ბრიტანეთის სასამართლომ ჟიმინ ციანის, ბრიტანეთის ისტორიაში უდიდესი ფულის გათეთრების სქემის მოწყობისთვის 11 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
100 000 ათასზე მეტმა ჩინეთის მოქალაქემ ჩადო საკუთარი სახსრები ციანის კომპანიაში, რომელიც მის თქმით, მაღალტექნოლოგიური პროდუქციის შექმნითა და კრიპტოვალუტის მაინინგით იყო დაკავებული. როგორ მოგვიანებით აღმოჩნდა, ჟიმინ ციანიმ ეს ფული უბრალოდ მიითვისა და ბიტკოინების შესაძენად გამოიყენა.

ჟიმინ ციანმა თავი ანტიკვარული ნივთებისა და ბრილიანტების კოლექციონერის მდიდარი მემკვიდრედ წარმოაჩინა და საცხოვრებლად ლონდონის ჰემპსტედ ჰითის გარეუბანში მდებარე სასახლე იქირავა, რომელშიც თვეში 17 000 ფუნტ სტერლინგზე მეტს იხდიდა.

თუმცა "კრიპტო დედოფლად" მონათლულ მილიარდერ თაღლითს ამბიციებიც გააჩნდა, უნდოდა "ლიბერლანდის სამეფოს" (დუნაის მახლობლად არსებული არაღიარებული მიკრო სახელმწიფო ) ლიდერი გამხდარიყო, სადაც ევროპაში ყველაზე დიდი ბუდისტური ტაძრის აშენებას გეგმავდა.
მაგალითად : ციურიხში 44 000 ფუნტი გადაიხადა ალმასის სამკაულებში, ჰაროდსში 90 000 ფუნტი დიზაინერულ ტანსაცმელში და 119 000 ფუნტი Van Cleef & Arpels - ის საათებში.
სწორედ ამბიციები გახდა ჟიმინ ციანის კრახის მიზეზი, ბრიტანეთის არისტოკრატიასთან დაახლოების მიზნით, ციანმა ძვირადღირებულ უძრავ ქონებაში დაიწყო ფულის დაბანდება და მაშინ ჩავარდა, როდესაც £23,5 მილიონად შეფასებული სასახლისა და £12,5 მილიონი ღირებულების მქონე სახლის შეძენას ცდილობდა. ბანკები ფულის წარმომავლობით დაინტერესდნენ, რასაც გამოძიების პროცესი მოჰყვა.


ფინასურმა პირამიდამ, რომელიც ჟიმინ ციანმა შექმნა ჯამში 120 000 ადამიანზე მეტი დააზარალა, მსხვერპლთა შორის იყვნენ რიგითი მოქალაქეები, მსხვილი კომპანიები და ჩინეთის მთავრობის წევრებიც კი. ჯამში კომპანიაში ჩადებულმა ინვესტიციებმა 40 მილიარდ იუანს გადააჭარბა. ციანი ჩინეთში ატარებდა პრეზენტაციებს და მსხვერპლს 300%-იანი მოგების დაპირებით ატყუებდა, შემდეგ სენტ-კიტსისა და ნევისის პასპორტი გააკეთა და ბრიტანეთში გაიქცა.
ექვსი წლის განმავლობაში საერთაშორისო ძებნაში მყოფი ქალი, რომელიც თავს "სიმდიდრის ქალღმერთს" უწოდებდა ბრიტანეთში იმალებოდა, მომსახურე პერსონალი კი — ძირითადად არალეგალი მიგრანტები მას ყოველ ახირებას უსრულებდნენ.
2018 წელს დაწყებულმა გამოძიებამ სკოტლანდ იარდი იმ ჩინურ თაღლითურ ინვესტიციურ სქემამდე მიიყვანა, რომელსაც ციანი 83 თანამზრახველთან ერთად ხელმძღვანელობდა.

2024 წლის აპრილში თაღლითი საკუთარ საწოლში აიყვანეს, დაკავებისას მან განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლება ცრუ ბრალდებებს უყენებდა, ფუფუნებაში ცხოვრება კი იმით გაამართლა, რომ მალე უნდა მომკვდარიყო და "ეს მისი ფულის დახარჯვის ბოლო შანსი იყო".
გამოძიების შედეგად, სამართალდამცველებმა საერთო ჯამში £5,5 მილიარდ ფუნტზე მეტი ღირებულების შვიდი ბიტკოინის საფულე აღმოაჩინეს — რაც მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი კრიმინალური კონფისკაციაა.
მოტყუებული ინვესტორები თანხების დაბრუნებასთან დაკავშირებით უკვე გეგმავენ სარჩელის მომზადებას, თავის მხრივ ბრიტანეთის მთავრობა ასევე ცდილობს ამოღებული თანხა სასამართლოს გზით შეინარჩუნოს. ბრიტანული კანონმდებლობით დანაშაულებრივი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ხელისუფლების განკარგულებაში გადადის, ამიტომ ჩინელ ინვესტორებს დიდი გარჯა მოუწევთ თავიანთი პრეტენზიების კანონიერების დასამტკიცებლად.