კასპის წმინდა გიორგის ტაძრის და ე.წ საზღვრისპირა სოფლების ღვთისმსახური, მღვდელი ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში წერს;
"ზედგენიძე არც დიდებული იყო, არც გიორგი მერვეს მცველი, მის შვილებს მისცეს ამილახვრობა. მაგრამ რომ გაიგო მეფეს ლიკვიდაციის საფრთხე რეალური იყო, იოთამი დარჩა მის კარავში... ის მოკლეს. რატომ გააკეთა ეს? იმიტომ რომ ქვეყნის პირველი პირისგან, გრძნობდა სამშობლოზე თუ პირად მამობრივ ზრუნვას. იცოდა რომ მეფის სიკვდილით, შეუძლებელი გახდებოდა საქართველოს გაერთიანება. ასეთი ხელისუფალი აქაც ბედნიერი იყო და იმ ქვეყნადაც. როცა ისტორიას ეხები, პარალელებს შენს ეპოქასთან ავლებ ხომ.
დღეს ვინ გაწირავს თავს პირველი პირისთვის? ერის უმრავლესობა უკმაყოფილოა... და თუ არ ეშინია, წყევლის და აგინებს. რადგან არის საოცრად არათანაბარი ცხოვრება. საქართველო იცლება ქართველებისგან. შობადობას სიკვდილიანობამ გადაასწრო. სასტიკად სცემეს პროტესტის უამრავი მონაწილე. გვისახლებენ და თავზე გვასვამენ ისტორიულ მტრებს რუსებს, არაბებს...
სათავეში მყოფებს სასახლეები აქვთ, ზოგს თან რამდენიმე, სახლში სახარჯოდ მილიონები უდევთ და დანარჩენი საზოგადოება როგორაა?
ჩემ ოჯახზე ვიტყვი. ჩემი წინა თაობები სულ შრომობდნენ. მეც ორი უმაღლესი დავამთავრე, ვშრომობდი. მაინც ვერაფერს მოვეწიეთ. ამდენი წელი 9 კვადრატში მყავს მეუღლე და 4 ბავშვი, იმიტომ რომ მეტს ვერც ვაკეთებდი და ვერც ვათბობდი. გაიზარდნენ, ვეღარ ეტევიან, სესხი ავიღეთ, ვითომ გვიხარია, - უი, რა კარგია დამატებით ოთახებს ვაკეთებთ და რა, 2035 წელში უნდა დავამთავრო გადახდა. ადამიანი დღეს ხარ, ხვალ აღარ, ათ წელში რა მომივა, ვინ იცის, რით უნდა იხადონ ამ პატარებმა. ჩვენი შვილებისთვის არ არსებობს კურორტები და მოგზაურობა. წელს, ბათუმში, ერთი დღით ის ბავშვები რომ წავიყვანე, ვისაც ზღვა არასდროს ჰქონდა ნანახი, აღმოჩნდა, რომ ყველა მშობელიც მაშინ მოხვდა პირველად ზღვაზე.
მიკროავტობუსში ადგილი რჩებოდა, ჩემი შვილებიც წავიყვანე და მათაც პირველად ნახეს ზღვა. რატომ? იმიტომ რომ 30 წელია ერთ წრეზე ვართ, წესი და ტრადიციად გახდა რომ ერთეულებს ყველაფერი უნდა ჰქონდეთ და უმრავლესობას არაფერი".