სამწუხაროდ, სანამ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება შესაძლებელს გახდიდა, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება კონკრეტულ ჯგუფებზე მომხდარიყო, ისინი მის ბლანკეტურად შეჩერებას განიხილავდნენ - ზოგიერთი მათგანისთვის, ჩვენგან გახდა ცნობილი, რომ შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქისთვის უვიზო მიმოსვლა გადავარჩინოთ, ახლა ყველა ამ უკანასკნელ მიდგომას ემხრობა,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ბოლო პერიოდში, განსაკუთრებულად გააფთრებულია სამთავრობო პროპაგანდა, მათ შორის, ჩემ წინააღმდეგ, თითქოს, მე ოდესმე რომელიმე საერთაშორისო პარტნიორს მოვუწოდებდი ან ვემუშავებოდი იმისთვის, რომ საქართველოს გაუჩერონ უვიზო მიმოსვლა. ეს არის ტყუილი, მტკნარი სიცრუე. ეს არაჩვეულებრივად იცის ასინეთა მდინარაძემ და ე.წ. ხელისუფლების ყველა წევრმა იმიტომ, რომ ისმენენ და თვალყურს ადევნებენ ჩვენს თითოეულ მოძრაობას. ძალიან კარგად იციან, რა არის სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ ევროპის, პრაქტიკულად, ყველა დედაქალაქი მოვიარე იმისთვის, რომ პარტნიორებს ვეხვეწოთ, საქართველოს არ გაუუქმონ უვიზო მიმოსვლა. ეს მაშინ, როდესაც რეჟიმი ახდენს დიქტატურის კონსოლიდაციას.
მადლობა ღმერთს, აღნიშნული შესაძლებელი გახდა პოლონეთის პრეზიდენტობის პირობებში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას არა საქართველოს ყველა მოქალაქეზე ე.წ. ბლანკეტური წესით, ანუ რაც ყველაზე ვრცელდება, არამედ, ე.წ. ტარგეტირებული ანუ შერჩევითი წესით მხოლოდ რეჟიმის წევრებზე. ამასთან, პროპაგანდისტებზე, ე.წ. ფინანსურ ელიტაზე, ე.წ. მოსამართლეებზე, რომლებსაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები გამოაქვთ. ასევე, ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე და არა საქართველოს რიგით მოქალაქეზე. თუ ასინეთა მდინარაძეს ერთი მტკიცებულება მაინც აქვს ან ჩემი ზეპირსიტყვიერი კომუნიკაციის, ან ჩემი წერილობითი კომუნიკაციის, სადაც მე საპირისპიროს ვამბობ, ძალიან გთხოვთ თქვენც, მოსთხოვოთ ამგვარი მტკიცებულების წარმოდგენა. წარმოადგინოს ან აღიაროს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ატყუებს პირადად, ჩემ წინააღმდეგ ბინძური კამპანიის გაჩაღების მიზნით.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული უკვე საჯარო დისკურსის ნაწილია, შემიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ, სანამ პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მიღებული ევროპარლამენტის გადაწყვეტილება შესაძლებელს გახდიდა, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება მომხდარიყო მიზნობრივად, კონკრეტულ ჯგუფებზე, ისინი უვიზო მიმოსვლის ბლანკეტურად შეჩერებას განიხილავდნენ. მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთი მათგანისთვის, ჩვენგან გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქისთვის უვიზო მიმოსვლა გადავარჩინოთ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებზე მოხდეს აღნიშნულის გავრცელება. ახლა, მინდა გითხრათ, რომ ყველა ამ უკანასკნელ მიდგომას ემხრობა და არა იმას, რომ აღნიშნული მექანიზმის შეჩერება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. მე პირადად და "ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო გუნდს დიდი ძალისხმევა აქვს ჩადებული, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის გადარჩეს“,- განაცხადა ბოკუჩავამ.