ავტორი:

ბიზნესის რეკეტი, მკვლელობები, მათ შორის შეკვეთილიც -  ვინ არის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი და რატომ ეძებს მას საქართველოსთან ერთად, უკრაინაც?

ბიზნესის რეკეტი, მკვლელობები, მათ შორის შეკვეთილიც -  ვინ არის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი და რატომ ეძებს მას საქართველოსთან ერთად, უკრაინაც?

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს - დაკავებულია 2007 წელს დაბადებული პირი. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა

უწყების ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში კომპლექსურად ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის შეკვეთითა და დავალებით, უნდა მოეკლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები ერთ-ერთი პირი, იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა ელმურაზ მამედოვს უარი განუცხადა დაშინებით მოთხოვნილი ფულადი თანხის - 200 000 ამერიკული დოლარის გადახდაზე.

"ბრალდებულმა დავალება სისრულეში ვერ მოიყვანა, ის სამართალდამცავებმა შეკვეთილი მკვლელობის მომზადების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია "მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდითა და მასში მოთავსებული ვაზნებით.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გარდა ამისა, დანაშაულში ბრალდებულის მონაწილეობა დასტურდება მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებით, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერებით და სხვა მტკიცებულებებით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დაკავებულთან და კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენისა და მათ მიერ ჩადენილი სხვა შესაძლო დანაშაულების გამოვლენის მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აქვე, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის წინააღმდეგ არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მამედოვს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სხვადასხვა საქმეზე, დაუსწრებლად უკვე წარედგინა არაერთი ბრალი, მათ შორის მიმდინარე წლის ზაფხულში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობისათვის.

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი ამჟამად საზღვარგარეთ, მიმალვაში იმყოფება. სამართალდამცავი უწყებები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ მისი დაკავებისა და მართლმსაჯულების წინაშე დროულად წარდგენის მიზნით, რისთვისაც ხორციელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული მოქმედებები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების, მათ შორის პრევენციული ზომების გატარებას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ვინ არის ელმურაზ მამედოვი?

ის საქართველოში, გარდაბანშია დაბადებული და გაზრდილი, საქართველო 2018 წელს დატოვა და საცხოვრებლად პოლონეთში გადავიდა, ერთ-ერთი ვერსიით, ის აზერბაიჯანელი კრიმინალური ავტორიტეტის ნადირ სალიფოვის იგივე "გულის“მხარდამჭერი და დიდი თაყვანისმცემელი იყო.

  • მკვლელობა "ლილო მოლის" ავტოსადგომზე

ანტალიაში ე.წ. ქურდ "გულის" მკვლელობის შემდეგ, ის მიიჩნეოდა სადიკ მიზოევის ბანდის წევრად, როგორც მედია 2023 წლის 3 აგვისტოს, "ლილო მოლის" ავტოსადგომზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ წერდა, მამედოვს, როგორც "კანონირი ქურდის" წარმომადგენელს, "ლილოს" ბაზრობის რეკეტი ჰქონდა დავალებული. ლაპარაკია ბიზნესმენ რომან ასაევის მკვლელობაზე, რომელიც კილერმა ათობით მოწმის თვალწინ მოკლა. ამ საქმეზე დააკავეს 21 წლის ჟაკი ალაზოვი. მან დანაშაული აღიარა, თქვა, რომ ისაევი პირადი კონფლიქტის გამო მოკლა და მკვლელობის იარაღი ქუჩაში შემთხვევით იპოვა. თავდაპირველად პოლიცია ამ ვერსიაზე მუშაობდა, რომ ბიზნესმენმა 21 წლის ბიჭს აგინა და მან შურისძიების მიზნით მოკლა, თუმცა ყველაფერი თავდაყირა, მას შემდეგ დადგა, რაც დაკითხვაზე ბიზნესმენის სიმამრი დაიბარეს. მან ჩვენების დროს პირდაპირ თქვა, რომ მკვლელობამდე მის სიძეს ე.წ. ქურდული სამყარო არეკეტებდა, სთხოვდნენ, ბიზნესის მშვიდად კეთების სანაცვლოდ "ქურდებისთვის" 150 ათასი დოლარი გადაეხადა. მისი განცხადებით, კრიმინალური ჯგუფი უცხოეთიდან მოქმედება, თუმცა აქ წარმომადგენლები ჰყავდათ, რომლებიც ფულის ამოღებით ან ურჩი მოვაჭრეების დასჯით იყვნენ დაკავებულები.იმხანად გავრცელებული ცნობებით, ლილოს ბაზრობის კონტროლი სწორედ გარდაბნელ ელმურაზ მამედოვს ჰქონდა ჩაბარებული. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მას შემდეგ რაც ბიზნესმენმა ისავმა ქურდებს წილის გადახდაზე უარი უთხრა, მისი სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტეს და მკვლელობა შეუკვეთეს. საინტერესოა, რომ კილერი 21 წლის ჟაკი ალაზოვი რადიკალური პრორუსული მოძრობა "ალტ ინფოს" აქტივისტი იყო.

