ავტორი:

რა არის ცნობილი "სფერო ჰოლდინგზე" და ვინ არის გივი წულეისკირი? - კაცი, რომელიც თაღლითობას "ებრძოდა", თაღლითობის ბრალდებით დააკავეს - როგორი იყო სქემა?

რა არის ცნობილი "სფერო ჰოლდინგზე" და ვინ არის გივი წულეისკირი? -  კაცი, რომელიც თაღლითობას "ებრძოდა", თაღლითობის ბრალდებით დააკავეს - როგორი იყო სქემა?

10 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დააკავეს "სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი (გიგა) წულეისკირი.

"სფერო ჰოლდინგს“ ბოლო თვეებია არაერთი მომჩივანი ჰყავს - მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ ბანკებიდან სესხი აიღეს და ინვესტიციის სახით კომპანიაში ჩადეს. კომპანიას ამ ფულის სანაცვლოდ ისინი ბინით უნდა უზრუნველეყო, თუმცა...

ათობით მოქალაქე და მათი ოჯახის წევრები ღამის გასათევის გარეშე აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც "სფერო ჰოლდინგმა“ კონტრაქტით აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა.

  • როგორი იყო სქემა, რომელმაც არაერთი ადამიანი დააზარალა?

მოქალაქეებს, ვისაც ბინის გორაობა სურდათ, შპს "სფერო ჰოლდინგის“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული "სფერო ინვესტი" გირაოს ალტერნატივას სთავაზობდა, კონკრეტულად, კომპანიაში თანხის დაბანდების სანაცვლოდ მოქალაქეებისთვის "სფერო ჰოლდინგი" ბინას ქირაობდა, ფულის ინვესტირებას კი საკუთარ ბიზნესებში ახდენდა. კომპანია მათ ჰპირდებოდა, რომ ყოველთვიურ სარგებელთან ერთად, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მოქალაქეებს თანხას სრულად დაუბრუნებდა, თუმცა პირობა არაერთი მოქალაქის შემთხვევაში დაირღვა. შედეგად: ნაქირავები ბინებიდან ხალხის გამოაძევეს.

მფლობელმა ა.წ. 30 სექტემბრამდე თანხების დაბრუნების პირობა დადო, მაგრამ ვერ შეასრულა.

დაზარალებულთა თქმით, ეს არის "საუკუნის თაღლითობა", რისთვისაც "სფერო ჰოლდინგმა“ სარეკლამო კამპანიაში ცნობილი სახეებიც კი გამოიყენა, თუმცა საბოლოოდ პირამიდული სქემა ჩამოინგრა და 244 ოჯახი უმწეოდ დარჩა.

  • რა ითქვა პროკურატურაში?

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ "სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია "სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო "სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ, - ამის შესახებ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ ფიზიკური პირებისაგან დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, შპს "სფერო ჰოლდინგის“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს იურიდიული პირი - "სფერო ინვესტი“, რომლის დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე, თუმცა საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ერთობლივად ახორციელებდნენ.

გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე

გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, "სფერო ინვესტის“ სახელით, ფიზიკურ პირებთან გააფორმეს "უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის,“ აგრეთვე ე.წ. "კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულებები, კერძოდ: უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს "სფერო ინვესტის" ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც "სფერო ინვესტი“ მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დააბრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. მიუხედავად ამისა "სფერო ინვესტმა“ შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

"კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეები "სფერო ინვესტის“ ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს.

გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ, ზემოაღნიშნული ხერხით, 244 მოქალაქეს, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინეს დიდი ოდენობის თანხები. თავად კი, არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“ და მესამე ნაწილის "ა“ და "ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართვას. ამასთან, ჯგუფის ერთი წევრის მიმართ კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თაღლითობის საქმეების ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე გატარდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით“, - განაცხადეს პროკურატურაში.

  • რა არის ცნობილი გივი (გიგა) წულეისკირზე?

2021 წელს გივი (გიგა) წულეისკირმა "იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია“ დააფუძნა და ხელმძღვანელობდა, ინტერნეტში იძებნება სტატიები, ინტერვიუები, ვიდეოსიუჟეტები, რომელშიც ის კერძო მევახშეების თაღლითურ სქემებს აღწერს და მოითხოვს, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა დაიწყონ გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულზე, რასაც მევახშეები სჩადიან თვალთმაქცური - არა სესხის, არამედ ნასყიდობა-გამოსყიდვის - ხელშეკრულებების გაფორმებითა და მოქალაქეთა უძრავი ქონების დაუფლებით. ის ასევე ხელისუფლებას მიმართავდა და გამოსახლებების პროცესზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვდა.

  • "ბიზნესპრესნიუსი დაინტერესდა, რა ბიზნესებს ფლობენ გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე, ასევე რა არის ცნობილი მათ მფლობელობაში არსებულ კომპანიებზე.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გივი წულეისკირი 100%-იანი წილის მფლობელია შპს "სფერო ჰოლდინგში“, რომელიც 2015 წელს არის რეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიის დირექტორიც თავად წულეისკირია.

გარდა ამისა, გივი წულეისკირი 100%-იანი წილის მფლობელია შპს "კადაგი +სა“ და შპს "სფერო დეველოპმენტში“. "კადაგი+“ 2016 წელსაა რეგისტრირებული, შპს "სფერო დეველოპმენტი“ კი რეგისტრაციაში 2018 წელს შევიდა. აღნიშნული კომპანიების დირექტორიც თავად წულეისკირია.

აღსანიშნავია, რომ სამეწარმეო მონაცემების მიხედვით, წულეისკირი დირექტორი და დამფუძნებელია ორგანიზაციაში "იპოთეკით მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება“. გარდა ამისა, ის დირექტორის პოზიციას იკავებს "დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანებაში“.

რაც შეეხება სს "სფერო ინვესტს“, რომელიც საბრალდებო საქმეში ფიგურირებს, შპს "სფერო ჰოლდინგის“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობითაა დაფუძნებული. რეგისტრირებულია 2020 წელს, ამ სააქციო საზოგადოების დირექტორი კი გიორგი მურუსიძეა. თუმცა, როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მურუსიძე "სფერო ინვესტის“ ფორმალური მმართველი იყო, საწარმოს მართვას ის და გივი წულეისკირი ერთობლივად ახორციელებდნენ.

გიორგი მურუსიძე ასევე დირექტორის პოზიციას იკავებს შპს "სფერო ბაკურიანში“, შპს "სფერო კოინში“, შპს "სფერო აკადემიაში“, შპს "სფერო ტვ-ში“, შპს "სფერო კვებაში“, "ნოვატორ ბიზნესმენთა ასოციაციაში“ და შპს "შავი ზღვის მართვის ჯგუფში“. ამ უკანასკნელში ის 100%-იანი წილის მფლობელიც გახლავთ.

ინფორმაციისთვის, "სფერო ჰოლდინგი“ ტელეკომუნიკაციების ბაზარზეც იყო წარმოდგენილი, "სფერო დეველოპმენტი“ კი სამშენებლო მიმართულებით იყო დაკავებული. "სფერო ჰოლდინგი აერთიანებს ბიზნესს, მედიას და სოციალურ პროექტებს. ვქმნით პლატფორმას, სადაც განვითარება, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და სანდოობა არის მთავარი ღირებულებები“, - ვკითხულობთ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. (წაიკითხეთ "ბიზნესპრესნიუსის" სტატია)

აღსანიშნავია, რომ 12 მილიონის დაუფლების საქმეზე ბრალდებული "სფერო ჰოლდინგის" დირექტორი, გიორგი მურუსიძე იტალიაშია - ამის შესახებ კომპანიის იურისტმა, სოფო პეტრიაშვილმა "TV პირველთან" განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია მილანში ქონებას ფლობს და დირექტორი, დაახლოებით ერთი თვის წინ, კრიზისული სიტუაციის მოგვარების მიზნით გაემგზავრა. შესაბამისად, იქ საქმიანი შეხვედრების ფარგლებში იმყოფება.

  • საჩუქრები "სფერო ჰოლდინგისგან"

"მულტიფუნქციურმა კორპორაცია "სფერო ჰოლდინგმა“ მსოფლიოს N1 მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს, საჩუქრად პრემიუმ კლასის აპარტამენტი გადასცა!"- ამ სათაურით არაერთი ვიდეო იძებნება ინტერნეტში, რომელიც გვამცნობს, რომ 2024 წლის ივლისში გივი წულეისკირმა, როგორ გადასცა გიორგი მამარდაშვილის საქორწინო საჩუქრის სახით საცხოვრებელი ფართი სასტუმრო-კომპლექს "რივიერაში".

2024 წლის აგვისტოში საჩუქარი - საცხოვრებელი აპარტამენტი უკვე ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს გადასცა.