ავტორი:

"სანდო ადამიანმა მთხოვა, რომ ჩემი ძმებისთვის ნიმუში ჩამებარებინა" - მერაბ შარიქაძე დოპინგ სკანდალსა და დისკვალიფიკაციაზე: ის რაგბის ნაცვლად, უკვე MMA-ს ოქტაგონზე მოსინჯავს ძალებს

"სანდო ადამიანმა მთხოვა, რომ ჩემი ძმებისთვის ნიმუში ჩამებარებინა" - მერაბ შარიქაძე დოპინგ სკანდალსა და დისკვალიფიკაციაზე: ის რაგბის ნაცვლად, უკვე MMA-ს ოქტაგონზე მოსინჯავს ძალებს

ამ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ახალი MMA ორგანიზაცია "რკენა“ დაფუძნდა, რომლის მიზანია ახალი ტალანტების აღმოჩენა, მათი განვითარება და საერთაშორისო არენაზე გასვლისთვის მომზადება. როგორც ცნობილი გახდა, "რკენას“ პირველი ღონისძიება Fight Night 29 ნოემბერს გაიმართება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იქნება საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც MMA-ში სადებიუტო ბრძოლას გამართავს.

ორგანიზაციის ცნობით, შარიქაძის შესახებ მომზადდება მოკლე დოკუმენტური ფილმიც, სადაც სპორტსმენის კარიერული გადანაცვლება რაგბიდან MMA-ში სრულად აისახება. "რკენა“ გეგმავს Fight Night-ების სერიას, რომლებიც პირველ ეტაპზე საქართველოში ჩატარდება, შემდგომ კი მიზანი უკვე საერთაშორისო ბაზარზე გასვლაა.

Setanta Sports Georgia -მ ინტერვიუ ჩაწერა მერაბ (ბუკა) შარიქაძესთან, რომელმაც ისაუბრა, როგორც მომავალ ბრძოლაზე, ასევე თავს გადახდენილ დოპინგ სკანდალზე, რაგბიში დისკვალიფიკაციასა და დედაზე, რომელიც შვილის რაგბის მოედანზე დაბრუნებაზე ოცნებობდა.

გთავაზობთ ამონარიდებს ვიდეო ინტერვიუდან:

  • "რაგბი ცხოვრების ტოლფასი იყო... ჩემი ნიმუში ძმებმა გამოიყენეს!"

6-წლიანი დისკვალიფიკაცია, კარიერის იძულებითი დასასრული - საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ლეგენდარულმა კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ორწლიანი დუმილი დაარღვია და რეალური მიზეზები დაასახელა იმ სკანდალის, რომელმაც ქართული რაგბის გულშემატკივარი შოკში ჩააგდო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი 2024 წელს, მოულოდნელად, ფიჯისთან მატჩის წინ, დაისაჯა. ხმები დოპინგის თაობაზე მალევე გავრცელდა, მაგრამ არავინ იცოდა, რა იმალებოდა ოფიციალური დუმილის მიღმა. როგორც ირკვევა, მას დისკვალიფიკაცია შარდის ნიმუშის გაცვლისთვის მიუსაჯეს, ანუ მისი "სუფთა ნიმუში" ნაკრების სხვა მორაგბეებმა გამოიყენეს!

შარიქაძეს, რომელსაც სამ მსოფლიო თასზე აქვს ნათამაშები და ეროვნული მაისური 100-ზე მეტჯერ მოირგო, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ 6-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

"ცხოვრებაში დოპინგი არ მიმიღია, ჩილიმიც არ მომიწევია და დოპინგი რანაირად იქნებოდა. როცა მითხრეს, შარდის გაცვლას გედავებიანო, გამაჟრიალა. ჩემი ნიმუში გამოიყენეს სხვა მორაგბეების ნიმუშების მაგივრად... ჩემთვის სანდო ადამიანმა მთხოვა, რომ ჩემი ძმებისთვის ნიმუში ჩამებარებინა და რას ვეტყოდი, შარდს არ ჩავაბარებდი?!" - აღიარა მორაგბემ.

მისი თქმით, ეს "სისულელე" იმ "ჩაკეტილ წრეში" მოხდა, რომელშიც თავად და ის მორაგბეები არიან, რომლებმაც ნიმუში გამოიყენეს.

