ავტორი:

5 ქართული ფილმი, რომელიც ყველას განსაკუთრებულად უყვარს

5 ქართული ფილმი, რომელიც ყველას განსაკუთრებულად უყვარს

ძველი ქართული ფილმები მაყურებელს ძალიან უყვარს. ისეც ხდება, რომ ფილმის სხვადასხვა ფრაზას ყოველდღიურ მეტყველებაშიც იყენებენ. განსაკუთრებით უყვართ კომედიური ჟანრის ფილმები, სადაც სხარტ და ენაკვიმატ გამოთქმებში კარგად ჩანს ქართული ხასიათი.

მოკლედ, ბევრი კარგი ფილმია, მათი შერჩევა ყოველთვის ჭირს, თუმცა ამჯერად რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვით გადაღებული 5 ფილმი გამოვარჩიე.

  • „ფეოლა“

სახლმმართველობის თანამშრომელს უბნის მოზარდ ფეხბურთელთა გუნდის შექმნას ავალებენ. ბონდო დავალებას უგულოდ ეკიდება. ცდილობს, გუნდი პირველივე შეჯიბრებაზე დამარცხდეს, რომ ამ საქმისგან გაათავისუფლონ, მაგრამ ბავშვები ზედიზედ იმარჯვებენ. ბონდო გუნდისთვის თავს აღარ ზოგავს, ბიჭები მას ფეოლას დაარქმევენ, ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, გუნდს საფრანგეთში აგზავნიან.

ბონდოს ფრაზები მაყურებელს კარგად ახსოვს და მათი წარმოთქმისას ბევრსაც იცინის. როლს გენიალური მსახიობი იპოლიტე ხვიჩია შესანიშნავად ასრულებს.

„დაცვას მიხედე, ხვედელიძე, დაცვას", "გოლი მინდა, ხედელიძე, ორი გოლი,“ - ეს ის ცნობილი ფრაზებია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც უთქვამს, უფრო სწორად, გაუმეორებია მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმიდან "ფეოლა", რომლის დამდგმელი რეჟისორი ბაადურ წულაძეა, სცენარის ავტორი - რეზო გაბრიაძე. ფილმი გადაღებულია 1970 წელს.

  • „ქვევრი“

მთავარ გმირს, კახელ გოგიას გაჭირვებით მოტანილი ქვევრის გატეხვით გულშემოყრილს, დასახმარებლად სოფლის ხელოსანი აბესალომი მოჰყვას. ოსტატი ქვევრს კი გაამთელებს, მაგრამ თავად შიგ ჩარჩება. რას არ აკეთებენ მის იქიდან გამოსაყვანად, მილიციის განყოფილებიდანაც მოჰყავთ ხალხი, მაგრამ ბოლოს ქვევრი მაინც გასატეხი ხდება. ფილმის ფრაზები კი დღეს ჩვეულებრივ მეტყველებაში ისეა დამკვიდრებული, თითქოს ანდაზები იყოს: „როგორ ტყვილა გაჭმევ პურსა“, „როგორ მოხვდი მანდა, - უპასუხე უფროსსა. ბავშვობიდან აქა ვზივარ“, „ეს ხო წრეა, - ლაუაზიეს კანონია“, „ქვევრის გატეხვა თქვენ არ გინდათ, მე კიდევ ქრისტე არ ვარ, სასწაული მოვახდინო, სამჭკუაშვილი ვარ“...

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, 1970 წელს ლუიჯი პირანდელოს მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. რეჟისორი - ირაკლი კვირიკაძეა, სცენარის ავტორი - რევაზ გაბრიაძე, მთავარ როლებში: ბუხუტი ზაქარიაძე, ვახტანგ სულაქველიძე.

  • „შერეკილები“

ფანტასტიკური ჟანრის მხატვრული ფილმია, გადაღებულია 1973 წელს, რეჟისორი - ელდარ შენგელაია. ფილმი სავსეა იუმორითა და სახალისო სცენებით, რომლის ფრაზებიც მაყურებელმა ასევე მალე აიტაცა. ფილმის სცენარი რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის.

