რატომ არსებობს XXI საუკუნეში საქართველოში დაავადება, რომელიც ელემენტარული ჰიგიენისა და პრევენციის პირობებში საერთოდ არ უნდა იყოს"
სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში მუნის (ტკიპით გამოწვეული დაავადება) შემთხვევებმა იმატა. მოქალაქეები წერენ, რომ დაავადება დაფიქსირდა სკოლებსა და ბაღებში.
მუნის გავრცელების მასშტაბი იმატებს ცივი სეზონის დადგომისას. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ხშირი კონტაქტი დახურულ სივრცეში, სქელი და ბევრი ტანსაცმელი ტანზე.
პაატა იმნაძის განმარტება მუნის შესახებ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, მუნის შესახებ განმარტება გააკეთა:
მუნი არის ტკიპით გამოწვეული დაავადება. მისი ძირითადი სიმპტომი ძლიერი ქავილია. გადადის მხოლოდ მჭიდრო ხანგრძლივი კონტაქტით კანით კანზე, თუმცა, შესაძლებელია, გადავიდეს თეთრეულით, პირსახოცით, ტანსაცმლით. მკურნალობა საკმაოდ ადვილია, სპეციალური მალამოების საშუალებით.
პროფილაქტიკისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს, მოვერიდოთ სხვისი პირსახოცის, სხვისი ტანსაცმლის და თეთრეულის გამოყენებას. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არა მარტო იმას ვისაც აქვს მუნი, არამედ მისი ოჯახის ყველა წევრს და ასევე, ვისაც მჭიდრო, ახლო და ხანგრძლივი კონტაქტი აქვს მასთან," — განაცხადა პაატა იმნაძემ.მისი განმარტებით, წლის განმავლობაში არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება. დაახლოებით, ასეთივე მონაცემებია დღეს საქართველოშიც.
მუნის მკურნალობის მეთოდები და პრეპარატები საქართველოში
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, მუნის მკურნალობა საკმაოდ ადვილია, თუმცა ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა მედიკამენტების შოვნასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.
მუნის სამკურნალოდ გამოიყენება ე.წ. აკარიციდული საშუალებები, რომლებიც კლავენ ტკიპას. მკურნალობის კურსი და კონკრეტული პრეპარატი ყოველთვის უნდა შეირჩეს ექიმ-დერმატოლოგის კონსულტაციით.
მნიშვნელოვანია: მკურნალობისას აუცილებელია ტანსაცმლისა და თეთრეულის დეზინფექცია – გარეცხვა 60°C-ზე ან უფრო მაღალ ტემპერატურაზე. მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს ყველა კონტაქტურ პირს და არა მხოლოდ ინფიცირებულს.
ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა სოციალურ ქსელში მწვავე პოსტს აქვეყნებს:
"მინდა ამ პოსტით, რამდენიმე ჩემს კოლეგას გამოვეხმაურო, დიახ გვახსოვს 90-იანები, როდესაც მუნი (ბღერი) არავის უკვირდა, დიახ გვახსოვს დენის მოსვლა გვიკვირდა, გაზი საერთოდ არ ვიცოდით იმდროინდელმა ბავშვებმა რა იყო, წყალი უფრო ნაცნობი იყო ჩვენთვის, უფრო ხშირად მოდიოდა ონკანში და იქ დავბრუნდეთ? ეს მდგომარეობა გავამართლოთ? რატომ არ ფიქრობთ სოციალურ მდგომარეობაზე? ან ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ამ დროს? იქნებ ისიც წაიკითხოთ მისი გავრცელება სად არის? ბანგლადეში, ინდოეთის პროვინციები, აფრიკის ზოგიერთ სოფელში და ა.შ.
მუნი - დაავადება, რომელიც არ უნდა არსებობდეს XXI საუკუნეში
მუნი (scabies) არ არის უბრალოდ „ქავილი“ - ეს არის სოციალური სიგნალი.
სიგნალი იმისა, რომ სადღაც სისტემა არ მუშაობს. რომ იქ, სადაც ბავშვი უნდა თამაშობდეს, ის იზოლაციაშია, იმიტომ რომ მისი კანქვეშ ერთი მილიმეტრიანი ტკიპა ცხოვრობს — და მედიკამენტიც კი ძნელად იშოვება.
დღეს საქართველოში მშობელი აფთიაქიდან აფთიაქში დადის, რომ იშოვოს პრეპარატი, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში OTC (თავისუფლად) იყიდება, ბავშვი კი სახლში ვერ ეკარება სხვებს, საკუთარ ძმას, დედას, მეგობარს… და რბილ ავეჯზე დაჯდომაც ეკრძალება
ეს მხოლოდ სამედიცინო პრობლემა აღარ არის — ეს სოციალური ტრავმაა. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ გვხვდება მუნი სკოლებსა და ბაღებში და ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები „უხეირონი“ ან „არასუფთები“ არიან.
ეს ნიშნავს, რომ პროფილაქტიკა არ მუშაობს, არ მიმდინარეობს სკოლებში დეზინფექცია, არარის დაცული ჰიგიენა, ხელმისაწვდომობა არ არსებობს. ჯანდაცვის სისტემა არ უნდა ტოვებდეს ოჯახს მარტო პრობლემასთან, მით უმეტეს ისეთ დაავადებასთან, რომელიც მარტივად იკურნება დროული ჩარევის შემთხვევაში.
მუნი — ეს არის სიღარიბის, უყურადღებობის და სისტემური ხარვეზის სარკე და სანამ ბავშვს ერთ ოთახში გამოკეტავენ, სანამ დედა ონლაინ ეძებს წამალს და ელოდება პასუხს აფთიაქიდან
ჯანდაცვამ უნდა იკითხოს:
რატომ არსებობს XXI საუკუნეში საქართველოში დაავადება, რომელიც ელემენტარული ჰიგიენისა და პრევენციის პირობებში საერთოდ არ უნდა იყოს",
წაიკითხეთ ასევე: