ავტორი:

"სამწუხაროდ, ის წკრიალა ხმები აღარ არის... სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რომ ფონოგრამაზე გამოვიდეთ" - ცნობილი მომღერლის დღევანდელობა: გია ნაცვლიშვილის გზა ფიზიკოსობიდან "4 გიამდე"

"სამწუხაროდ, ის წკრიალა ხმები აღარ არის... სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რომ ფონოგრამაზე გამოვიდეთ" - ცნობილი მომღერლის დღევანდელობა: გია ნაცვლიშვილის გზა ფიზიკოსობიდან "4 გიამდე"

გია ნაცვლიშვილი ფიზიკოსია, 1979 წლიდან 28 წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიაში მუშაობდა. "ცუდი ფიზიკოსი ნამდვილად არ ვიყავი. უნივერსიტეტიდან წამოსვლის შემდეგ, ორჯერ მქონდა შეთავაზება, უკან დავბრუნებულიყავი, მაგრამ ფიზიკა ჩემთვის უკვე დამთავრდა,“ - გვეუბნება გია ნაცვლიშვილი...

  • მიუხედავად იმისა, რომ არის ფიზიკოსი, პედაგოგი, სიმღერების ავტორი და მომღერალი, მასობრივად მაინც კვარტეტიდან "4 გია" გაიცნეს. როგორ მოვიდა ამ პოპულარულ ჯგუფამდე, რა გზა გაიარა "4 გიასთან" ერთად, ამაზე მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- მუსიკა ჩემთან ალბათ დაბადებიდან იყო, - ბებიები, პაპები - ორივე მხრიდან საკმაოდ კარგი მუსიკოსები მყავდა. დედა მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკოსი გახლდათ, ძალიან კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე, დამთავრებული ჰქონდა მუსიკალური ტექნიკუმი. მამაჩემს ძალიან უყვარდა ოპერა, ხშირად დადიოდა სპექტაკლზე და ოპერა კარგად იცოდა. მამის მხრიდან მყავს ცნობილი მუსიკოსი პავლე დემურიშვილი, ასევე ლოტბარი - შალვა სიხარულიძე. ჩემი და - თინა ნაცვლიშვილი, გარდა იმისა, რომ მუსიკათმცოდნეა, ცნობილი სიმღერების ტექსტების ავტორიც, მათ შორის, ბევრი ჰიტის.

- მერე ისე მოხდა, რომ მუსიკის პედაგოგიც გახდით, ხომ?

- პატარა ისტორიას მოვყვები: ბნელ 90-იანებში მე და ნუგზარ კვაშალმა გადავწყვიტეთ, საბავშვო სტუდია დაგვეარსებინა. ჩემი და მაშინ ჯაზის აკადემიაში მუშაობდა და სტუდიის გახსნა იქ გადაწყდა. დავნიშნეთ კასტინგი, მოვიდნენ ბავშვები, მაგრამ ნუგზარი არ ჩანდა, თურმე სამუშაოდ მოსკოვში წავიდა. გადავირიე, ბავშვებთან მუშაობის არავითარი გამოცდილება არ მქონდა. ხალხს ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი, რომ ამის გაკეთებას მარტო ვერ შევძლებდი. მშობლები მეუბნებოდნენ - გვინდა ბავშვები თქვენთან მოვიყვანოთო. ცუდ დღეში ჩავვარდი...

აკადემიაში ერთი კარგი გოგო, მაკა გამყრელიძე სწავლობდა, რომელიც დღეს ჯაზის სერიოზული მომღერალია და მასთან ერთად დავიწყე სტუდიის შენება. იძულებული გავხდი, სიმღერებიც დამეწერა, არანჟირებებიც გამეკეთებინა და ასე შევქმენით სტუდია „ექსპრომტი“. სხვათა შორის, ჩვენთან ბევრი კარგი ბავშვი იყო, რომლებიც დღეს ცნობილი ადამიანები არიან... რადგან სიმღერების წერა დაწყებული მქონდა, სხვებისთვისაც ვწერდი... პედაგოგობას ასე ავუღე ალღო. ბოლო დროს გადავწყვიტე, ჩემს პედაგოგობაში რაღაც ახალი შემეტანა - ბავშვებს გიტარაზე ცოტა სხვა მეთოდით ვამეცადინებ. არავის ვაკრიტიკებ, მაგრამ ვასწავლი მუსიკას და მგონი, არ ვარ ცუდი მასწავლებელი. ბევრ მოსწავლესთან ერთად არ ვმუშაობ - მაქსიმუმ 2-3. ვფიქრობ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ.