  • მკვლელობა სოფელ კაბალში

ლაგოდეხის რაიონში მომხდარი მკვლელობა, რომელზეც შსს-ს განცხადებაშიც არის ნახსენები ა.წ. ივნისში მოხდა, რა დროსაც, სოფელ კაბალში ხორცით მოვაჭრე 41 წლის ფაზახირ ამირახოვს ჩაუსაფრდნენ და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ბრალდებულები კაბალიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს. მოკლული მამაკაცი ტერორისა და შანტაჟის მსხვერპლი დიდი ხანის განმავლობაში იყო. ადგილობრივების თქმით, ორი დაკავებული ახალგაზრდა მარნეულიდან და იორმუღანლოდან შავი ავტომობილით ბიზნესმენს რამდენიმე საათის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

ფოტოკოლაჟი: მკვლელობის ადგილი და მოკლული ბიზნესმენი

ამირახოვს ხორცის ბიზნესი წლების განმავლობაში ჰქონდა, რასაც გამოც კრიმინალურ სამყაროსთან პრობლემები ახლდა, მას ნავაჭრიდან წილს სთხოვდნენ, უარის გამო კი მოკვლით ემუქრებოდნენ. როგორც ადგილობრივები იმხანადაც აცხადებდნენ, 41 წლის ბიზნესმენს ბოლოს სიცოცხლით მოსპობით მკვლელობამდე რამდენიმე თვის წინაც დაემუქრნენ - მას "კანონიერი ქურდების" სახელით უცნობი პირები, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თუ დიდ თანხას არ გადაურიცხავდა, მას მოკლავდნენ. დანაშაულამდე ერთი წლით ადრე ამირახოვს დაშინების მიზნით ავტომობილიც დაუწვეს.

  • ავტომობილის დაწვა, როგორც დაშინების ხერხი

როგორც ჩანს, ავტომობილის დაწვა, როგორც დაშინების ხერხი აპრობირებული მეთოდია - 2025 წლის თებერვალში, გარდაბანში, ბიზნესმენ ალაზირ მირზაევის მანქანას გვიან ღამით, მის საცხოვრებელ ეზოში ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. დაზარალებულის თქმით, ესეც რეკეტს უკავშირებდა. ის ამტკიცებდა, რომ თავდასხმის უკან კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი იდგა.

ადგილობრივების აცხადებდნენ იმასაც, რომ მამედოვი მათგან რეგულარულად ითხოვდა ფულს, ატერორებდა და ემუქრებოდა. ისინი იმჟამად ამბობდნენ, რომ პოლიციას აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ შესაბამისი ზომებს არ იღებდნენ, რადგან მმართველ პარტიაში მამედოვს სერიოზული მფარველები ჰყავდა.

მამედოვს საქართველოს პროკურატურა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებს, მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული უკრაინასაც.

  • რატომ ეძებს მამედოვს უკრაინა?

2021 წლის აგვისტოში, უკრაინის ქალაქ ოდესაში, აზერბაიჯანის 25 წლის მოქალაქე მოკლეს. უკრაინელი გამომძიებლების ინფორმაციით, დანაშაული ჩაიდინეს საქართველოში დაბადებულმა 35 წლის ქურბანოვმა და მისმა თანამემამულემ - საქართველოს მოქალაქემ, იმჟამად 27 წლის ელმურაზ მამედოვმა.

ისინი პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე მიზანმიმართულად ჩავიდნენ, რათა მოეკლათ ლაჩინ მამედოვი.

დანაშაულის მონაწილეებს შორის როლები მკაფიოდ იყო განაწილებული: ქურბანოვი იყო მძღოლი და ადგილმდებარეობის მოთვალთვალე, ხოლო მამედოვი - მსროლელი.

დანაშაულის დღეს ისინი წინასწარ შეძენილი ბულგარულ ნომრიან "მერსედესით“ მივიდნენ მალინოვსკის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსთან, სადაც მათი სამიზნე ბინას ქირაობდა. ქურბანოვი მანქანაში დარჩა, მამედოვმა კი, როდესაც მსხვერპლი სახლთან გამოჩნდა, მას პისტოლეტიდან ესროლა, რის მერეც ჩაჯდა მანქანაში და ქურბანოვთან ერთად, ფილატოვის ქუჩისკენ გაემართა, სადაც ავტომობილი მიატოვეს და სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ.

აღსანიშნავია, რომ მოკლული ლაჩინ მამედოვი ფიგურირებდა როგორც დაზარალებული გამოძალვის საქმეში. ამ საქმეში ეჭვმიტანილებად მიჩნეულნი იყვნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები, რომლის ლიდერიც არის სადიკ მირზოევი. ის ამჟამად ოდესის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა.

მკვლელობის შემდეგ უკრაინამ ორივე მამაკაცზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.