აშშ-ის სივრცითი დაზვერვის კომპანია Vantor-ის მიერ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები განადგურებულ შენობებს ასახავს, რომლებიც დონეცკის ყოფილი მთავარი აეროპორტის ტერიტორიაზე არის განლაგებული.


აეროპორტი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 20 მილის მოშორებით მდებარეობს, მან ფუნქციონირება 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონზე თავდასხმის შემდეგ შეწყვიტა. ტერიტორიაზე დრონების გამშვები პოზიციების მშენებლობა მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში დაიწყო და მომდევნო თვეებში ინფრასტრუქტურის გაფართოებით გაგრძელდა.

უკრაინის სამხედრო ძალებმა დაადასტურეს, რომ ღამით დრონებისა და რაკეტების გამოყენებით რუსულ ბაზაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს, რასაც იმ ობიექტებზე, სადაც რუსული მხარე “შაჰედის“ ტიპის დრონებს ინახავდა აფეთქებების მთელი სერია მოჰყვა.


“ზუსტად თქმა შეუძლებელია, რამდენი დრონი დაკარგეს, მაგრამ გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ ზიანი მნიშვნელოვანი იყო" - აცხადებს დიდი ბრიტანეთის “Centre for Information Resilience“-ის მკვლევარი კაილ გლენი.
აეროპორტი გაცილებით ახლოს მდებარეობს ფრონტის ხაზთან, ვიდრე სხვა ცნობილი დრონების ბაზები, რომლებიც ჩვეულებრივ რუსეთის ტერიტორიაზე უფრო ღრმადაა განთავსებული. ანალიტიკოსთა თქმით, დონეცკის ბაზის მსგავსი ადგილმდებარეობა ამცირებს უკრაინის საჰაერო თავდაცვითი სისტემების რეაგირების დროს, თუმცა მათი ფრონტთან სიახლოვე ასევე ზრდის მოწინააღმდეგის მხრიდან თავდასხმის რისკსაც.