- საავტორო მუსიკაზე რას გვეტყვით?

- ძირითადად ბავშვებს ვუწერდი, ასევე ანსამბლ "ბათუმთან" მაქვს ურთიერთობა. მათ დისკში ჩემი 6 სიმღერაა შესული... ასე რომ, მუსიკა ჩემთან სულ იყო და არის... სკოლის პერიოდშიც ვმღეროდი, სხვადასხვა ფესტივალზე გამოვდიოდი... უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, საესტრადო ანსამბლშიც მიმიღეს, რომლის ხელმძღვანელი ენრი ლოლაშვილი გახლდათ, სადაც ბევრი კარგი მუსიკოსი იყო. ერთხელ ჩემმა უფროსმა მეგობარმა, ვაჟა სიხარულიძემ, რომელიც ანსამბლში ჩემთან ერთად მღეროდა, მითხრა, - ხალხური სიმღერის შესწავლა არ გინდაო? და ფიზიკოსების კლუბში ხალხური ანსამბლის რეპეტიციაზე მივედით. ისე გამოვიდა, რომ იქ დავრჩი. ანსამბლს კოტე მშვიდობაძე ხელმძღვანელობდა, დიდებული ადამიანი, მეგობარი და მასწავლებელიც... ასევე სხვადასხვა შემადგენლობასთან მომიწია სიმღერამ, მათ შორის, ჯაზმენებთან.

- გამოდის მუსიკის გარეშე ერთი წუთიც არ ყოფილხართ...

- ასეა... 1977 წელს ბიჭვინთაში პირველი ქართული საესტრადო სიმღერის ფესტივალი გაიმართა, სადაც ეთერ იოსებიძის შემდეგ მეორე პრემია ავიღე. მერე შემოთავაზება მქონდა სახელმწიფო ანსამბლიდან "რერო", სადაც ცოტა ხანს ვიყავი. მათთან ერთად სამოგზაუროდ ვეღარ წავედი, რადგან დიპლომს ვიცავდი, პროფესიით ფიზიკოსი ვარ და ჩემთვის მაინც ეს იყო მთავარი... ბედნიერი ვარ, რომ გივი გაჩეჩილაძესთან და ამირან ებრალიძესთან გადასარევი სკოლა გავიარე.

- დიპლომის აღებიდან უნივერსიტეტში მუშაობა მალე დაიწყეთ?

- დიახ... სტუდენტურ დღეებზე ფიზიკოსებმა გადავწყვიტეთ, რომ რაღაც ორიგინალური გაგვეკეთებინა და ფანდ-როკ-ანსამბლი გავაკეთეთ. ფანდურებზე როკ-ენ-როლს და თანამედროვე მუსიკას ვმღეროდით. მაშინდელი ჩანაწერები მცირე რაოდენობით, მაგრამ შემონახული მაქვს... იმ ფანდ-როკზე ვიდეოფილმიც გადაიღეს... მოგვიანებით ფიზიკოსების კვარტეტი შევქმენით, სადაც ვიყავით - მე, შემდგომში „4 გიას“ ერთ-ერთი წევრი - გია ღარიშვილი, დათო რობიტაშვილი და რამაზ ჭელიძე... 1986 წელს თენგიზ ჩოჩუამ, გადაწყვიტა, თავისი ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა - „ყვავილებში იწვიან“ ტელევიზიაში კვარტეტს ჩაეწერა და კვარტეტის შექმნაც გადაწყვიტა. პირველ ხმას ეძებდნენ და გია ღარიშვილი შევთავაზე. პირველ ხმას - ღარიშვილი, მეორეს - ავაგუმაშვილი, მესამეს - მე და მეოთხეს ნიკა დოლენჯაშვილი მღეროდა. ასე შეიქმნა ის პირველი სიმღერა. მშვენიერი გამოვიდა და ვიფიქრეთ, კვარტეტში სიმღერა ხომ არ გავაგრძელოთო?! ნიკას სოლისტობა უნდოდა და წავიდა, დავრჩით სამი გია.

- როგორ იპოვეთ მეოთხე წევრი?

