აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ორი კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას უკრაინაში ომის მოგვარებაში დახმარება სთხოვა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტრამპის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა განაცხადა, რომ 10 წელია ცდილობს ომის დასრულებას, მაგრამ ვერ ახერხებს.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, მან რამდენიმე მსგავსი საკითხის ერთ საათში მოგვარება გაეროს დახმარების გარეშე შეძლო.
როდის იგეგმება პუტინი-ტრამპის მორიგი საუბარი?
გუშინ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი არ იგეგმება.
"ჯერჯერობით საუბარი არ იგეგმება. თუმცა, თუ ორივე მხარეს ამას საჭიროდ ჩათვლის, მაშინ ამის სწრაფად ორგანიზება შესაძლებელია“, - განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვის ცნობით, აშშ-მა რუსეთი Minuteman III-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ წინასწარ გააფრთხილა.
"რა თქმა უნდა, მსგავსი რაკეტები გაშვების იდენტიფიკაციას მოითხოვს. ეს იდენტიფიკაციის საერთაშორისო სისტემაა. მსგავსი ტიპის გაშვებების დროს მათ ჩვენც წინასწარ ვაფრთხილებთ“, - აღნიშნა პესკოვმა.