ცნობილი ქართველი ფიტნესინსტრუქტორი და ინფლუენსერი, თიკო ყაველაშვილი, ქართველ-ინდოელ ომარ ამანზე დაქორწინდა. წყვილმა ქორწილი ჯერ ინდოეთში, ტრადიციული წესებით გადაიხადა, შემდეგ კი საქართველოში გრანდიოზული, ქართული ქორწილი მოაწყო. თუმცა, ქორწილის ფოტოების გავრცელებას სასწაული გამოხმაურება მოჰყვა - მიზეზი პატარძლის თამამი, დეკოლტირებული საქორწინო კაბა გახდა, რის გამოც თიკოს სოციალურ ქსელში ათასობით კომენტარი დახვდა.
თიკო ყაველაშვილი ჩვენთან საუბრობს სიყვარულის ისტორიაზე, კულტურათა შერწყმაზე და პასუხობს ყველა კრიტიკულ კომენტარს, რომელიც მისმა საქორწინო ჩაცმულობამ გამოიწვია.

ერთი ნახვით შეყვარება და ზღაპრული დასაწყისი
თიკოსა და ომარის სიყვარულის ისტორია სწრაფად და მოულოდნელად განვითარდა.
"მე და ომარი ერთმანეთს ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს, პირველ იანვარს, ჩვენი საერთო მეგობრის ოჯახში შევხვდით. ომარი დუბაიში ცხოვრობდა და სტუმრად ჩამოვიდა საახალწლოდ... მეგობარი სულ მეუბნებოდა, უნდა გაგაცნო და დუბაიში გაგათხოვოო. ამაზე მაშინ მეცინებოდა და ვერ აღვიქვამდი სერიოზულად, რადგან არ ვგეგმავდი არავისთან ურთიერთობას უახლოესი 2 წელი მაინც. თუმცა, შეხვედრამ ყველაფერი შეცვალა.

"გზაში თითქოს გული საგულედან მივარდებოდა, უცნაური შეგრძნობა მქონდა. შეხვედრისას ხელი გამომიწოდა: „გამარჯობა, მე ომარი მქვია“. ხელის შეხება და მის თვალებში ჩახედვა საკმარისი აღმოჩნდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ერთი ნახვით ადამიანის შეყვარებას შევძლებდი, მაგრამ ომარიმ ეს მოახერხა, მისი კეთილი თვალებით, სუფთა გულით, თბილი ღიმილით და მოწიწებით. 2 საათში ჩემი გეგმები სრულიად შეიცვალა. ჩემთვის იმღერა, პირველი ცეკვაც კი იმავე ღამეს გვქონდა. ეს დღე იყო ჩვენი ზღაპრული ურთიერთობის დასაწყისი, ქართველი გოგონა და ინდოელი ბიჭი დუბაიდან საქართველოში შეხვდნენ ერთმანეთს. ომარი საქართველოში მხოლოდ 10 დღით იყო ჩამოსული, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა. შობის სასწაული ღამე ერთად გაატარეს, რის შემდეგაც უკვე ოფიციალურად შეყვარებულები იყვნენ.

"შვებულება ამოეწურა და დუბაიში დაბრუნების დღე დადგა. თითქოს გულის ნაწილს ვუშვებდით სამყაროს სხვა მხარეს, თუმცა ვთვლიდით, რომ ეს ჩვენი სიყვარულის გამოცდა იყო. ომარი მაგ დღესვე არჩევდა ნიშნობის ბეჭედს, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მის ოცნების ქალს შეხვდა."
ინდური და ქართული ქორწილი: კულტურათა შერწყმა
ხელის თხოვნა 28 მარტს, ომარის დაბადების დღეზე, საქართველოში შედგა. ნიშნობის შემდეგ წყვილი ინდოეთში გაემგზავრა.
"ნიშნობის შემდეგ წავედით ინდოეთში, სადაც გავიცანი ომარის უსაყვარლესი მამა და მისი ოჯახი. პირველივე შეხვედრაზე მეგობრული, ჯანსაღი და იუმორით სავსე ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა... მეორე დღეს წავედით საოცარ ტაჯ-მაჰალში, გზაში ომარს მამა დაურეკა და უთხრა: „აღარ დავაგვიანოთ, ხვალვე გაგიკეთებთ ქორწილს, ეგ გოგო ის არის, ვინც უნდა იყოსო." პირველი ინდური ქორწილი 25 აპრილს შედგა, ტრადიციული წესების დაცვით.