მამის გარდაცვალების შემდეგ ერთაოზ ბრეგვაძე ბედის საძებნელად ქალაქში ჩადის, სადაც მშვენიერ მარგალიტას გაიცნობს, რომელიც სანამ მისი ქმარი სამსახურშია, თაყვანისმცემლებს მასპინძლობს. მარგალიტაზე შეყვარებული ერთაოზი ქალს ციხის უფროსის მოცილებაში დაეხმარება, თუმცა ციხის უფროსი მას სატუსაღოში გამოამწყვდევს. იქ საფრენი აპარატის შექმნის იდეით შეპყრობილი ქრისტეფორე დახვდება. "შერეკილებად" შერაცხული ერთაოზი და ქრისტეფორე გაქცევას მოახერხებენ. ცათამფრენს ააგებენ და ყველას გასაკვირად ცაში აფრინდებიან.

"აბა, ახლა გააღე პირი და თქვი, ააა?", "ხომ გითხარი, გაფრინდებიანო?", "შე გალსტუკიანო პეპელა", "თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, მეც გამიყოლეთ", "სიყვარული ვერტიკალურია და ბრუნვადი", "გევიდა გაღმა. სად გაღმა? მარილზე. რა მარილზე? მოკვდა, მოკვდა", "არა, ის შავი კაცი ვინღა იყო?"

  • "მიმინო"

ვალიკო ("მიმინო") მიზანდარი ვერტმფრენის პილოტია. მუშაობს ქართულ ავიახაზებზე. ერთხელაც გადაწყვეტს, დიდ ავიაციაში გადავიდეს. ამ მიზნით მოსკოვში მიემგზავრება, სადაც სასტუმროს ნომერში, რუბენ ხაჩიკიანს (სომხეთიდან) ხვდება. ორივე ერთად არაერთ გაუგებარ სიტუაციაში ხვდება. რუბიკა ვალიკოს ციხეში ჩასმისგან იხსნის... ვალიკო საბოლოოდ მაინც მოხვდება დიდ ავიაციაში, თუმცა ვალიკოს ნოსტალგია სამშობლოში დააბრუნებს. ამ ფილმიდანაც მაყურებელს ბევრი სხარტი ფრაზა ახსოვს:

"ვ ეტოი გოსტინიცე ია დირექტორ", "სნაჩალა პოდუმაი, პატომ გოვორი", "ტაკიე პილოტი კაკ ვი, ნა ულიცე ნე ვალიაიუტსიაო, გაიგე?", "ბალიკ ჯან, ია ტებე ადინ უმნი ვეშ სკაჟუ, ნო ტოლკო ტი ნე ობეჟაიშსა", "ვოტ მუსორნი იაშეკ, ა ტამ ჟენშინა კურილა"...

„მიმინო“ 1977 წელს გია დანელიას "მოსფილმში" გადაღებული მხატვრული ფილმია. მთავარ როლებში: ვახტანგ კიკაბიძე და ფრუნზიკ მკრტჩიანი არიან. საბჭოთა პერიოდის ამ კომედიამ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1977 წელს ოქროს პრემია მიიღო. მას დღემდე მაღალი რეიტინგი აქვს ინტერნეტის კინობაზარზე.

  • „არაჩვეულებრივი გამოფენა“

გადაღებულია 1968 წელს, რეჟისორი - ელდარ შენგელაია. სცენარი რევაზ გაბრიაძეს ეკუთვნის.

მოქანდაკე აგული ერისთავი მასწავლებლის ნაჩუქარი მარმარილოს ქვისგან არაჩვეულებრივი მონუმენტის შექმნაზე ოცნებობს, მაგრამ აგული მხოლოდ მიცვალებულთა ბიუსტების ავტორად ჩამოყალიბდა, რადგან დიდი ოჯახის პატრონია, რომელიც უნდა არჩინოს. ფილმის ფინალში სევდანარევი იუმორით აღიარებს, რომ ნიჭი ტყუილუბრალოდ გაფლანგა, საოცნებო მარმარილოს ქვა კი მოწაფეს გადაულოცა... ფილმის სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძეა და ცხადია, მისი ჩვეული იუმორი აქაც თავს იჩენს: "მაგისთანა წყნარი, პატიოსანი, თერაპევტი, ოჯახიშვილი ჩვენს ქალაქში დიმიტრია გელოვანი", "ცხვირი ჰგავს, გავს, ე.ი. გავს", "5 კილო, შავი-შავი", "მე და მამა ვმუშაობთ", "გველი გამიზრდია უბეში, გველი", "ვალოდია ვარ ჯინჭარაძე, არ გახსოვს? მარცხნივ ვიჯექი რადიატორთან".

რეჟისორის ნამუშევარი, მსახიობების საუკეთესო თამაში და რეზო გაბრიაძის გენიალური სცენარებს ამ ფილმების წარმატებაში ფაქტია, რომ დიდი როლი აქვს შეტანილი.