11 ნოემბერს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, კერძოდ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ოთხძრავიანი თვითმფრინავი C-130 "ჰერკულესი".
თურქეთის ეროვნულმა თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ უმძიმესმა ტრაგედიამ 20 თურქი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა სიკვდილის შესახებ სამწუხარო ამბავი სამხედრო წარმომადგენლებმა რეკორდულ დროში მიიტანეს ოჯახებამდე, რასაც თურქეთის სხვადასხვა პროვინციაში ცრემლისა და ტკივილის ემოციური სცენები მოჰყვა - ქვეყანაში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული.

ყველაზე ემოციური და გულში ჩამწვდომი დეტალი, რომელიც ტრაგედიის სიმძიმეს განსაკუთრებულად უსვამს ხაზს, ავიაციის ტექნიკური მომსახურების მთავარი სერჟანტის, ემრაჰ ქურანის მამასთან დაკავშირებული ამბავია. მუღლას პროვინციის ქალაქ მილასში მცხოვრებ ოსმან ქურანს შვილის დაღუპვა სამხედრო წარმომადგენელმა შემდეგი სიტყვებით ამცნო: "ოსმან ბიძია, შენ უკვე გმირის მამა ხარ, ჩვენი გული კი სამშობლოს სიყვარულით არის სავსე!"

37 წლის ემრაჰ ქურანი, რომელსაც 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა, ამ ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლია. მისი მშობლების სახლთან, ეკინანბარის უბანში, თურქეთის ეროვნული დროშა აღიმართა და სამგლოვიარო კარავი გაიშალა. ადგილობრივი ხელისუფლების უმაღლესი პირები, მათ შორის მუღლასა და მილასის მერები, ოჯახს პირადად ესტუმრნენ სამძიმრის სათქმელად.
საქართველოს-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდნილი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 20-ვე სამხედროს შესახებ სამწუხარო ამბავი თურქეთის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მათ ოჯახებს ეცნობა.
პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი გოქჰან ქორქმაზი: მისი დაღუპვის ამბავი სტამბოლის ბიუიუქჩექმეჯეს რაიონში მყოფ ოჯახს ეცნობა.
ავიაციის ტექნიკური მომსახურების უფროსი სერჟანტი ბერქაი ქარაქა (28 წლის): მისი ოჯახი ქირქლარელის პროვინციის ლულებურგაზის რაიონში ცხოვრობს. დაღუპულის მამა, ნედიმ ქარაქა, პენსიაზე გასული სერჟანტია.

ავიაციის ტექნიკური მომსახურების უფროსი მთავარი სერჟანტი ნური ოზჯანი (54 წლის): მისი დაღუპვის ამბავი ქარაბუქის პროვინციაში მყოფ მშობლებს, შაზიესა და მეჰმედ ოზჯანებს, საავადმყოფოში აცნობეს. ის დაქორწინებული იყო და ჰყავდა 2 შვილი.
ავიაციის ტექნიკური მომსახურების მთავარი სერჟანტი ილქერ აიქუთი: მისი ოჯახი თექირდაღის პროვინციის მურათლის რაიონში ცხოვრობს. მამამ, უნალ აიქუთმა, განაცხადა, რომ შვილს დავალებაზე გამგზავრებამდე, ერთი დღით ადრე ესაუბრა.
ქაისერის სამი გმირი: ქალაქ ქაისერიში სამი სამხედროს ოჯახი იღებს სამძიმარს.
ავიაციის პილოტი, მაიორი ნიჰათ ილგენი (38 წლის): დაღუპვის ამბავი მეუღლეს, ულქუს ეცნობა.
ავიაციის პილოტი, მაიორი სერდარ უსლუ (39 წლის): დაღუპვის ამბავი მეუღლეს, გოქნურ უსლუს აცნობეს. უმძიმესი დეტალია, რომ მაიორი უსლუს მეუღლე 7 თვის ორსულია.

ავიაციის ტექნიკური მომსახურების უფროსი მთავარი სერჟანტი ნური ოზჯანი: მისი ოჯახის ნაწილი ქაისერიში ცხოვრობს.
ავიაციის ტექნიკური მომსახურების უფროსი ლეიტენანტი ემრე მერჯანი (27 წლის): მისი ოჯახი ესქიშეჰირის პროვინციაში ცხოვრობს. დაღუპული მხოლოდ შარშან დაქორწინდა.
ავიაციის ტექნიკური მომსახურების უფროსი სერჟანტი ემრე ალთიოქი (32 წლის): მისი ოჯახი სამსუნის პროვინციაში ცხოვრობს. დაღუპულს ერთი შვილი ჰყავდა, ხოლო მისი მეუღლე ორსულადაა.

ავიაციის უფროსი სერჟანტი ბურაქ იბიი (28 წლის): მისი ოჯახი ჩორუმის პროვინციაში ცხოვრობს. ის ქაისერის მე-12 საჰაერო ტრანსპორტის ძირითადი ბაზის სარდლობაში მსახურობდა.
ავიაციის ტექნიკური მომსახურების უფროსი სერჟანტი ილჰან ონგანი (31 წლის): მისი ოჯახი ბილეჯიქის პროვინციაში ცხოვრობს. ის ამასიის მერზიფონის მე-5 საჰაერო ძირითადი ბაზის სარდლობაში მსახურობდა.
ავიაციის ტრანსპორტირების სპეციალისტი სერჟანტი ემრე საინი (40 წლის): მისი ოჯახი ბალიქესირის პროვინციაში ცხოვრობს.
ავიაციის მომარაგების უფროსი სერჟანტი აჰმეთ იასირ ქუიუჯუ (25 წლის): მისი ოჯახი ქონიეს პროვინციაში იღებს სამძიმარს. ისიც ამასიის მერზიფონში მსახურობდა.

ავიაციის პილოტი, უფროსი ლეიტენანტი ჯუნეით ქანდემირი: მისი ოჯახი ანკარაში ცხოვრობს. მამამისის ადილ ქანდემირის სიტყვებმა საზოგადოება შეძრა:
"ჩემი შვილი გმირია... მშობლოსთვის მეც კი წავალ საბრძოლველად". მან დაადასტურა, რომ თვითმფრინავი აზერბაიჯანის სამხედრო ცერემონიალიდან ხალხის ჩამოსაყვანად მიემგზავრებოდა.
ავიაციის ტექნიკური მომსახურების მთავარი სერჟანტი ჰამდი არმაღან ქაფლანი: მისი ოჯახი ამასიის პროვინციის გიუმიშჰაჯიქიოის რაიონში იღებს სამძიმარს. ის დაქორწინებული იყო და 2 შვილი ჰყავდა.

ავიაციის პილოტი, მაიორი სერდარ უსლუ (39 წლის): მისი მშობლები ბურსას პროვინციის იენიშეჰირის რაიონში ცხოვრობენ. (აღსანიშნავია, რომ სერდარ უსლუს დაღუპვის ამბავი მის მეუღლეს ქაისერიში, მშობლებს კი - ბურსაში ეცნობა).
ყველა დაღუპული სამხედროს საცხოვრებელ სახლებსა და ქუჩებში თურქეთის ეროვნული დროშა ფრიალებს. გარდაცვლილების სახლებთან სამგლოვიარო კარვებია გაშლილი და დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები სამძიმარს იღებენ - "თურქეთი თავის გმირებს ემშვიდობება", - წერს თურქული მედია.
იხილეთ ასევე: