97 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯეიმს უოტსონი - ამერიკელი მეცნიერი, გენეტიკოსი და ბიოლოგი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო დნმ-ის სტრუქტურის შესწავლისთვის. კონკრეტულად, 1953 წელს ფრენსის კრიკთან თანაავტორობით გამოაქვეყნა აკადემიური ნაშრომი დნმ-ის მოლეკულის ორმაგი სპირალური სტრუქტურის შესახებ. 1962 წელს უოტსონი, კრიკი და მორის უილკინსი დაჯილდოვდნენ ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემიით "ნუკლეინის მჟავების მოლეკულური სტრუქტურისა და ცოცხალ ორგანიზმში ინფორმაციის გადატანის საკითხში მისი მნიშვნელობის აღმოჩენისთვის“. უოტსონის აღმოჩენა XX საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მეცნიერულ მიღწევად მიიჩნევა. უოტსონის კვლევებმა გზა გაუხსნა მოლეკულური ბიოლოგიის სწრაფ განვითარებას. "ჩვენ სიცოცხლის საიდუმლო გავხსენით", - განაცხადეს მაშინ მეცნიერებმა.

კრიკი და უოტსონი მუშაობდნენ დნმ-ის რენტგენულ გამოსახულებებზე, რომლებიც ლონდონის King’s College-ის მკვლევარმა როზალინდ ფრანკლინმა გადაიღო (ის თავად არ იცნობდა კოლეგების ამ მიმართულებით მუშაობას). სწორედ ამ გამოსახულებების მეშვეობით მათ შეძლეს მოლეკულის სტრუქტურის რეკონსტრუქცია.
წლების შემდეგ, ის ცნობილი გახდა სკანდალური განცხადებებით, რომლებმაც საბოლოოდ მისი სამსახურიდან გათავისუფლება და სამეცნიერო ტიტულების დაკარგვა გამოიწვია.
უოტსონი 1928 წელს დაიბადა ჩიკაგოში. 15 წლის ასაკში მიიღო სტიპენდია ჩიკაგოს უნივერსიტეტში, სადაც დაინტერესდა რენტგენული დიფრაქციის ტექნოლოგიით - მეთოდით, რომელიც საშუალებას აძლევდა მეცნიერებს დაენახათ ატომების შიდა სტრუქტურა.
მოგვიანებით ის ბრიტანეთში, კემბრიჯში გადავიდა, სადაც კრიკი შეხვდა და მათ ერთად დაიწყეს დნმ-ის მოდელის შექმნაზე მუშაობა.
2007 წელს უოტსონი სკანდალში გაეხვია, როცა ბრიტანულ გაზეთ Sunday Times-თან ინტერვიუში თქვა, რომ "აფრიკის პერსპექტივები მას იმედგაცრუებულს ტოვებდა“, რადგან "ჩვენი სოციალური პოლიტიკა ეფუძნება აზრს, თითქოს მათი ინტელექტი ჩვენი ტოლია, მაგრამ ტესტების ყველა მონაცემი აჩვენებს, რომ ასე არ არის“.
უოტსონი ამტკიცებდა, რომ თეთრკანიანებსა და შავკანიანებს შორის ინტელექტუალური უნარის განსხვავება IQ ტესტებში ჩანს. თუმცა ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს განსხვავება გენეტიკით კი არ არის განპირობებული, არამედ ცხოვრების გარემოთი.
ამ განცხადებების შემდეგ უოტსონი გაათავისუფლეს Cold Spring Harbor Laboratory-დან და ჩამოართვეს ყველა ადმინისტრაციული პოზიცია. მან ბოდიში მოიხადა, თუმცა მხოლოდ საპატიო ტიტულები შეინარჩუნა.
2014 წელს უოტსონმა გაყიდა თავისი ნობელის ოქროს მედალი, განაცხადა, რომ სამეცნიერო საზოგადოებამ მას ბოიკოტი გამოუცხადა რასობრივი განსხვავებების შესახებ ნათქვამი ფრაზების შემდეგ.
მედალი აუქციონზე 4.8 მილიონ დოლარად გაიყიდა - მყიდველი კი რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი აღმოჩნდა, რომელმაც მალევე მედალი უკან დაუბრუნა და თქვა, რომ "დაუშვებელია, ისეთი გამორჩეული მეცნიერი, როგორიც უოტსონია, იძულებული გახდეს საკუთარი მედალი გაყიდოს“.

2019 წელს უოტსონმა კვლავ გაიმეორა თავისი განცხადებები რასობრივ განსხვავებებზე, რაზეც PBS-ის დოკუმენტურ ფილმში (Decoding Watson) ისაუბრა. ამის შემდეგ Cold Spring Harbor Laboratory-მ საბოლოოდ ჩამოართვა მას ყველა საპატიო წოდება.
ლაბორატორიის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ "დოქტორ უოტსონის მოსაზრებები შეურაცხმყოფელია და არ ემყარება მეცნიერებას“, რაც, მათი თქმით, საბოლოოდ აუქმებდა მის წინა ბოდიშს.