- მეოთხე წევრი კი არა, პირდაპირ მეოთხე გია ხომ არ მოგვეძებნაო, - ვთქვით... 1986 წლის აგვისტოს იყო, გიებმა დამირეკეს, - მეოთხე გია ვიპოვეთ. ახლა გამოგივლით და წაგიყვანთო... ის მეოთხე წევრი გია ბეროშვილი აღმოჩნდა, ჩვენი მეგობრის ალიკო ბეროშვილის ძმა. ჩვენი პირველი შეკრება სუფრასთან მოხდა და ვიმღერეთ პირველი სიმღერა, ცნობილი "ჰარალალო“ კინოფილმიდან "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“. მშვენივრად გამოგვივიდა... ჰოდა, მოდი, ვიმღეროთო, - ვთქვით. გიტარებს, რაც გვქონდა, 12-სინიანი გიტარა, ტუჩის გარმონი დავამატეთ და ასე შეიქმნა "4 გია“... ყველაფერს თავის გამართლება და ბედი აქვს. შეიძლება ჩვენზე უკეთესად სხვებს ემღერათ, მაგრამ ასე მოხდა.

- ტელედებიუტი როდის გქონდათ?

- საახალწლო გადაცემა კეთდებოდა, გვთხოვეს, გამოვსულიყავით და ჩვენი პირველი გამოსვლა საახალწლო გადაცემაში შედგა. ასე გაჟღერდა ჩვენი სიმღერები, რასაც მერე მიჰყვა და მიჰყვა... გავხდით საკმაოდ პოპულარული კვარტეტი.

- როგორ დაახასიათებთ თითოეულ წევრს, თქვენს მეგობარ "გიებს"?

- ყველას ჩვენ-ჩვენი პლუს-მინუსები გვაქვს, მაგრამ მთავარი მეგობრობაა, რითაც დავიწყეთ. არადა, მაშინ იყო ანსამბლები, სადაც წევრებს ერთმანეთთან ასეთი ურთიერთობა ჰქონდათ - მე ამაზე მეტს ვაკეთებ, ის - ნაკლებს... ჩვენ რაც შემოგვდიოდა და გამოგვდიოდა, ყველაფერი 4-ზე იყოფოდა. ასე შემოვრჩით მეგობრები. დღეს უკვე ნათესავებიც ვართ, ნათელმირონები... ერთხელ გერმანიაში ყოფნისას გია ღარიშვილმა მოულოდნელად 50-მარკიანი იპოვა. წავიდა, გადაახურდავა, ოთხად გაყო და დაგვირიგა. ასეთი ურთიერთობაა ჩვენ შორის და ასე იქნება სულ.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ჯგუფის პოპულარობა რამ განსაზღვრა?

- ალბათ სახელმაც "4 გია", მაინც ორიგინალური აღმოჩნდა... რეპერტუარს ყველანი ერთად და შეთანხმებულად ვაკეთებდით... იმ ხალხურ ანსამბლში, სადაც ვმღეროდი, „გიებიც“ წამოვიდნენ და უნივერსიტეტის ანსამბლში, თსუ-ს სახელით "4 გიაც" გამოდიოდა.

- დღეს არ გაქვთ მცდელობა, რომ ისევ შეიკრიბოთ?

- რა თქმა უნდა, როცა ვხვდებით, ვმღერით... სამწუხაროდ ის წკრიალა ხმები აღარ არის. მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რომ ფონოგრამაზე გამოვიდეთ და პირი გავაღოთ.

- ე.ი. ცნობილი გამოთქმა - "ფიზიკოსები ლირიკოსები არიანო" თქვენ შემთხვევაში გამართლდა...

- ალბათ... სტუდენტობის პერიოდში, სტუდენტურ დღეებზე, ფიზიკოსებმა ლირიკოსები რომ ვიყავით, მაგიტომ გავაკეთეთ ფანდ-როკი. უნივერსიტეტის სტუდენტი 1973 წელს გავხდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამდენი საინტერესო ადამიანი რომ გავიცანი, ჩემი ლექტორები, მათ შორის ძალიან ცნობილი ადამიანები, რომელთა ლექციაზე ჯდომას არაფერი სჯობდა... ერთხელაც საქართველოში სტუმრად პარტიის ცეკას მდივანი კირილენკო ჩამოვიდა. მეორე კორპუსიდან ფიზიკოსი პირველკურსელი ბიჭები პირველ კორპუსში გადმოგვიყვანეს. მიგვითითეს კონკრეტული ადგილი და არავინ შემოუშვათო. უცებ დავინახე, რომ მოდის ვიღაც სიმპათიური ადამიანი, ბოდიშის მოხდით მივედი და ვეუბნები, გვითხრეს, რომ აქ არავინ უნდა შემოვიდესო. თავზე ხელი გადამისვა და წყნარად მითხრა, - მე პროფესორი ევგენი ხარაძე ვარო... დიდი მეცნიერი იყო ევგენი ხარაძე... და მაშინ ვთქვი, რომ პარტიის წევრი არასდროს გავხდებოდი და ამ პირობას დღემდე ვასრულებ, არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ.

''გეპეის'' კვარტეტთან ერთად

- ბევრი სახალისო ამბავი გექნებათ გასახსენებლად...

- 1989-90 წელი იქნებოდა, ეს პერიოდი იყო და თბილისში ძალიან ცნობილი როკ-ჯგუფი „ნაზარეთი“ ჩამოვიდა. "ნაზარეთის“ პროდიუსერმა (მერე ჩვენი პროდიუსერიც გახდა, ვარშავაში წაგვიყვანა და სერიოზული ამბები იყო) გადაწყვიტა, თბილისში მათ კონცერტზე ბოლოს ჩვენ გამოვსულიყავით და ერთი ინგლისური სიმღერა გვემღერა (რომელიც მათ გვასწავლეს) და მეორე სიმღერა - „ჩემო კარგო ქვეყანა“ იყო. დაგვიანებას ვერ ვიტან, მირჩევნია, ადრე მივიდე და მაინცდამაინც მაგ დღეს დამაგვიანდა... შესასვლელი სპორტის სასახლის უკანა მხრიდან იყო. იქაურობას მილიციის ორმაგი კორდონი იცავდა და არ მიშვებდნენ. რა არ ვუთხარი და არაფერმა გაჭრა. რა კონცერტი გაქვს ამათთან, კაცო, ეს ინგლისელები არიან, შენ ვინ ხარო?! მილიციელებს ერთი კაცი გამოეყო და ჩემკენ წამოვიდა. შენ გია არ ხარ? გამიხარდა, ვიღაცამ მიცნო-თქო. კი, გია ვარ-მეთქი. შეგიყვანო. უფროსთან მივიდა და უთხრა - ხომ არაფერი მითხოვია, მე და ეს კაცი ერთად ვთევზაობთ ჯანდარაზე, მოდი, შეუშვით, ეტყობა, ფული არ აქვს და ბილეთი ვერ იყიდაო... ასე მოხვდი საკუთარ კონცერტზე...

როკ-ჯგუფ "ნაზარეთთან" ერთად

2006 წელს საბერძნეთში, ათენში გვქონდა კონცერტი. კონცერტის შემდეგ ჩვენთან ჩვენი ლეგენდა - კახი კახიაშვილი მოვიდა და გვითხრა - ხვალ ჩემი სტუმრები იქნებით და არაფერი დაგეგმოთ, მერე თვითონ გაგაცილებთო. მეორე დღეს ორი ცელოფნის პარკით მოვიდა. იგრძნობოდა, რომ შიგნით მძიმე რაღაცები იდო. გაირკვა, რომ საბერძნეთში გამოცემული მისი ალბომები ეწყო. თითო 5 კილო იქნებოდა. 4 ჩვენ ვიყავით და ზურა ვადაჭკორია იყო. წარმოიდგინეთ, თითო პარკი 25 კილოს იწონიდა. გია ბეროშვილმა რომ დაინახა, - მაგ პარკებს ღერძი არ მოჰყვაო (შტანგის ასოციაცია გაუჩნდა)? ამაზე ბევრი ვიცინეთ. მაგაზე არ იდარდოთ, მე თვითონ აგიტანთ თვითმფრინავშიო.

შენ კი აგვიტან, მაგრამ თბილისში გია ასანიძეს ხომ არ დავურეკო, დაგვხვდეს, იქიდან წაღება ხომ უნდა-მეთქი, - ვუთხარი და ბევრი გავიცინეთ. მერე მასთან ვიქეიფეთ და თვითმფრინავშიც ავედით... დაჯდომა თურქეთში, ათა თურქის აეროპორტში გვქონდა. გადმოვედით და რას ვხედავთ, - გია ასანიძე არ მოდის?! სიცილი ამიტყდა. მოვუყევი, მანამდე რატომ და როგორ ვახსენეთ. მოიცა, კახის დავურეკავო. რას შვრებიო? კახიმ ჰკითხა. გიებმა დამირეკეს და აეროპორტში უნდა წავიდე, რაღაც ძალიან მძიმე მოგვაქვს და წაღებაში დაგვეხმარეო... მოკლედ, ბევრი ასეთი სახალისო ამბავი ყოფილა...