ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გზებზე დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
"გაეროს გენერალური ასამბლეისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხარდაჭერით, 2005 წელს ნოემბრის მესამე კვირა გზებზე დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. https://worlddayofremembrance.org/#top
საერთაშორისო დღე ეძღვნება იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც საგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპნენ ან მძიმედ დაშავდნენ. ის მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობის შეხსენებასა და მიზანმიმართულ მოქმედებას.
დღის სლოგანია: "გახსოვდეს. დაიცავი. იმოქმედე“, რომელიც გულისხმობს გვახსოვდეს ისინი, ვინც საგზაო შემთხვევებში დავკარგეთ, დავიცვათ გადარჩენილები და ვიმოქმედოთ, რათა აღარ შეწყდეს არც ერთი სიცოცხლე გზაზე.
საქართველო უერთდება გაეროს საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადას (2021–2030) და იღებს ვალდებულებას, 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი 50%-ით შეამციროს.
ამავე მიზანს ემსახურება ქვეყნის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რომელიც დეკადის პრიორიტეტებს ეყრდნობა. https://www.who.int/teams/social-determinants-of-health/safety-and-mobility/decade-of-action-for-road-safety-2021-2030
2025 წლის იანვარ-სექტემბერში 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით მსხვერპლი გზებზე საგრძნობლად გაიზარდა:
https://police.ge/public-information/sagzao-satransporto-shemtkhvevebi?id=119&menu=120&year=266
მოხდა 4,480 საგზაო შემთხვევა, რაც 9%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით;
დაიღუპა 345 ადამიანი, რაც წარმოადგენს 14.6%-ით ზრდას;
დაშავდა 6,041 ადამიანი ანუ 11.8%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს.
"2025 წლის პირველ ცხრა თვეში, საქართველოში 345 ადამიანი დაიღუპა და 6 000-ზე მეტი დაშავდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით გაიზარდა მსხვერპლი გზებზე, რაც მიუთითებს, რომ არსებული მიდგომების გადახედვა და გაძლიერება აუცილებელია. სტატისტიკა მკაფიო სიგნალია, რომ ქვეყნის ძალისხმევა საგზაო უსაფრთხოების სფეროში უფრო მჭიდროდ უნდა შეესაბამებოდეს გაეროს მოქმედების დეკადის (2021–2030) მიზნებს.
საჭიროა სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯები: სიჩქარის ტოლერანტული ზღვრის (15 კმ/სთ) შემცირება, ქალაქის გზებზე სიჩქარის ლიმიტების გადახედვა, სიჩქარის გადაჭარბებაზე კამერებით ქულების ჩამოკლების მექანიზმის ამუშავება, უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედების სავალდებულოდ შემოღება და სხვა.
უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვების დაცვას - სამგზავრო სავარძლების სავალდებულო გამოყენებას, უსაფრთხო სასკოლო ზონების შექმნას და ქვეითთა გადასასვლელებს.
გზებზე უსაფრთხოების ასამაღლებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებასთან სისტემური კომუნიკაცია საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე.
საერთაშორისო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ "უსაფრთხო სისტემის“ მიდგომა წარმატებით მუშაობს და მისი დანერგვით არაერთმა ქვეყანამ მნიშვნელოვნად შეამცირა მსხვერპლი გზებზე. თითოეული სიცოცხლე მნიშვნელოვანია და დრო გადამწყვეტია“, - განაცხადა "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა.