ავტორი:

"ასვლა" მაშინ, როდესაც შენს ცოლ-შვილს იჭერენ -  გურამ წიბახაშვილი: "ემოციურად ძალიან რთულია ჩემთვის... თუმცა გამოფენა არავითარ შემთხვევაში არ ჩაიშლებოდა"

"ასვლა" მაშინ, როდესაც შენს ცოლ-შვილს იჭერენ -  გურამ წიბახაშვილი: "ემოციურად ძალიან რთულია ჩემთვის... თუმცა გამოფენა არავითარ შემთხვევაში არ ჩაიშლებოდა"

"ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში - ჩემს გამოფენაზე, რომელსაც "ასვლა“ ჰქვია", - ასე წარმოგვიდგინა ფოტოგრაფმა გურამ წიბახაშვილმა 4 ნოემბერს, გამოფენაზე მისულ სტუმრებს საკუთარი ნამუშევრები... 3 ნოემბერს კი მისი ოჯახის წევრები - მეუღლე და ორი შვილი დააპატიმრეს... ბრალდება პროტესტის დროს რუსთაველის გამზირის "უკანონო გადაკეტვაა". გამოფენის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე გაათავისუფლეს მისი მეუღლე მანანა ჯავაშვილი, შვილები - გიგა და ლადო კვლავ პატიმრობაში რჩებიან. დაკავებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაურჩა ქალბატონი მანანას და ეკა ჯავაშვილი... "ემოციურად ძალიან რთულია ჩემთვის... თუმცა გამოფენა არავითარ შემთხვევაში არ ჩაიშლებოდა. როცა სახელმწიფო ფიქრობს, რომ უნდა დაუპირისპირდეს თავის ხალხს, როცა ცდილობს ყველა ფუნქცია მოიშალოს, მთელი ამ წინააღმდეგობის ამოცანა, რომ არ მისცე მას ამის საშუალება და ყველამ თავის ფუნქცია ბოლომდე შეასრულოს. ჩემი ფუნქცია ამ შემთხვევაში იყო ეს გამოფენა..." - გვითხრა ფოტოგრაფმა.

გურამ წიბახაშვილი:

- ეს გამოფენა მუზეუმმა და კურატორებმა მოაწყვეს. ლურსმნის ჩარჭობიდან დაწყებული, თუ როგორ უნდა გამოფენილიყო ნამუშევრები, როგორ აეთვისებინათ სივრცე, როგორ ყოფილიყო განათება, ყველაფერი მათი გაკეთებულია. ამისთვის ჩემი ოჯახური მდგომარეობის გამო არ მეცალა. თვითონ იდეაც მათგან წამოვიდა, რომ გაგვეკეთებინა ცოტა რეტროსპექტიული გამოფენა, რადგან აქ წარმოდგენილი ნამუშევრები 1988 წლიდან დაწყებული, თითქმის დღევანდლამდე პერიოდს მოიცავს. აღმოჩნდა, რომ ამ სხვადასხვა დროს გაკეთებულ ფოტოებს ის აქტუალური თემატიკა აერთიანებს, რაც დღეს საქართველოშია.

ეტყობა, არაცნობიერად სულ ვფიქრობდი კაცობრიობის და ადამიანის მთავარ ღირებულებებზე, როგორიც არის სიყვარული, დემოკრატია, უფლებები, სამშობლო, საერთოდ ყველაფერი, რაც მას ადამიანად აქცევს. გამოფენისთვის ეს იყო მთავარი ხაზი, რომელიც კურატორებმა - ანა გაბელაიამ და ნესტან ნიჟარაძემ ააწყეს. გამოფენა 3-4 სხვადასხვა სერიისგან შედგება, ოღონდ, ყველაფერი ერთ თემატიკაში ერთიანდება. კედელზე, დიდ მონიტორზე არის ხალხი, ხალხი და ხალხი, რომელსაც ეს ყველაფერი ეხება.

- როდის გქონდათ პირველი გამოფენა?

- 1985 წელს და ეს ნამუშევრები უკვე 40 წელს აერთიანებს. აქ ერთი ნამუშევარი იმ პირველი გამოფენიდანაა. "ასვლა“ ერთ-ერთი მთავარი ფოტოა და კედლის მეორე მხრიდან ის ნაწილებად არის დაშლილი. ეს არის სერია, სადაც ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული. ქვეყნის ასვლა, ადამიანის ასვლა, ჩემი ასვლა, - ზემოთ არის ასასვლელი... ზემოთ კი უკვე არის ცა.

- ამ 40 წლის განმავლობაში თქვენს კარიერაში სავალ გზას თუ გადავხედავთ, რა არის ეს წლები და ეს ასვლა თქვენს ცხოვრებაში?

- ეს ყველასთვისაა, მხოლოდ ჩემთვის არაა... პატარა რომ ხარ, მხოლოდ ინსტინქტები, იმპულსები გამოძრავებს და ვერ ხვდები, რა არის ეს. ფაქტია, რაღაც გაინტერესებს, რაღაც ფორმას უძებნი და მერე იმასვე აკეთებ. როცა იზრდები, ხვდები, რომ ყველა ადამიანის არაცნობიერი შეკითხვა საკუთარი თავის მიმართ არის, - ვინ ვარ? საიდან მოვდივარ? აქ ჩემი მოგონილი არაფერია...

