11 ნოემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 „ჰერკულესი“.
ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. გუშინვე კატასტროფის ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, პირველ მოადგილესთან რონი მესხთან ერთად. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებები.


თურქული მედია გარდაცვლილთა სახელებსა და გვარებს აქვეყნებს:
კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ინტერნეტრესურსის Flightradar24-ის საშუალებით დადგინდა, რომ თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი C-130E Hercule-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, სარეგისტრაციო ნომრით 68-01609,11 ნოემბრის დილას აფრინდა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან კაისერი და საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ჩაფრინდა აზერბაიჯანის სამხედრო აეროდრომზე განჯაში, სადაც დაყო დაახლოებით ორი საათი და დღის 14:19 სთ განჯიდან აფრინდა (რეისის ნომერი TUAF543), რომ ისევ საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ჩაფრენილიყო დისლოკაციის ადგილზე კაისერში...

მომხდარი კატასტროფის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა. პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა.
„გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო. ამ რთულ დროს, საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს თურქ მეგობრებს. ჩვენი ფიქრები მიმართულია დაღუპულებისკენ, მათი ახლობლებისა და ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ყველა პირისკენ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას თურქეთმა გუშინვე საძიებო-სამაშველო ჯგუფი და დრონი გამოგზავნა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წაიკითხეთ ასევე: