილეები დღეს მუშაობენ ისეთ მეგაკორპორაციებში როგორებიცაა Google, Meta, Microsoft, Dropbox, Palantir Technologies, Amazon, Facebook, Databricks, Waymo და სხვები. მათი გამოცდილება და მიღწევები ქმნის ძლიერ ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, რომლის განვითარებასაც საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი BTU-ში ახალ დონეზე აყვანას შეუწყობს ხელს.

პროექტის გენერალური მხარდამჭერია „თიბისი“, რომელიც მრავალი წელია აქტიურად უჭერს მხარს განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარებას საქართველოში. პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ICT ასოციაცია საქართველოში, დეველოპერული კომპანია ბლოქსი, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია LINEATE და გლობალურ ტექნოლოგიური კომპანია EPAM.

ჰაბის ფარგლებში მხარდაჭერილ ოლიმპიადებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ ბმულზე.

R