ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულ მანანა გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
პროკურორ გიორგი დოლაკიძის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები არსებობდა, რის გამოც, მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის საფუძვლები არსებობდა.
დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატ ლევან მარსაგიშვილის განმარტებით, გიორგობიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო უნდა გამოყენებულიყო.
"არაფერი გიჟი მე არ ვარ, ნუ იტყუებით. არანაირი აშლილობა არ მაქვს, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე... მითხრეს ღვთის მადლია შენზეო, ბიპოლარული აშლილობა არ მაქვს, ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, - განაცხადა გიორგობიანმა.
"მომწონს და იმიტომ“, - უპასუხა მას გიორგობიანმა და განაგრძო:
"ამფეტამინი გადავაგდე ახლახან. ფსიქოტროპული მოქმედებს ჩემზე ცუდად, შვილის პანაშვიდზე გამიკეთეს და ფსიქიატრიულში მომათავსეს. ჩემზე ნარკოტიკი ვერ მოქმედებს. გიჟი არ ვარ და ნურავინ გამოიყენებს ამას“, - განაცხადა გიორგობიანმა.
მოსამართლის კითხვაზე, მხარეებს ერთმანეთის აცილება ხომ არ აქვთ, გიორგობიანმა უარყოფითი პასუხი გასცა, განაცხადა, რომ თანახმა იყო მისი ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი და პროკურორი გიორგი დოლაკიძე იყოს.
"ამისთანა სიმპათიურ ბიჭზე როგორ ვიტყვი უარს", - განაცხადა გიორგობიანმა პროკურორზე.
მოსამართლის კითხვაზე, თუ რას საქმიანობს ის, ასე უპასუხა: "ბიზნესმენი ვარ, ბიძინაზე მდიდარი".
კითხვაზე, მის მიმართ დაკავების მომენტში ან შემდეგ, რამე უფლების დარღვევას ხომ არ ჰქონდა ადგილი, მან უპახუხა, რომ "მისი პოლიცია კარგად ექცეოდა”.
მანანა გიორგობიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა ძალადობა. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.რაც შეეხება დაკავებულ 5 პირს, მათ შორის, ჯაკო ჩარკვიანს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.
იხილეთ ასევე: