ცნობილი მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ის მამას, სახელოვან კომპოზიტორსა და მუსიკოსს, გივი გაჩეჩილაძეს დაბადების დღეს ულოცავს. მუსიკოსი 87 წლის გახდა. გთავაზობთ მსახიობის სტატუსს სრულად, სადაც ის მამის ცხოვრებისეულ გზაზე საუბრობს:

დღეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის - ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრის, მამაჩემის (გივი გაჩეჩილაძის) დაბადების დღეა.
მიყვარს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მამაჩემია, არამედ მრავალი სხვა მიზეზითაც:
უპირველესად, ის არის თავის ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი - ადამიანს არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა უცხოეთში წასულიყო და იქ დარჩენილიყო, მაგრამ არასოდეს გაუკეთებია ეს. მან საქართველო აირჩია და აქ, საკუთარ ქვეყანაში რეალიზება არჩია.
ბევრი უსამართლობა ნახა ცხოვრებაში, ბევრ იმედგაცრუებას შეხვდა, როგორც მეგობრებისგან, ისე კოლეგებისგან, მაგრამ არასოდეს გაბოროტებულა და არასოდეს დაუნებებია თავი თავისი საყვარელი საქმისთვის - მუსიკისთვის. დღემდე სწავლობს, დღემდე ახლის ძიებაშია!..
84 წლის ასაკში მეუღლე დაკარგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ დაუკარგავს რწმენა - არც უფლის, არც ადამიანების მიმართ.
დღეს ის იუბილარია - 87 წლის გახდა! და სიბერეს თავისი საყვარელი შვილიშვილების, ელიასა და გაბრიელას გარემოცვაში ატარებს.
გილოცავ, მამა!
ღმერთს ვთხოვ შენს ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს, რომ ყოველთვის, როცა შენი კაბინეტის კარს შევაღებ, ისევ იქ დამხვდე - ყურებზე დიდი ყურსასმენებით…
ცნობილია, რომ თაკო და ნინო გაჩეჩილაძეების დედა - თინა მომღერალი გახლდათ. მათი მამა გივი გაჩეჩილაძე ცნობილი მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელსაც ვარსკვლავიც გაუხსნეს ფილარმონიის წინ, თბილისის "ბიგ ბენდის" ხელმძღვანელია, წლების წინ კი ანსამბლ "რეროს" სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი იყო და სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე თინა, რომელიც ანსამბლში მღეროდა.