სოციალურ ქსელებში ვიდო გავრცელდა, რომელიც "მის სამყაროს" გარშემო არსებულ სკანდალს ასახავს. კადრებში ჩანს, როგორ ტოვებს "მის სამყაროს" რამდენიმე მონაწილე, მათ შორის წინა წლის გამარჯვებული ვიქტორია თეილვიგი წინა საკონკურსო ღონისძიებას, რომელიც ბანგკოგში გაიმართა. სწორედ ტაილანდია წელს კონკურსის მასპინძელი ქვეყანა.
თეილვიგმა სოლიდარობა გამოუცხადა "მის მექსიკას", მას შემდეგ რაც კონკურსის პრეზიდენტმა ქალს პირდაპირ ეთერში, საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა.
"მის სამყაროს" ორგანიზაციის აზია-ოკეანიის ვიცე- პრეზიდენტმა ნავატ იტსარაგრისილმა, კონკურსანტ ფატიმა ბოშს უხეშად მიმართა, სპონსორების მიერ დაფინანსებული ფოტოსესიის გადაღებების გამოტოვების გამო.


"მის სამყაროს" ტაილანდის ოფიციალურ Facebook-გვერდზე პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას ნავატმა ბოშს მოსთხოვა, "აეხსნა, თუ რატომ არ გამოცხადდა გადაღებებზე"
როდესაც ბოშმა თავის მართლება სცადა, მამაკაცმა საუბარი შეაწყვეტინა სიტყვებით: "მე არ მომიცია ნებართვა, რომ გელაპარაკა". ამას ფატიმას მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. "მეც მაქვს ხმა" - მიმართა მან ვიცე-პრეზიდენტს და ის ქალებისადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
კამათის შემდეგ ნავატმა დაცვა გამოიძახა და მის მხარდამჭერებს დისკვალიფიკაციით დაემუქრა. ამის საპასუხოდ, ბოშმა ოთახი დატოვა და მას სოლიდარობის ნიშნად სხვებიც შეუერთდნენ.
ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ნაწილი მიიჩნევს, რომ კონკურსანტი გოგონების ერთიანობა "მის სამყაროს ისტორიაში ყველაზე გამამხნევებელი მოქმედება იყო“. თუმცა, სხვებმა 21 წლის გამარჯვებული გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ მან "ზღვარს გადააბიჯა" და ოფიციალური ღონისძიების რეგლამენტი დაარღვია.