მედიის ცნობით, ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს თურქული ბიურო, თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აღინიშნება, რომ საუბარში ასადოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად არის ნებისმიერი საჭირო დახმარება გაიღოს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგების ლიკვიდაციისთვის. ასევე, ბაქო მზად არის, საგანგებო ვითარებების სამინისტროს შესაბამისი ჯგუფი გაგზავნოს საქართველოში საძიებო და სამაშველო ოპერაციებისთვის და სხვა საჭირო დამხმარე ზომები მიიღოს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქართულმა მხარემ მადლობა გამოთქვა ამ მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლები უკვე მუშაობენ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ტერიტორიაზე. საუბრის დროს ასევე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის საგანგებო ვითარებების სამინისტრო და ციფრული განვითარების სამინისტრო კონტაქტში იმყოფებიან ქართველ კოლეგებთან.
მხარეები ტრაგედიასთან დაკავშირებით კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 „ჰერკულესი“ ჩამოვარდა.
ის აზერბაიჯანის განჯის აეროდრომიდან აფრინდა და დაახლოებით რვა კილომეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, როდესაც დაბლა ვარდნა დაიწყო.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი C130 ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავია. უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით მიმდინარეობს.

ვრცელდება სხვა რაკურსით გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ვარდება კახეთში თურქული სამხედრო თვითმფრინავი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქული სამხედრო თვითმფრინავი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა C130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე თურქ კოლეგას სამძიმარი გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა სამძიმარი გამოუცხადა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, ბატონ იაშარ გიულერს.
სამძიმრის განცხადებაში წერია:
“ღრმად დამწუხრებული ვარ ინფორმაციით, რომ C130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთისკენ მიემართებოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა. ღმერთს ვთხოვ, შეინდოს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები, ვიზიარებ მათი ახლობლების მწუხარებას და მათ ოჯახებს ვუსამძიმრებ. ღმერთმა შეინდოს ისინი”, - ნათქვამია განცხადებაში.
წაიკითხეთ ასევე: