სპილო უზარმაზარი ძუძუმწოვარა ცხოველია, რომელიც ძირითადად აფრიკასა და აზიაში ცხოვრობს, თუმცა ამ ცხოველის ნახვა სხვა ქვეყნებშიც შესაძლებელია. საქართველოში, კერძოდ, თბილისის ზოოპარკში ორი სპილო ცხოვრობს - მამრი „გრანდი“ და მდედრი - „მალკა“.
„გრანდი“ 2014 წელს სერიოზული გამოცდის წინაშე დადგა, რომელიც წარმატებით ჩააბარა. ექვსტონიან ბუმბერაზს გამოცდილმა სპეციალისტებმა ჩატეხილი ეშვი უპრობლემოდ, ყოველგვარი გართულების გარეშე ამოუღეს. არადა, ტკივილით ლამის 20 წელი იტანჯებოდა, რის გამოც ყოველ დღე მტკივანი ადგილიდან ჩირქს უღებდნენ და ეშვების გამორეცხვა ხდებოდა.
„გრანდი“ თბილისის ზოოპარკში ერევნის ზოოპარკიდან ჩამობრძანდა, სადაც მოსკოვიდან მოხვდა. 1999 წლის ნოემბერში, როდესაც 4 წლის სპილო მოსკოვის ზოოპარკიდან ერევნის ზოოპარკში გადაჰყავდათ, გზაში კონტეინერი ამოყირავდა და ეშვები მაშინ დაუზიანდა. გარეგნულად დაზიანებები არ ემჩნეოდა, მაგრამ როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ინციდენტის შედეგად, ახლად ამოწვერილი ეშვები მოუტეხავს. მოგვიანებით სისხლდენა დაეწყო და ორგანიზმის დაინფიცირების საფრთხე გაჩნდა. მოწვეულმა ჰოლანდიელმა ვეტექიმებმა დაადგინეს, რომ ჭრილობებში ჩირქი იყო დაგროვილი და ეშვების ყოველდღიური გამორეცხვაც, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სჭირდებოდა.
2014 წელს თბილისში ჩამოყვანის შემდეგ, მალევე ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია. სპილოს ეშვები ყბის ძვალთან იმდენად ახლოს ჰქონდა მოტეხილი, რომ ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება დაუშვებელი იყო. ორგანიზმში მუდმივი ანთებითი კერის არსებობას, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მისი სიკვდილი გამოეწვია. ამიტომაც, სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა.
იმის გამო, რომ პირველი ოპერაცია გართულდა და დაგეგმილზე მეტი დრო გაგრძელდა, მხოლოდ ერთი ეშვის ამოღება მოხერხდა. ანესთეზიის შემდეგ სპილოს წამოდგომა გაუჭირდა და ძლივს გადარჩა. მეორე ოპერაცია წყალდიდობამ შეაჩერა... BBC-ის სერიალში, სახელწოდებით „დიდი ცხოველების ოპერაციები“ „გრანდის“ ოპერაციას ერთი მთლიანი ეპიზოდი დაუთმეს.
ოპერაციის შედეგად „გრანდი“ საბოლოოდ მრავალწლიანი ტანჯვისგან გათავისუფლდა. მისი მდედრ სპილო „მალკასთან“ შეჯვარება ჯერ არ მომხდარა, როგორც ზოოპარკის თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მზია შარაშიძე ამბობს, ეს ცოტა რთული საკითხია...
„მალკას“ ჰყავდა შვილი „ბუნკა,“ რომელიც ახლა ერევნის ზოოპარკშია. ვინაიდან ვოლიერში ორი მამრის დატოვება წარმოუდგენელი იყო და არც დედასთან შეიძლებოდა მამრი შვილის დატოვება, ზოოპარკი იძულებული გახდა, გაეშვათ.
თურმე ამაზე ბევრი ზოოპარკი ოცნებობს, ბევრგან მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერებას, რომ სპილომ შთამომავლობა დატოვოს, „ბუნკა“ კი ბუნებრივად, ჩარევის გარეშე დაიბადა. ამით კი საახალწლოდ თბილისის ზოოპარკმა საუკეთესო საჩუქარი მიიღო.
როგორც თანამშრომლები ამბობენ, „ბუნკა“ ძალიან მშვიდი და ხალისიანი იყო: ვოლიერიდან თავისუფლად გამოდიოდა, ყველას ეთამაშებოდა. მის გაზრდაში ზოოპარკი სრულად მონაწილეობდა. ძალიან ჭკვიანი და დედის დამჯერი გახლდათ.
„გრანდის“ ოპერაციას კი მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. როგორც ზოოპარკის თანამშრომლები ამბობენ, საკმაოდ მშვიდი და წყნარია, ცოტათი მშიშარაც...
საერთოდ, ჩვენს ზოოპარკს არც ისე ბევრი სპილო ჰყოლია, თუმცა თბილისელებს განსაკუთრებულად ახსოვთ სპლიყვი „ბაჩო“, რომლის სანახავადა ზოოპარკში ხალხი მასობრივად დადიოდა. მიჰქონდათ საკვები, ეფერებოდნენ. სახელიც კონკურსის შედეგად დაერქვა, მასში საზოგადოების დიდი ნაწილი მონაწილეობდა.
„ამ სახელით 2 სპილო გვყავდა - ერთი 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში სრულიად პატარა კიევიდან ჩამოიყვანეს. ხალხს ძალიან უყვარდა, მაგრამ სამწუხაროდ, რამდენიმე თვეში მოკვდა. ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ვერსია ისაა, რომ დედამისის მაკეობა ჩერნობილის აფეთქებას დაემთხვა და „ბაჩოს“ ამის გამო სხივური დაავადება დაემართა. „ბაჩომდე“ ასეთი პატარა სპილო თბილისის ზოოპარკს არ ახსოვდა.
ადრეულ წლებში ეს ცხოველი ზოოპარკში თითქმის 40 წელი ცხოვრობდა, რამხელა მოხვდა აქ, არავის ახსოვს. მოკლედ, კიევიდან ჩამოყვანილი „ბაჩოს“ შემდეგ ზოოპარკს 2 სპილო ერთდროულად შეემატა - „მალკა“ („გრანდის“ ახლანდელი სავარაუდო პარტნიორი) და მამრი „ბაჩო“. ორივე ბირმაში დაიბადნენ და დიდი გზის გავლის შემდეგ, საქართველოში ალმა-ათიდან მოხვდნენ. შემდეგ კი გამრავლდნენ და სწორედ მათი ნაშიერია „ბუნკა“. „ბაჩოს“ სამწუხაროდ, რამდენიმე დაავადება აღმოაჩნდა და მოულოდნელად მოკვდა.
ასეთია, თბილისის ზოოპარკის გრანდიოზული ბინადრების მოკლე ამბავი... სპილოების, რომელიც თბილისელებს ყველა დროში ძალიან უყვარდათ და უყვართ.