"ულამაზესი ინდური ტრადიციული სამოსი მეცვა, გამიკეთეს ინდური სამკაულები, მომიხატეს ხელები, დამაწერეს ომარის სახელი ხელის გულებზე. ბავშვობაში რომ ინდურ ფილმებს ვუყურებდი, ის გამოცოცხლდა გონებაში... ბევრ ადამიანს აქვს დღეს სტერეოტიპი ინდოელებზე... მე ვნახე ინდოეთის ორივე მხარე, კარგიც და ცუდიც... ჩემი მეუღლის ოჯახი დელიდან არის და განსხვავდებიან სამხრეთ ინდოელები ყველასგან, რადგან თავიანთი წესები აქვთ."


"ჯვრისწერა და ქორწილი 25 ოქტომბერს გვქონდა. ჯვარი სამებაში დავიწერეთ. ომარი ქრისტიანია. ომარს ჰყავს შესანიშნავი დედიკო, ნათია, მადლობა მას, რომ ქართული ასწავლა ღრმა ბავშვობიდან, ხშირად ჩამოჰყავდა საქართველოში, ასწავლა ქართული კულტურა და ტრადიციები."
"ეს კაბა ჩემი სტილია": პასუხი აჟიოტაჟზე და კრიტიკაზე
ქართული ქორწილისთვის თიკომ ტრადიციული საპატარძლო კაბის საკმაოდ თამამი ვერსია შეარჩია, რასაც სოციალურ ქსელში ათასობით კომენტარი მოჰყვა. თიკო ამბობს, რომ არჩევანი მის თავისუფალ სტილს გამოხატავდა.
"ქორწილის ფოტოების დადების შემდეგ მაქვს მილიონობით ნახვა. როგორც ყველგან, ჩვენთანაც არის ნეგატიური ხალხი, რომლებმაც აღარ იციან თავიანთი წარუმატებელი ცხოვრების ღვარძლი სად გადაიტანონ... ეს კაბა ჩემი სტილია და იმიტომ შევიკერე ასეთი. ალბათ არ უნახავთ საქართველოში მსგავსი რამ და იმიტომ მაკრიტიკებენ" - ინფლუენსერი აღნიშნავს, რომ კრიტიკა მისთვის უცხო არ არის და მასზე იმუნიტეტი აქვს.

"ისეთები წერენ უხამს კომენტარებს, ვისზე მეტი განათლებაც მაქვს, შეგნებაც და დაგროვილი მიღწევებიც 27 წლის ასაკში. 7 წელია ინფლუენსერი ვარ, ყველანაირი საზოგადოება მყავს ნანახი, იმუნიტეტი მაქვს ნეგატივზე. არიან ხალხი, რომლებიც გაბოროტებულია და რაც თავად დააკლდა ცხოვრებაში, სხვაზე ბრაზდება. ჩემი ოჯახი არ მიკონტროლებდა არაფერს და ახლა მითუმეტეს ქმარი არ იზამს მაგას."

პროფესია და თავდაჯერებულობა, როგორც წარმატების გასაღები
თიკოს თქმით, მისი პროფესია, როგორც ფიტნესინსტრუქტორის, პირდაპირ კავშირშია მის მაღალ თვითშეფასებასთან და თავდაჯერებულობასთან.
"მე უკვე დუბაიში ვმუშაობ, ფიტნესინსტრუქტორად, ასევე ონლაინ ვავარჯიშებ ქართველებს და ემიგრანტებს. მეუღლეც მაქსიმალურად ხელს მიწყობს ყველაფერში. ჩემი პროფესია ძალიან მეხმარება თავდაჯერებულობაში, წლების წინ 30 კილოგრამი დავიკელი, მაშინ ამიმაღლდა თვითშეფასება და ფიტნეს ინსტრუქტორობაც მაშინ დავიწყე. არ უნდა უსმინო სხვების აზრს, რადგან ჩემი გამაჩნია".
ინტერვიუს დასასრულს, თიკო აღნიშნავს იმას, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასი აღმოჩნდა:

"უამრავი ადამიანი მწერს: "რაზეც მე ვოცნებობდი, ის შენ აასრულე, ის რომ ხალხის კრიტიკისა არ გეშინია" - ეს არის, რაც მიმიღია ყველაზე ძვირფასი. ახლა შემდგარი ქალი ვარ და პიროვნება. ისეთი რაღაცები მივიღე ცხოვრებაში, რასაც ვერ წარმოვიდგენდი. მადლობელი ვარ უფლის და მშობლების, ახლა უკვე ქმრის და მისი არაჩვეულებრივი ოჯახის."