ავტორი:

კორუფციული სკანდალი ზელენსკის გარემოცვის გარშემო: ვინ არის დაკავებული ტიმურ მინდიჩი - "პრეზიდენტთან მეგობრობას დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდა"

კორუფციული სკანდალი ზელენსკის გარემოცვის გარშემო: ვინ არის დაკავებული ტიმურ მინდიჩი - "პრეზიდენტთან მეგობრობას დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდა"

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ენერგეტიკის სექტორში გამოავლინა კორუფციული სქემა, რომელიც 100 მილიონი დოლარის გათეთრებულ თანხებს მოიცავდა. მათი ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დააკავეს და შვიდ სხვას ბრალი წაუყენეს.

ანტიკორუფციული ბიუროს მტკიცებით, კორუფციული სქემა უკრაინული ატომური ელექტროსადგურების ოპერატორი კომპანია "ენერგოატომის" საშუალებით ხორციელდებოდა, რომლის 100% იანი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის.

  • გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულთა შორის უკრაინის მთავრობის ოთხი წევრია, ბრალი აქვს წაყენებული ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოეს მოკავშირესა და ბიზნესპარტნიორს ტიმურ მინდიჩს.

მინდიჩი არის მედია-კომპანია "კვარტალ 95"-ის თანამფლობელი — სწორედ ეს სტუდია დააარსა ზელენსკიმ, სანამ პოლიტიკაში გადაინაცვლებდა და პრეზიდენტი გახდებოდა.

  • გამომძიებლების თქმით, მინდიჩის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები წარმოადგენს ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური თაღლითობისა და გაფლანგვის მორიგ ეპიზოდს.

"მინდიჩი აკონტროლებდა ენერგეტიკის სექტორში დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულის დაგროვებას, განაწილებასა და ლეგალიზაციის პროცესს, მან დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებისთვის გამოიყენა ის მეგობრული ურთიერთობა, რაც უკრაინის პრეზიდენტთან აკავშირებდა" - ნათქვამია სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (САП) განცხადებაში.

საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ აბაკუმოვმა უკრაინის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ მინდიჩმა ქვეყანა რეიდებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.

ბრალი ასევე წაუყენეს უკრაინის იუსტიციის მინისტრ გერმან გალუშჩენკოს, რომელიც ადრე, ოთხი წლის განმავლობაში ენერგეტიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. პროკურატურის განცხადებით, გალუშჩენკომ მინდიჩისგან ენერგო სფეროში ფულადი ნაკადების კონტროლის სანაცვლოდ მნიშვნელოვანი “პირადი სარგებელი“ მიიღო.

გერმან გალუშჩენკო და ტიმურ მინდიჩი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გამოძიების მსვლელობის პროცესში გერმან გალუშჩენკო დროებით გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან.

ენერგეტიკის სექტორიდან ფულის გაფლანგვაზე ბრალდებებმა, განსაკუთრებით ენერგოკრიზისისა და მუდმივი თავდასხმების ფონზე, საზოგადოებაში მძაფრი აღშფოთება გამოიწვია.

სისტემური კორუფციის აღმოფხვრა ევროკავშირში უკრაინის წევრობის განაცხადის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად რჩება — და ნებისმიერმა დაბრკოლებამ ამ მიმართულებით შესაძლოა, შეაფერხოს გაწევრიანების პროცესი.

ზაფხულში ზელენსკიმ მძაფრი კრიტიკა მიიღო როგორც უკრაინაში, ისე ბრიუსელში, მას შემდეგ რაც სცადა ორი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სტრუქტურა — НАБУ-სა და САП - ოზე — მთავრობის კონტროლი დაემყარებინა.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: