ავტორი:

"გიორგი ახობაძეს გზა ჩაუჭრა ავტომობილმა, საიდანაც გადმოსული ორი პირი მას ფიზიკურად გაუსწორდა" - რას აცხადებს შსს აქტივისტ ექიმზე თავდასხმაზე?

"გიორგი ახობაძეს გზა ჩაუჭრა ავტომობილმა, საიდანაც გადმოსული ორი პირი მას ფიზიკურად გაუსწორდა" - რას აცხადებს შსს აქტივისტ ექიმზე თავდასხმაზე?

შინაგან საქმეთა სამინისტრო ექიმ გიორგი ახობაძეზე თავდასხმის თაობაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ:

"მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გიორგი ახობაძის მიერ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში გაკეთებული შეტყობინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დაიწყეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, ასევე მოწმეთა გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსით გადაადგილებისას, გიორგი ახობაძეს გზა ჩაუჭრა ავტომობილმა, საიდანაც გადმოსული ორი პირი მას ფიზიკურად გაუსწორდა. გამოკითხვისას, თავად გიორგი ახობაძემ განაცხადა, რომ ვერ მოახერხებს თავდამსხმელების ამოცნობას.

ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, მისი ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, გამოძიება გრძელდება.

შსს ყველა პირს მოუწოდებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ, იქნება ეს დაზარალებული თუ მოწმე, რადგან ეს მნიშვნელოვანია საქმის დროულად გახსნისა და დამნაშავე პირთა დასჯისათვის".

შეგახსენებთ ორიოდე დღის წინ, ექიმმა გიორგი ახობაძემ განაცხადა, მას აეროპორტთან თავს დაესხნენ. როგორც ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, პირებმა, რომლებმაც მასზე იძალადეს, თავი პოლიციელებად წარუდგინეს.

"აეროპორტიდან ამეკიდა ბოლო მოდელი შავი პრადო და ტაქსის გზა გადაუჭრა, გადმოხტნენ ვიღაც ტიპები, პოლიციიდან ვართ, ღონისძიება ტარდებაო - კარი გამოაღეს და ფიზიკურად გამისწორდნენ. ეგენი არიან ლაშა ბასლანძის სამეგობროს მოგზავნილი ტიპები ან თვითონ ეგენი. ტერორისტები არიან, შუა გზაში, შუა ქალაქში ტაქსის გადაუყენეს მანქანა, პოლიციელებად წარმოგვიდგნენ და დაიწყეს ფიზიკური ძალადობა. რა თქმა უნდა, ამას არავინ გამოიძიებს“,- განაცხადა გიორგი ახობაძემ.