ძლიერმა წყალდიდობამ იტალიის დასასვენებელი ცენტრი დატბორა. სოციალურ ქსელში გავრცელებული დრამატული ვიდეოები კუნძულ სირაკუზაზე, პიაცა ევრიპიდეს მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული.



ძლიერი შტორმი ესპანეთსაც დაატყდა თავს. ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ებრძვიან მანქანები წყალდიდობის შედეგად წარმოქმნილ წყლის ნაკადს ბარსელონაში. ძლიერმა ქარმა და კოკისპირულმა წვიმამ ქაოსი გამოიწვია მალიორკას საკურორტო კუნძულზეც - გაუქმდა ფრენები და ჩაიკეტა გზები. კატალონიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, Meteocat-მა, ბარსელონაში ნარინჯისფერი განგაშის დონე გამოაცხადა.
ესპანური საინფორმაციო გამოცემა La Vanguardia-ს ცნობით, ძლიერმა შტორმმა ბარსელონას ელ პრატის აეროპორტში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია, რის შედეგადაც, მინიმუმ 47 რეისი გაუქმდა.

კატალონიის რეგიონის სხვა ნაწილში, ბადია დელ ვალესის ქალაქში, სახურავის ჩამონგრევის საშიშროების გამო, ერთ-ერთი სახლის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ქარიშხალმა კატალონიის რეგიონში რამდენიმე წყლის არხის ადიდება გამოიწვია. ბალეარის კუნძულებზე, პალმა-დე-მალიორკაზე, სეტყვისა და წვიმის გამო თითქმის ყველაფერი გაჩერდა, პალმას აეროპორტში კი ათობით შეფერხება დაფიქსირდა.


გალიციის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ხუთ მეტრზე მეტი სიმაღლის ტალღები დაფიქსირდა. ძლიერი შტორმი, სავარაუდოდ, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ყველაზე მძიმე შედეგები კი ანდალუსიის, გალისიის, კატალონიისა და არაგონის რეგიონებშია მოსალოდნელი.