ავტორი:

იცოდით, რომ ქართველებს 100 საპრიზო მედალი აქვთ მოპოვებული საერთაშორისო ტექ ოლიმპიადებზე 2000 წლიდან დღემდე? - ისტორია, რომელიც გრძელდება

იცოდით, რომ ქართველებს 100 საპრიზო მედალი აქვთ მოპოვებული საერთაშორისო ტექ ოლიმპიადებზე 2000 წლიდან დღემდე? - ისტორია, რომელიც გრძელდება

იცოდით, რომ საქართველო 2000 წლიდან იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტექ ოლიმპიადაში და უკვე აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები საერთაშორისო არენაზე? წლების განმავლობაში, საქართველოს მონაწილეობა მსოფლიოს წამყვან ოლიმპიადებში არაერთხელ დასრულებულა გამორჩეული შედეგებით. ქართველი ახალგაზრდები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები ხდებოდნენ, აგრძელებდნენ სწავლას მსოფლიოს საუკეთესო რეიტინგის მქონე უნივერსიტეტებში, იწყებდნენ თანამშრომლობას წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან და ქმნიდნენ წარმატებულ სტარტაპებს.

ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მიღწევები ასე გამოიყურება: ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე მოპოვებულია 7 ოქროს, 13 ვერცხლის და 43 ბრინჯაოს მედალი, ასევე 2 საპატიო დიპლომი; ქალების ევროპის ოლიმპიადაზე — 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი; ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე — 2 ოქროს, 4 ვერცხლის, 20 ბრინჯაოს მედალი და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონობის ტიტული.

და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველების წარმატება ოლიმპიადაზე მიღებული ჯილდოებით არ სრულდება. ისინი დღეს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლები ან დამფუძნებლები არიან. მათ შორის არიან MIT-ის, Carnegie Mellon-ის, Vanderbilt-ის, Rice-ის, New York University Abu Dhabi-ის, Singapore National University-ის, Nanyang Technological University-ის და სხვა პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

ოლიმპიადების მონაწილეები დღეს მუშაობენ ისეთ მეგაკორპორაციებში, როგორებიცაა: Google, Meta, Microsoft, Dropbox, Palantir Technologies, Amazon, Facebook, Databricks, Waymo და სხვები.

სწორედ ამ ახალგაზრდების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნვერსიტეტში (BTU) შეიქმნა ტექ ოლიპიადების ჰაბი. ჰაბის მიზანია მსოფლიოს წამყვანი ინფორმატიკის ოლიმპიადებისთვის ეროვნული ნაკრებების ფორმირება, ტექნოლოგიურ სფეროში ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა, ნაკრების წევრთა მომზადება და მხარდაჭერა, საუკეთესო საოლიმპიადო შედეგების მისაღწევად.

“ჰაბის შექმნა პროცესების სისტემატიზაციის საშუალებას მოგვცემს. ადრე ვერ ვახერხებდით ახალგაზრდული და გოგონათა ნაკრები გუნდების დასაკომპლექტებლად ცალკე შესარჩევი ტურების და, ასევე, თითოეული ამ გუნდისათვის ცალკე ტრენინგების ორგანიზებისა. ეს ან ვერ, ან სპონტანურად ხდებოდა. ასევე არ გვქონდა საშუალება მათ დამატებით გაევლოთ მომზადება არამარტო გამგზავრების წინ, არამედ წელიწადის სხვა დროსაც. ჰაბის ფარგლებში კი შესაძლებელი იქნება ამ მოსწავლეებისათვის ზამთრის და საზაფხულო მოსამზადებელი ბანაკების დაგეგმვა და ფუნქციონირება. ასევე გარანტირებულად გვექნება მათი საერთაშორისო ოლიმპიადებზე გასამგზავრებლად საჭირო ფინანსები, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს საშუალებას მოგვცემს, გუნდების მწვრთნელების მთელი ძალისხმევა ამ ბავშვების მომზადებაზე იყოს მიმართული და არა საჭირო ფინანსების მოძიებასა და სხვა მომაბეზრებელ პროცედურებზე. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჰაბის ფუნქციონირება და ყველა აუცილებელი აქტივობა BTU-ს აბსოლუტურად გამართული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის ბაზაზე მოხდება,” - განმარტავს საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ხელმძღვანელი, დოქტორი, პროფესორი გიორგი მანდარია.

პროექტის გენერალური მხარდამჭერია „თიბისი“, რომელიც მრავალი წელია აქტიურად უჭერს მხარს განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარებას საქართველოში. პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ICT ასოციაცია საქართველოში, დეველოპერული კომპანია ბლოქსი, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია LINEATE და გლობალურ ტექნოლოგიური კომპანია EPAM.

ჰაბის ფარგლებში მხარდაჭერილ ოლიმპიადებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ ბმულზე.

R