თაკო ჩარკვიანის ინფორმაციით, მისი ძმისშვილი ჯაკო (ჯანსულ) ჩარკვიანი პოლიციაში თავად მივიდა დაკითხვაზე. AMBEBI.GE-სთან საუბარში თაკო ამბობს, რომ არ ამართლებს ძმისშვილის საქციელს და კადრების ნახვის შემდეგ გაოგნებულია.
"თავისი ფეხით მივიდა ჯაკო ადვოკატთან ერთად პოლიციაში, რამდენიმე საათი გავიდა უკვე. არ ვიცი რა ჩვენება მისცა, მაგრამ ფაქტი მოხდა ასე, ჟაკო და მისი მეგობრები სვამდნენ, ამ დროს დაურეკა მისი გარდაცვლილი მეგობრის დედამ მანჩო გიორგობიანმა კივილით, მიშველეთ, მცემესო. უთხრა რომ შველა სჭირდებოდა. მთვრალი ბიჭები მივიდნენ და მოხდა ის, რაც ვნახეთ კადრებში.. მე ვფიქრობ ჩემთვის, მთვრალები რომ არ ყოფილიყვნენ, შეიძლება გაერკვიათ დეტალები, მე არანაირად არ ვამართლებ ამ ქმედებას, ბევრმა რატომღაც აღიქვა ასე, რომ თითქოს ვამართლებ. არა, არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებ, კითხვებს ვსვამ და ვკითხულობ.
მანჩო გიორგობიანი ამ ხელისუფლების მეხოტბეა, შემომწირველი, ამ ქალმა რატომ არ დარეკა პოლიციაში? მისთვის ხომ არის სანდო პატრული. ამის ნაცვლად მთვრალ ბიჭებს დაურეკა. არანაირი გამართლება მომხდარს არ აქვს, შენი შვილის ყოლა ბიჭებს რატომ უნდა დაურეკო? პროვოკაცია მგონია ეს ყველაფერი. გაშტერებულები ვსხედვართ მთელი ოჯახი. მე პირადად ჯაკო არ მინახავს, მართლა შოკი მივიღე ეს ამბავი გავიგე ჟურნალისტებისგან, მერე კადრები რომ ვნახე გავოგნდი. წარმოუდგენელია. არ ვიცი რა ვთქვა. საათებია უკვე თავისი ფეხით მივიდა. არ ვიცი თვითონ რა ჩვენება მისცა. კიდევ კარგი იმ ბიჭებს, რამე არ დაემართათ, საერთოდ დავიღუპებოდით" - ამბობს თაკო ჩარკვიანი.
შსს-ს ცნობით, მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.
წაიკითხეთ ასევე: