ავტორი:

"ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა" - რას წერს მედია ავიაკატასტროფაზე: ახალი დეტალები

"ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა" - რას წერს მედია ავიაკატასტროფაზე: ახალი დეტალები

მედიის ცნობით, ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა.

  • ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს თურქული ბიურო, თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით.

  • მომხდართან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განცხადება გაავრცელა.

"დღეს დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი C130 სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მოემართებოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა. ნამსხვრევებამდე მიღწევის ჩვენი მცდელობები ეროვნულ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში გრძელდება. ღვთის ნებით, ამ კატასტროფას მინიმალური დანაკარგებით გადავიტანთ. ღმერთმა შეინდოს ჩვენი დაღუპულები და მათთან ერთად ვიყოთ ჩვენს ლოცვებში,” - განაცხადა ერდოღანმა.

ფოტო არქივიდან: C-130 ფართოდ გამოიყენებოდა 7 თებერვლის მიწისძვრის შემდეგ, სამაშველო სამუშაოებში...

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აცხადებს, რომ თურქეთის მხარე საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით აკვირდება საძიებო-სამაშველო ოპერაციებს სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით.

„საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში დაბრუნების დროს ჩამოვარდა.ღმერთს ვთხოვ, შეინდობა მისცეს ჩვენს დაღუპულებს, მოთმინება მათ ოჯახებსა და ახლობლებს,” - წერს ფიდანი.

ცოტა ხნის წინ კატასტროფის ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, პირველ მოადგილესთან რონი მესხთან ერთად.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამისი სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებები.

გეკა გელაძემ, მოადგილესთან და სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ავიაკატასტროფის ადგილი დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოების თაობაზე უწყების შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებისგან არსებული ინფორმაცია მოისმინა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წაიკითხეთ ასევე: