ნალექების რეკორდულად დაბალი რაოდენობის გამო ირანში და მის დედაქალ თეირანში ძლიერი გვალვაა. წყალსაცავები თითქმის დაცარიელდა, ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, წყალი მოიმარაგონ. პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ შესაძლოა თეირანის ევაკუაცია გახდეს საჭირო.

ფეზეშქიანის თქმით, თუ უახლოეს მომავალში წვიმა არ მოვა, დედაქალაქში წყლის მიწოდება შეიზღუდება, მაგრამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად შეიძლება ეს ზომაც საკმარისი არ აღმოჩნდეს.
“თუ წყლის ნორმირება შედეგს არ გამოიღებს, მოგვიწევს თეირანის ევაკუაცია,“ - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა საჯარო გამოსვლისას.
თეირანიდან 10 კმ-ში მდებარე ლათიანის კაშხლის მმართველის ინფორმაციით, ირანის დედაქალაქის მთავარი წყლის წყარო ამჟამად 10%-ზე ნაკლებადაა შევსებული.
ასევე კრიტიკულ მდგომარეობაშია ახლომდებარე ქარაჯის წყალსაცავი, რომელიც წყალს როგორც თეირანს, ისე ალბორზის პროვინციას აწვდის.
ქარაჯის კაშხლის მმართველმა მოჰამად-ალი მოალლემმა განაცხადა, რომ გასულ წელთან შედარებით ნალექები 92%-ით შემცირდა.” ჩვენს რეზერვუარში მხოლოდ წყალის 8% დარჩენილი და ისიც თითქმის მთლიანად გამოუსადეგარი“, - დასძინა მან მედიასთან საუბარში.
ხელისუფლება იმედებს შემოდგომის ბოლოს მოსალოდნელ წვიმებზე ამყარებს, თუმცა პროგნოზები კვლავ არასახარბიელოა. ოფიციალური პირების განცხადებით, წყლის მიწოდება მკვეთრად შეიზღუდება, ხოლო ოჯახებსა და ბიზნესებს, რომლებიც ზედმეტად ბევრ წყალს მოიხმარენ, ჯარიმები დაეკისრებათ.

ენერგეტიკის მინისტრის აბას ალიაბადის თქმით წყლის კრიზისის მიზეზი მხოლოდ ნალექების ნაკლებობა არ არის, კიდევ ერთი ფაქტორი საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელი, გაცვეთილი, წყალსადენის სისტემაა, რომელსაც ხშირად აქვს გაჟონვები.
მეშჰედში, ირანის მეორე უდიდეს ქალაქში, ხელისუფლებაც საგანგაშო განცხადებებს ავრცელებს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეშჰედის ოთხივე წყალსაცავი — თოროღი, ქარდეხი, დუსტის და არდაკი — მხოლოდ 3%-ითაა შევსებული და აქედან მხოლოდ დუსტის წყალსაცავი ფუნქციონირებს.
წყლის კრიზისი ირანში ათწლეულებია მწიფდებოდა. თვით ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ არაერთხელ აღიარა მოახლოებული საფრთხე. მან წყლის დეფიციტზე ჯერ კიდევ 2011 წელს ნავრუზის (გაზაფხულისა და ახალი წლის) მიმართვაში ისაუბრა.

დღეს თეირანში, ქარაჯსა და მეშჰედში ჯამში 16 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.