- ჰოდა, ვინ ხართ?

- ადამიანი, ადამიანი, რომელიც სულ ეძებს და ეძებს, რა არის ეს ადამიანობა და მთელი შენი გზა ამის ძებნაში გადის. კარგი, რაც გაგიკეთებია, სასიამოვნოა, მაგრამ მტკივნეულად განიცდი იმას, რაც შეგშლია და ესეც ადამიანობაა... თუ ოდესმე ვინმეს უნებლიედ გული ატკინე, გაწუხებს, რაც საოცარი ტკივილია.

- მთავარი მაინც ხომ ისაა, რომ მიხვდეს ადამიანი ამას და შეწუხდეს...

- ალბათ კათარზისიც ეგ არის...

- 300 ჯგუფურ გამოფენა, წელიწადში 2 პერსონალური გამოფენა და ალბათ, ჯამში 100 პერსონალური ამ 40 წლის განმავლობაში... სერიოზული რიცხვეია..

- კი, ასეა... ფოტოს სულ ვიღებ, ყოველდღიურად და მერე იქიდან რა გამოდის და გამოვა, თავიდან არავინ იცის. კადრში ჩემთვის მთავარი მაინც იმპულსია, რომელიც იმავე ადამიანობას უსვამს ხაზს. შეიძლება პათეტიკურად ჟღერს, რასაც ვლაპარაკობ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა.

- ეს მე-100 გამოფენა ცოტა უჩვეულო აღმოჩნდა - ოჯახის წევრები დაგიპატიმრეს. ეს ყველაფერი რა ემოციას იწვევს თქვენში?

- არ იყო მოულოდნელი ის, რაც მოხდა. ვიდრე ჩემს ოჯახში მოხდებოდა, ეს ხდებოდა სხვებთან. რამდენი ადამიანია დაკავებული, ხომ იცით... ესეც პროცესია, რომელსაც ადამიანი გადიხარ. უბრალოდ, შენ როცა გეხება, რთულ მდგომარეობაში ვარდები. ხვდები, რომ შენი საწუხარია, შენი მისახედია, რასაც შენი დრო და ენერგია მიაქვს.

მარტო შენიც არა, - ამ ყველაფერში ძალიან ბევრი ხალხია ჩართული. 10 პოლიციელი მოვიდა, რომ ერთი კაცი წაეყვანათ.

- თქვენს მეუღლეს გულისხმობთ?

- კი, მანანას. ორი ეკიპაჟი მოვიდა 5-5 თუ 4-4 კაცი. იმათ კიდევ პატრული გამოიძახეს. ამაში დიდი რესურსი იხარჯება. მგონი, ის პოლიციელებიც გრძნობენ, რომ ეს უაზრობაა. არადა, მათ მაგ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები შეუძლიათ გააკეთონ. პოლიცია სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა. მათ შეუძლიათ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეები აკეთონ და დაკავებულები არიან ამ ადამიანების დაკავებით. ვიმეორებ, თვითონაც ხვდებიან, რომ ეს მათი პრესტიჟის საქმე არ არის და ალბათ ყველაზე მეტად ეს მათ აწუხებთ.

- ემოციურად მაინც როგორი იყო პირადად თქვენთვის ოჯახის წევრების დაპატიმრება?

- ძალიან რთულია, განსაკუთრებით, მძიმე იყო, როდესაც შემატყობინეს, რომ ჩემს მეუღლეს იჭერდნენ, ადამიანს, რომელიც მხოლოდ ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელია კი არა, თავადაც უკიდურესად კაცთმოყვარე. ის ჩვენი ოჯახისთვის არის იმის ეტალონი, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი, კი არ ვაქებ, მართლა ასეთია. მისთვის სიმართლე და სამართალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და ამიტომ არის ხოლმე ხანდახან ვიღაცებთან ალბათ მომაბეზრებელი, მკაცრიც...

- ამ ამბავს თქვენი გამოფენა დაემთხვა, მაგრამ ვხედავთ, რომ გამოფენა არ ჩაიშალა... უამრავი ხალხი მოვიდა...

- შემთხვევითობაა, რომ ეს ამბავი დაემთხვა. რაც შეეხება ჩაშლას, ეს გამორიცხულია - არავითარ შემთხვევაში არ ჩაიშლებოდა! როცა სახელმწიფო ფიქრობს, რომ უნდა დაუპირისპირდეს თავის ხალხს, როცა ცდილობს ყველა ფუნქცია მოიშალოს, მთელი ამ წინააღმდეგობის ამოცანა, რომ არ მისცე მას ამის საშუალება და ყველამ თავის ფუნქცია ბოლომდე შეასრულოს. ჩემი ფუნქცია ამ შემთხვევაში იყო ეს გამოფენა...

მანანა დღეს (4 ნოემბერი - ავტ.) უკვე გამოვიდა, ერთი დღე ჰქონდა მისჯილი, ბიჭებს 8 დღე აქვთ. უფროსი - გიგა - ბაკურიანშია, მეორე - ლადო - მცხეთაში.

პროტესტი იმიტომ არის, რომ ქვეყანაში რაღაც არასწორია და ეს უნდა თქვა, დააფიქსირო, რომ არასწორია. არ მგონია, რომ პროტესტი მარტო რუსთაველზეა. პროტესტი არის ადამიანში და ის შეიძლება იყოს ჩუმიც და ის ჩუმი პროტესტი კიდევ უფრო მძაფრი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ქუჩის გადაკეტვა...

  • ციხიდან გამოფენაზე: მანანა ჯავაშვილი

ანა გაბელაია, გამოფენის ერთ-ერთი კურატორი:

- გამოფენაზე წარმოდგენილია 1988 წლიდან 2016 წლის ჩათვლით გურამის ნამუშევრები. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი სერია, რომელიც მის შემოქმედებაში წამყვან ნამუშევრებად ითვლება. არის ისეთი ნამუშევრები, რომელიც ფართო საზოგადოებას აქამდე არ უნახავს.

ერთ-ერთი მთელი გამოფენის ამოსავალი წერტილი გახდა - სერია "ასვლა“ და გამოფენას სწორედ ამ სერიის გამო "ასვლა“ დაერქვა... ვეცადეთ, დღევანდელ დღესთანაც დაგვეკავშირებინა გურამის შემოქმედება, რომელიც აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგად ინახავს ისტორიასაც. მისი ამ განგრძობითი შემოქმედებისას, როდესაც ცდილობდა, გულწრფელად გადმოეცა მისი დამოკიდებულებები, ემოციები, მოახერხა საქართველოს ზოგადი მდგომარეობის ამ ყველაფერში ჩატევა. ასე რომ, საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდიდან დღემდე პერიოდს, ამ ისტორიას მიჰყვება გამოფენა და არის ბევრი ნამუშევარი, რომელიც რელევანტურია. არის ასევე წარმოდგენილი დოკუმენტური ფოტოგრაფია, ძირითადად მაინც გურამის კონცეპტუალური ნამუშევრებია.

გამოფენის გახსნის წინა დღეს, როდესაც ამ სივრცეში ბოლო შტრიხებს ვაწყობდით, გურამს დაურეკეს და უთხრეს, რომ აკავებდნენ მის მეუღლეს, მერე მალევე მისი შვილების დაკავების ამბავიც გავიგეთ. გურამი მაშინვე წავიდა და გამოეთიშა ბოლო, საინტერესო პროცესს, თუმცა დღევანდელი დღის ესეც რაღაცნაირად ნიშანდობლივი ფაქტია - ადამიანების დაჭერა, რაც აღარ არის უცხო. გურამის ნამუშევრებშიც არის ბევრი ისეთი, რაც სხვადასხვა დროს მსგავს ფაქტებს ეხმიანება - საპატიმრო, თავისუფლება, პროტესტი... ესეც იმაზე მეტყველებს, რომ რაღაცნაირად წრეზე ვტრიალებთ - საზოგადოებას ერთი და იმავე რაღაცის გავლა გვიწევს. ყოველი ასვლის შემდეგ ისევ გვიწევს, დაღმართის ჩავლა...

ლაშა ბაქრაძე:

- არ გადავაჭარბებ და ვიტყვი, რომ გურამ წიბახაშვილი არის არამარტო დიდი ხელოვანი, არამედ არის მემატიანე საქართველოს უახლესი ისტორიისა და განსაკუთრებით, კულტურული ცხოვრების 80-იანი წლებიდან დღემდე. გურამ წიბახაშვილის არქივი არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი არქივი. თუ გვინდა ვიზუალურად დავინახოთ როგორ ვითარდებოდა ეს ქვეყანა და როგორ მიდიოდა მეტ-ნაკლებად წინ, ეს მის ნამუშევრებში თვალნათლივ ჩანს. გურამი ჩემთვის არის როგორც პიროვნება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი და როგორც ხელოვანი ჩვენი ქართულ კულტურისათვის არის სრულიად გამორჩეული.

- ეს გამოფენა ცოტა უჩვეულო ვითარებაში უწევს, ოჯახის წევრები დაპატიმრებული ჰყავს...

- ეს აბსურდი, რომელშიც ვცხოვრობთ, როდესაც ჩვენს თვალწინ მყარდება რუსული საოკუპაციო რეჟიმის დიქტატურა, ძალიან კარგად სწორედ გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როდესაც გურამ წიბახაშვილის მთელი ოჯახი დაიჭირეს იმისათვის, რომ მათ, როგორც თავისუფალმა ადამიანებმა, გადაკეტეს თუნდაც ქუჩა. ამ აბსურდული ბრალდებით, რომლითაც დღეს უამრავ ადამიანს იჭერენ საქართველოში, აჩვენებს საითკენ მიდის ეს ქვეყანა.