წავიკითხე ბრალი. ეს არის სრული სიცრუე. არანაირ ძალადობრივ ჯგუფთან არ მქონია კავშირი, - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, რვა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ აღძრულ ახალ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, არ არსებობს იმის მტკიცებულებაც კი, რომ მას ძალადობრივ ჯგუფთან ჰქონდა კავშირი.
"წავიკითხე ბრალი. გადმოცემულ მასალებს ვეცნობოდით. ეს არის სრული სიცრუე. არანაირი ძალადობრივ ჯგუფთან არ მქონია კავშირი. მე, რომელიც ხელისმომწერი ვარ დამოუკიდებლობის აქტის, მე მდებენ ბრალს? ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ საბოტაჟში ვიღებდი მონაწილეობას, სამწუხაროდ, ამის უკან დგანან ის ადამიანები, რომლებიც ძალადობრივად დაამხვეს ჩვენი ხელისუფლება 1992 წლის 6 იანვარს. ეს არის მათ მიერ ინსპირირებული პოლიტიკური ანგარიშსწორება იმ ადამიანის მიმართ, ვინც დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა. ეს პროცესი არის ინსპირირებული იგივე ჯგუფის მიერ, რომელიც მონაწილეობდა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობაში.
არ არსებობს იმის მტკიცებულებაც კი, რომ ძალადობრივ ჯგუფთან მქონდა კავშირი. არ ვეთანხმები იმას, რაც იყო წაკითხული”,- განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.