მან არ დაასახელა არც ეს ადამიანები და არც ის პიროვნება, ვინც, მისი ვარაუდით, ეს ამბავი მიტანა ანტიდოპინგურმა სააგენტომდე... "ვისაც ჩავაცვი, მან გამხდა, ისე, როგორც დათა თუთაშხია ამბობს..." - დასძინა დანანებით შარიქაძემ.

"მხოლოდ ერთ ადამიანთან აღარ მაქვს ურთიერთობა, დანარჩენი ყველასთან მაქვს კონტაქტი. ორი ჩემი საუკეთესო ძმაა და ყველაფერზე წამსვლელები არიან, ნერვიულობისგან კინაღამ მოკვდნენ. ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ ამ სისულელეში როგორ მოვყევი. ნეტავ რაგბის კავშირში სცოდნოდათ, ეს ამბავი ჩაკეტილ წრეში მოხდა და სხვების დასახმარებლად გავაკეთე. ერთ-ერთი მორაგბის შარდის ფორმულა არ დაემთხვა ძველ ნიმუშს, მერე კი ვიღაცამ მისცა ინფორმაცია, რომ ჩემი შარდი იყო გამოყენებული", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, მას დისკვალიფიკაციისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, გარიგება შესთავაზეს - ჯაშუშობა ან სხვა მორაგბეების მხილება...

"ეგეთი არც რაგბი მინდა და არც ცხოვრება. ისე დამენგრია ვინმესთვის ცხოვრება, როგორც მე დამენგრა".

  • "დედაჩემი აღარ არის..."

მერაბისთვის კარიერის ტრაგიკული დასასრული გაცილებით დიდი, პირად ტრაგედიად იქცა. მან ოჯახს ამბავი მხოლოდ მაშინ უთხრა, როდესაც მატჩის წინ ნაკრების შემადგენლობა გამოქვეყნდა.

"ეს ამბავი ყველაზე მტკივნეულად დედაჩემმა მიიღო... დედაჩემის ცუდად გახდომას ჩემს ამბავს ვუკავშირებ... ვამბობდი, რომ უარესებიც ხდება და მთავარია, რომ ყველაფერი კარგად მყავდა. სამწუხაროდ, უარესიც მოხდა. დედაჩემი აღარ არის".

შარიქაძემ სახლში დედას კედლიდან მისი ფორმებისა და სურათების ჩამოხსნა სთხოვა, რის შემდეგაც კედელი მართლაც ცარიელი დახვდა. ყველაზე ემოციური კი საფულეში ნაპოვნი დედის წერილი აღმოჩნდა:

"ღმერთო, გთხოვა, ბუკა დააბრუნე მოედანზე, კაპიტნად". თვითონ ტკივილს ვერ გაუძლო და მაინც ჩემს კარიერაზე ფიქრობდა ბოლო მომენტამდე..." - ამბობს მერაბი.

  • რაგბის მოედნიდან ოქტაგონზე

სარაგბო ცხოვრების ტრაგიკული დასრულების შემდეგ, ბუკა აპირებს შანსი ახალ სპორტში სცადოს. მას MMA ორგანიზაცია "რკენამ" ორთაბრძოლა შესთავაზა.

პირველად რინგზე გასვლა 29 ნოემბერს მოუწევს. მისი მეტოქე კი პოლონელი პატრკ კონტნი იქნება.

"არ მინდოდა ჩემი ამბის მოყოლის შემდეგ, ეს ისტორია ასე დასრულებულიყო. შესაბამისად, "რკენაში" მონაწილეობა მაძლევს ჩემი შესაძლებლობის გამოჩენის საშუალებას",- აცხადებს შარიქაძე.

მერაბი გულშემატკივრებს სთხოვს, ახლა უკვე ოქტაგონზე უქომაგონ მას, ვინც მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა... მას ბრძოლა არც ახალ სარბიელზე გაუჭირდება!

  • ვინ არის ბუკას რჩეული?

32 წლის მერაბ შარიქაძე შეყვარებულია. მისი რჩეულია მშვენიერი ანანო კალაძე. წყვილი უკვე რამდენიმე წელია ერთად არის და ერთობლივ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს.