ავტორი:

ირაკლი ხმალაძის თქმით, არ ელოდება, რომ მისი საქმიანობით გამოძიება დაინტერესდება - რას აცხადებს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თანამდებობის დატოვების თაობაზე

ირაკლი ხმალაძის თქმით, არ ელოდება, რომ მისი საქმიანობით  გამოძიება დაინტერესდება - რას აცხადებს იუსტიციის მინისტრის  ყოფილი მოადგილე თანამდებობის დატოვების თაობაზე

"[თანამდებობიდან წასვლის] გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზნებიდან გამომდინარე", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე, ირაკლი ხმალაძე აცხადებს. როგორც ის "ფორმულასთან" ამბობს, საჯარო სამსახური დაასრულა.

"გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ დავასრულე სახელმწიფო სამსახურში მუშაობა.

კითხვები ჩემთან მიმართებით არაფერი ყოფილა, მხოლოდ მედიასაშუალებებს ჰქონდათ ხოლმე, ისიც არალოგიკური და გაურკვეველი კითხვები", - ამბობს ხმალაძე.

მისივე თქმით, არ ელოდება, რომ მისი საქმიანობით მომავალში გამოძიება დაინტერესდება.

"რომ იცოდეთ, დეკლარაციას ყოველ წელს ვავსებდი და ჩემს დეკლარაციას ამოწმებდა სპეციალური სამსახური ყოველწლიურად. ყოფილა შემთხვევა, რომ დამიშვია შეცდომა, ამაზე ჯარიმაც გადამიხდია, მაგრამ იმის მიღმა ჩემს დეკლარაციასთან ან ჩემს ქონებასთან მიმართებით კითხვები არ ჰქონიათ.

ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დეკლარაციაში შეცდომა ბევრს დაგვიშვია და მე, თუ არ ვცდები, ორჯერ მომიწია ჯარიმის გადახდა იმიტომ რომ არასწორად მქონდა მითითებული რაღაც“, - ამბობს ხმალაძე.

  • ცნობისთვის, ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ 10 ნოემბერს გამოსცა.

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 10 ნოემბრიდან“,- აღნიშნულია დოკუმენტში.