2023 წლის თებერვალში ბაკურიანში ახალი საბაგიროს და სათხილამურო ტრასის გახსნას დაესწრნენ იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, აწ პატიმრობაში მყოფი რომეო მიქაუტაძე და სხვა ჩინოსნები. ამის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა არა მხოლოდ ინტერნეტსივრცეში, სამთავრობო არხებზეც კი იძებნება. კადრებში ჩანს, ”კრისტალ ჯგუფის დამფუძნებელს ვლადიმერ სტეფანიანი როგორ აცნობს მთავრობის ხელმძღვანელებს საკუთარ წარმატებულ ბიზნესს, რომელიც როგორც ამ ცოტა ხნის წინ გაირკვა სრულიად უკანონო ყოფილა.
დიახ, 7 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე "კრისტალ ჯგუფის” ხელმძღვანელი ვლადიმერ სტეფანიანი დააკავა.
გამოძიების ცნობით, “კრისტალ ჯგუფის” კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული შპს "ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ და შპს “ჰოტელს მენეჯმენტ გრუპის” დამფუძნებელმა პირმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა ხუთი სასტუმრო-აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ჰქონდა მხოლოდ კრისტალ ჯგუფის მომხმარებლებს. უნებართვოდ აშენებული სასტუმრო-აპარტამენტების რეალიზაციის შედეგად, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა.

"ამ ეტაპისათვის, გამოძიებით დადგენილია 1 894 925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება, “კრისტალ ჯგუფის” დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების, მათ შორის დანაშაულის ხელშემწყობი საჯარო მოხელეების დადგენის და მხილების მიზნით.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ვლადიმერ სტეფანიანი 1972 წელს არის დაბადებული. ბიზნესმენის იურიდიული მისამართი ბაკურიანშია და მისი ბიზნესებიც სწორედ ბაკურიანის საკურორტო ზონას უკავშირდება.
დეველოპერული კომპანია “კრისტალ ჯგუფი” ბაკურიანში სტეფანიანმა 2008 წელს დააარსა. "კრისტალ ჯგუფმა" საქმიანობა სასტუმრო ბიზნესით დაიწყო. განვითარების შემდეგ ეტაპზე კი კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა უძრავი ქონების მშენებლობასა და მართვას.
ის "ქართული ოცნების" შემომწირველების სიაშიც იძებნება. როგორც ირკვევა, ვლადიმერ სტეფანიანს 2021 წელს მმართველ პარტიას 50 ათასი ლარი შესწირა, ასევე 2018 წელს სალომე ზურაბიშვილისთვის როგორც პრეზიდენტობის კანდიდატისთვის 60 000 ლარი აქვს გადარიცხული, მოგეხსენებათ, მას მხარს აქტიურად უჭერდა "ქართული ოცნება". მანვე 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობას" 2 500 ლარის შესწირა.
სამეწარმეო რეესტრში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, შპს "ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფი“ 2008 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი გიგა დიდბარიძეა, წილებს კი სრულად ფლობს ვლადიმერ სტეფანიანი. სამინისტროს განცხადებაში ნახსენები შპს ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ –HMG რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. ამ შემთხვევაშიც დირექტორად გიგა დიდბარიძეა მითითებული, მფლობელი კი სტეფანიანია.
გარდა აღნიშნული კომპანიებისა, სტეფანიანის საკუთრებაშია 2013 წელს დაფუძნებული შპს კრისტალსერვისი. აღნიშნულ კომპანიაში დირექტორის პოზიციას სტეფანიანი იკავებს, მფლობელიც თავადაა. ამავე წელს დააფუძნა სტეფანიანმა შპს კრისტალვილი, ამ კომპანიაში წილები მის საკუთრებაშია, დირექტორი კი რომან ხაჩატურიანია.
2018 წელს დაარეგისტრირა რეესტრში სტეფანიანმა შპს საგა-ბაკურიანი. ამ კომპანიაში მისი პარტნიორი (წილების 50%) და დირექტორი მერაბ ცაგარეიშვილია.
ამასთანავე, 2013 წელს სტეფანიანმა კიდევ ერთი კომპანია - შპს ბუენოს აირესი დააფუძნა, ამ კომპანიაში მისი წილი 34.167%-ს შეადგენს. წილების დარჩენილ ნაწილს გიორგი რამიშვილი, თამაზ რამიშვილი და ალექსი თოფურია ინაწილებენ.
.